ჭეშმარიტება

posted Jan 19, 2016, 11:34 PM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 9:47 AM ]
ტრადიციულად ჩემს აზრს მოგახსენებთ ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ თქვენთან ერთად გამოვიკვლევ გლობალურ გამოცდილებას. აქ აუცილებლად მსურს ავღნიშნო, რომ არასოდეს წინასწარ არ ვეცნობი თემას, რომელზეც ვწერ. ვფიქრობ ეს ხელს შემიშლის ზუსტად გადმოვცე მხოლოდ ჩემს დაკვირვებაზე დაფუძნებული აზრები. მაქვს წინასწარი მოლოდინი, რომ ეს პოსტი ერთ–ერთი სუსტი იქნება სხვა პოსტებს შორის. სიმართლე რთული საკითხია. მე არა ვარ დამოუკიდებელი შემფასებელი, რადგან მეც ჩემი სიმართლე მაქვს. ქვეყანაზე ამჟამად 7 მილიარდზე მეტი სიმართლეა. ყველა ადამიანი სამყაროს თავისებურად ხედავს. სინამდვილეში ჩვენ პარალელურ სამყაროებში ვცხოვრობთ. კონსენსუსი საზოგადაოებაში იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ხალხის უმრავლესობა რაღაც საერთო სიმართლეს ქმნის. ფსიქოლოგიაში ჩაუხედავი ადამიანისათვის ალბათ რთული გასაგებია რაზე ვსაუბრობ, ამიტომ უნდა განვმარტო. ჩემი ძვირფასო მკითველო, საქმე ისაა, რომ სინამდვილე როგორია არავინ იცის. ცნობილი ფილმი მატრიცა ამის მშვენიერი განსახიერებაა. ერთადერთი რაც შეგვიძლია ვამტკიცოდ ჩვენი აზროვნებაა. მოგახსენებთ, როგორ მუშაობს ეს აზროვნება. აზროვნება იკვებება გარეგანი და შინაგანი სიგნალებით ანუ ინფორმაციით. მაგალითად, თვალი აწვდის ინფორმაციას ტვინს, რომ ხედავს ვიღაცის სახეს. ტვინი თავისი მხრივ შესდგება მრავალი განყოფილებისაგან, რომელიც ამ ინფორმაციის დამუშავებაში მონაწილეობენ. წარმოიდგინეთ დიდი შენობა, სადაც წერილი შევა. ჯერ რეგისტრატურა ამუშავებს მას, შემდეგ კანცელარიას გადასცემს, შემდეგ ხელმძღვანელის რეზოლუციას ელოდებიან და სულ ბოლოს მიდის იმ პირთან ვინც უშუალოდაა პასუხისმგებელი ამ ინფორმაციის დამუშავებაზე. ჩვენი გონება ზუსტად ასეა მოწყობილი, ესაა დიდი ორგანიზაცია, სადაც ყველა თავის უბანზეა პასუხისმგებელი და საერთო საქმეს ემსახურება. ფაქტი, რომ ეს მუშაობა წამის მეასედებში სრულდება მხოლოდ იმის ნიშანია რომ მაგარი ტვინი გვაქვს და არა იმის რომ იქ სხვა რამე ხდება. ახლა სიმართლეს რომ დავუბრუნდეთ. დავუშვათ, რომ წერილში ზუსტი ინფორმაციია გარესამყაროზე. გარდა იმისა, რომ ყველა თანამშრომელმა შეიძლება გარკვეული შენიშვნა დაუმატოს წერილს, არის კიდევ ხელმძღვანელი ხომ. ხელმძღვანელს აქვს თავისი მიზნები, თუ როგორ წარმართოს ორგანიზაციის მუშაობა. თუ წერილში წერია, რომ ახლოვდება ტაიფუნი, ხელმძღვანელი არ დაავალებს ინფორმაციის დამმუშავებელს განგაში ატეხოს შენობაში. ამის ნაცვლად, ის დაავალებს ქვეშემდომს ისე მიაწოდოს ინფორმაცია ყველა თანამშრომელს, რომ მათ შენობა პანიკის გარეშე, ორგანიზებულად დატოვონ. ამ მიზნით ქვეშემდომმა შეიძლება საერთოდ არ ახსენოს ტაიფუნი და თანამრომლებს უთხრას, რომ შენობაში ჩასტარებელია გადაუდებელი სამუშაოები და საჭიროა მისი ნელ–ნელა დაცლა. ასეთ ვითარებაში, დაწესებულებას საერთოდ არ ეცოდინება, რომ ტაიფუნი ახლოვდება. მაგალითიდან ჩვენს სხეულს რომ დავუბრუნდეთ, თვალმა რომც დაინახოს საფრთხე ჩვენ შეიძლება დიდხანს ვერ შევიტყოთ მის შესახებ ჩვენი გონების დაცვითი მექანიზმების გამო. შესაბამისად, მიღებული სიგნალის გადასხვაფერების (искажение) საშუალება არსებობს. რა დროს და რა ვითარებაში იყენებს მას ტვინი ჩვენ არ ვიცით, რადგან ჩვენთან უკვე სახეცვლილი სიგნალი მოდის. ერთხელ ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. ჩავიწერე ვიდეო, სადაც თავს ვუყვებოდი ჩემს ცუდ ხასიათზე. მერე ვნახე ეს ვიდეო და დავრწმუნდი, რომ მართლაც ცუდად გამოვიყურებოდი. გამოხდა ხანი. დავდექი საუკეთესო ხასიათზე და შემომეპარა ეჭვი ეს ვიდეო გადამემოწმებინა. 10 წუთი შეშინებული და გახევებული ვიჯექი. ვიდეოში ცუდი ხასიათის ნიშან–წყალიც კი არ მეტყობოდა. ეს იყო კატასტროფა. მოჩვენების ძალა ისე მძაფად და აშკარად ვიგრძენი ამ დროს, რომ სიცოცხლის შემეშინდა. ჩვენ ყველანი ილუზიაში ვცხოვრობთ, ეს ხომ უბედურებაა?! მეტიც, არსებობს მთელი ქვეყნები, სადაც ხალხი ილუზიაში ცხოვრობს. არა ჩრდილოეთ კორეის ხსენება ძალიან იოლი იქნებოდა ამ დროს. ჩვენ ვართ ასეთი ქვეყანა. იმდენი ხანი ვიწამლებოდით კომუნისტური იდეოლოგიით, რომ დღესაც არ გვესმის ის ღირებულებები, რასაც თავისუფალი სამყარო ქადაგებს. დაუკვირდით საკუთარ თავს; გულის სიღრმეში გჯერავთ თუ არა ადამიანის უფლებების? თავისუფლების? ინდივიდუალიზმისა და ინიციატივის? არადა სწორედ ეს საბაზისო ცნებებია, რომელსაც დასავლეთი ეფუძნება. ჩვენ ფსიქოთერაპევტებს ხშირად დაგვცინიან უცნაურობების გამო. თვითონ ფსიქიკაა ისეთი უცნაური, რომ შლის საზღვრებს რეალობასა და ილუზიას შორის, ნორმალურსა და არანორმალურს შორის. ერთი კვანტური ფიზიკის მეცნიერი ამბობდა, მას შემდეგ რაც ამ საგანს შეისწავლი სამყარო აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორსაც მანამდე ხედავდი. ასე ვართ ჩვენც, ფსიქიკის საიდუმლოებებში ჩახედული ხალხი. სამყარო აღარასოდეს იქნება ჩვენთვის ისეთი მარტივი, როგორც მანამდე გვეგონა. სინამდვილე უთუოდ არსებობს, მაგრამ ის არაა მოცემულობა. იმისათვის რომ სიმართლე გავიგოთ, უნდა ვიშრომოთ. სიმართლე აღმოჩენაა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა თვითონ უნდა გავაკეთოთ. ნუ გიკვირთ თუ სხვას თქვენი არ ესმის, რადგან ის სულ სხვაგვარად ხედავს სიმართლეს. თუ მას არ მიაკვლიეთ, ვერასოდეს იტყვით, რომ მართალი ხართ. ვიდეო, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, თქვენც შეგიძლიათ ჩაიწეროთ და სხვა დროს გადაამოწმოთ. ვგონებ დიდად განცვიფრებული დარჩებით.

ახლა მსურს მოგახსენოთ, რატომ ხედავს გარემოს ყველა თავისებურად. ყველა ადამიანს საკუთარი მიზნები და ამოცანები აქვს, ყველას თავისი უნიკალური შიშები აქვს, ყველას განუმეორებლად აღქმული ტრავმები, სიხარულები და სიამოვნებები აქვს. სამყარო იმდენად არასტაბილურია, რომ ყველა ადამიანს თავისებურად აწვდის ინფორმაციას. ერთ წამში რომ სხვა ვითარება იყო, მეორე წამს უკვე შეცვლილია და ეს მეორე ადამიანი უკვე სხვა ინფორმაციას იღებს. ერთი სიტყვით, ისეთი სტაბილური ქაოსია, რომ მრავალფეროვნებას არაფერი ემუქრება. ამ მრავალფეროვნების შედეგია ჩვენი აზრთა სხვადასხვაობა, დემოკრატია, დისკუსი და კონსენსუსი. სხვათა აზრის მოსმენა იმიტომ არის საჭირო, რომ ჩვენი შეხედულებები გადავამოწმოთ. უნდა ვიყოთ მუდმივ ძიებაში რა არის სწორი გადაწყვეტილება სინამდვილეში. ჩვენი მეთოდის სახელად ვიზიო ტყუილად არ ამირჩევია. ვიზიოს ორმაგი დატვირთვა აქვს; ერთი ის, რომ ადამიანი თავის შეხედულებებს გადაამოწმებს და მეორე, რომ თვითონ შეხედულებებითვე ახერხებს ამას. კერძოდ, საკუთარ თავს სხვისი თვალით შეხედავს და მისი სიმართლეს ეზიარება. ასეთი სავარჯიშოების მრავალი კუთხითა და ვარიაციით შესრულება საბოლოოდ გვაბრძენებს. ჩვენი თვალსაწიერი ფართოვდება და აღარ ვართ ისეთი ჯიუტნი, როგორც ოდესღაც ვიყავით. ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვიმსჯელოთ საკუთარ შეხედულებებზე, სურვილებზე, საჭიროებისამებრ შევცვალოთ და ახლად აღმოჩენილ რეალობას შევუსაბამოდ იგი. ეს სულ არ ნიშნავს, რომ დათმობებზე მივდივართ საკუთარი სურვილების საწინააღმდეგოდ. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ახალი სურვილების გენერირებას ვახდენთ. მართლაც, როდესაც უშიშრად უყურებ რეალობას და ის ახლებურად წარმოაჩენს თავს, თვითონ სურვილი გეცვლება რომ აღარ იჩხუბო ან პირიქით ისიამოვნო. ჩემი ვიდეოს მაგალითს რომ დავუბრუნდეთ, წარმოიდგინეთ როდესაც ჩემი თავი გაბრაზებული მეგონა და ამაში ვიდეოს მაშინდელი ნახვის დროს დავრწმუნდი, დაუფიქრებელი რომ ვყოფილიყავი, ხომ შეიძლება ვინმესთან მეჩხუბა? მაშინ კი, როდესაც დავრწმუნდი, რომ ჩემი ცუდი ხასიათი მხოლოდ მოჩვენება იყო, თვითონ სურვილი დამეკარგა ჩხუბის. ამდენად, მე დათმობაზე კი არ წავსულვარ ან ჩხუბს კი არ მოვრიდებივარ, არამედ შინაგანი დამოკიდებულება, შეხედულება შევიცვალე საკითხისადმი და ასე გადავჭერი ეს პრობლემა. მძაფრი ფსიქიკური პრობლემების დროს, ვთქვათ, ჰომოსექსუალიზმი, აგრესია ან დანგრეული ოჯახური ურთიერთობები ხშირად მეკითხებიან, თქვენ რომ მომარჩინოთ, რა ეშველება ამ პრობლემებს? სულ მინდოდა მეთქვა, რომ უშიშრად ცხოვრებაზე დიდი ნეტარება ალბათ არ არსებობს. აი ახლა წარმოიდგინეთ, რომ თქვენთვის ყველა შესაძლებლობა ხელმისაწვდომია, არ არსებობს რაიმე ტრადიციული, ზნეობრივი, მატერიალური, ნათესაური თუ ნებისმიერი სხვა სახის ურღვევი ჩარჩო. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როგორ მოიქცევით და თქვენ სანდო ადამიანი ხართ, რადგან სინამდვილე გაქვთ გადამოწმებული. აი ასეთი კომფორტული მდგომარეობაა უშიშროება. უშიშროების პირობებში ძალიან მარტივია გადახედო შენს განვლილ ცხოვრებას, შეაფასო ქცევები და ნახო მათი კონკრეტული მიზეზი. მაგალითად, ჰომოსექსუალიზმი. თუ ოჯახში არსებული მძიმე წნეხის პირობებში სხვა არჩევანი არ გქონდა გარდა უკუღმართი სექსუალური გზით განვითარებისა, რამდენად კრიტიკულად მოეკიდებით საკუთარ შეცდომებს? ერთმა პაცინეტმა პირდაპირ მითხრა, არ მინდა ცნობლი ანეგდოტივით დამემართოს, ქვეშვისვრიდე და არ განვიცდიდეო, მე კი მივუგე: მე განცდის მკურნალი ვარ და თუ გსურს განიცდიდე მე ვერ გიშველი მეთქი. არ უნდა დაპირდე ადამიანს იმას, რაშიც არაფერი გაგეგება, მე ხომ კუჭნაწლავის ექიმი არ ვარ. სხვათა შორის, შიშისგან თავისფულება იმასაც მოიცავს, რომ შეშინებისაც აღარ გეშინია. კარგად რომ დავუკვირდეთ ხშირად არა იმიტომ ვჩხუბობთ, რომ ამის აუცილებლობის გვწამს, არამედ იმიტომ რომ სხვამ შიში არ შეგვატყოს. ჰოდა ამ კომპლექსისგან და მორიდებისგანაც განთავისუფლებთ. მოკლედ როგორც მითქვამს, კომფორტის უმაღლესი დონეა, რადგან საკუთარ თავზე მორგებული სინამდვილეა. რადგან ვიზიოთერაპია ვახსენეთ, უპრიანია მასზეც ვისაუბროთ. პაციენტის თვალით დანახული სინამდვილე. იგი სულ სხვაა. მოცულია უპირატესად შიშის საბურველით. პაციენტის გონება გაცილებით მეტი დამცავი მექანიზმის გენერირებას ახდენს ვიდრე საშუალოდ გაწონასწორებული არსების. მიჭირს გამოვიყენო სიტყვა ნორმალური, ვინაიდან გაუგებარია რომელი ჩვენგანია ასეთი და რომელი არა. მოკლედ, პაციენტის გონება აქტიურადაა ჩართული სინამდვილის დამახინჯების პროცესში და ყოველ ღონეს ხმარობს რომ ჩემი კლინეტის სათუთი აღქმა მავნე ინფორმაციისაგან დაიცვას. ეს მავნე ინფორმაცია ყოველთვის ნეგატიური შინაარსის არ არის. მეტიც, იგი უფრო დადებითი ემოციებისაგან იცავს ჩემს დასაცავს, ვიდრე ნეგატიურისაგან. მაგალითად, თავიდან არ ამომდის ჩემი მასწავლებლის, გივი მერაბიშვილის მიერ მოყოლილი მაგალითი, როდესაც ერთი უცნობი, განათლებული ქალბატონი სრულიად დარწმუნებული იყო რომ უზარმაზარი ცხვირი ჰქონდა. რეალობის დამახინჯებას ისეთი ძალა ჰქონდა, რომ იგი სარკეში ჩახედვისას ან ხელის მოკიდებისასაც კი ვერ აფიქსირებდა, რომ სრულიად ჩვეულებრივი ცხვირი ჰქონდა. ქალბატონებსა და გოგონებს ასე ძალიან ხშირად ემართებათ. ეს უკიდურესი მაგალითია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ თქვენ ქალბატონი ხართ ორი ვარიანტია: ან იმაზე მეტი წარმოდგენა გაქვთ საკუთარ გარეგნობაზე, ვიდრე სხვები ამჩნევენ, ან უფრო პირიქით, ყველა მოხიბლულია თქვენი სილამაზით, თქვენ კი სრულიად დარწმუნებული ხართ რომ გატყუებენ, რადგან უამრავი ნაკლი გაქვთ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ გამოხატული ფსიქიკური აშლილობა არ გაქვთ, თქვენი გონებაც გიცავთ იმის შეტყობისაგან, რომ თქვენი სილამაზის გამო ცხოვრებაში მეტს იმსახურებთ. მაშინ ხომ ამისათვის ბრძოლა, ვიღაცის წყენინება და უამრავი ფსიქიკური სტრესის გავლა მოგიწევდათ? ვიზიოთერაპიის გავლის შემთხვევაში, ყველაფერი ეს უმტკივნეულოდ გვარდება, მაგრამ მის გარეშე ზოგჯერ ისევ ილუზიაში ცხოვრებას ვარჩევთ. მაშ როგორ ხდება სინამდვილის აღმოჩენა პაციენტის მიერ? ნელა. ეს მთავარი მომენტია ფსიქოთერაპიისას. დრო იხარჯება დეტალებზე. შეუძლებელია ამ ეტაპზე გონების დამცავი მექანიზმის ერთიანად მოსპობა. ის ხომ უმიზეზოდ არ არის შექმნილი. პრინციპში კი არის რეალური მიზეზის გარეშე, მაგრამ ფსიქიკისათვის, როგორც გითხარით არ აქვს მნიშვნელობა რა რეალურია და რა მოჩვენებითი, ის რა ინფორმაციასაც ფლობს, იმით მსჯელობს. ამიტომ რეალობასთან შეგუება ხდება დოზირებით. ჯერ პატარა ნატეხი ჩამოტყდება აწყობილ ანტისტრესულ დამცავ სიგანალიზაციას, შემდეგ სხვა და ბოლოს მთელი სისტემა ჩამოიშლება. ამის შესახებ სხვაგანაც ვისაუბრე, ამიტომ აქ აღარ განვავრცობ. მთავარია, რომ დაიმახსოვროთ, უარყოფა ფსიქიკური ფენომენია და ისეთივე გავრცელებულია შედარებით ჯანმრთელ ხალხში, როგორც აშკარად გამოხატულ ავადმყოფებშიც. საერთოდ, სეანსები საინტერესო პროცესია თავისთავად. აქაც, ისე როგორც ცხოვრებაში არსებობს სხვადასხვა განწყობა – ეტაპები. არის მობეზრების მომენტი. როცა თითქოს დაძლიე რაღაც სიმაღლე და ზეგანზე სიარული არაა ისეთი ამაღელვებელი. ამ მომენტში სეანსები ცოტა უღიმღამოდ და ზესიამოვნების გარეშე მიმდინარეობს. თუმცა ამ დროს საშუალება გვაქვს, ცოტა დავისვენოთ მღელვარე ფიქრებისაგან და შედარებით დაწმენდილი თვალით შევხედოთ რეალობას. სწორედ ამ დროს პაციენტი თავის პირვანდელ, ავადმყოფობის გარეშე მდგომარეობას უბრუნდება და სულ სხვა სახით იმზირება. ეს მდგომარეობა თავისთავად არის ძალიან საინტერესო. მძიმე ფსიქიკური აშლილობის დროსაც კი დამცავი მექანიზმიც იღლება თავის თავად და გარკვეული პერიოდის მანძილზე შვებას აძლევს ადამიანს. ამ დროს შიზოფრეენით დაავადებული ადამიანიც კი სრულიად ბუნებრივად და ჩვეულად გრძნობს თავს. თავის მტკივნეულ ფიქრებზე პასუხს მაინც გაურბის, მაგრამ სხვა მხრივ, სრულიად ადექვატური და ხალისიანია. ამდენად, არის მომენტები, როცა ყოველგავრი მკურნალობის გარეშეც კი მძიმე ფსიქიკური აშლილობის ნიშნები უკვალოდ ქრება და ადამიანი სრულიად ჯანმრთელია. თავისთავად ეს მომენტიც მოწმობს, რომ ფსიქიკური აშლილობა არ არის რაიმე კავშირში სხეულთან. ის არის წმინდა მოჩვენებითი ხასიათის და ამდენად მისი მკურნალობაც განწირულია წარმატებისათვის. სხვანაირად შეუძლებელია, არ არის არავითარი გენი ან არამატერიალური თავის ტვინის ტრავმა, რომელიც გამოუსწორებელ დაღს დაასვავდა ადამიანის ფსიქიკურ ჯანმრთელობას. მაგალითად, რაც არ უნდა კარგ ხასიათზე გრძნობდეს თავს ფეხმოტეხილი, ის სირბილს ვერ დაიწყებს. ფსიქიკური აშლილობის ზემოთმოყვანილ შემთხვევაში კი სწორედ ასე ხდება. დავდომილი ადამიანი, თითქოს ჯადოსნური ჯოხის აქნევით, უცებ გამოერკვევა თავისი ილუზიებიდან და ცხადად, ჩვეულებრივად გესაუბრება. ცხადია, ეს უნდა განვასხვავოთ ფსიქიკური აშლილობის მქონე ავადმყოფის ეშმაკობისაგან, ასეთებიც ხდება. 

აუცილებლად უნდა შევეხოთ რეალობის მცდარად აღქმის შედეგებსაც. შეცდომა. ესაა ერთ–ერთი ყველაზე მწარე შედეგი, რომელიც ამ სენს მოჰყვება. თითქოს უწყინარად ჟღერს, მაგრამ შეცდომა ძალიან მტკივნეულად განიცდება ჩვენი თავმოყვარეობისათვის. მნიშნვენლობა არა იმდენად იმას აქვს თუ რამხელა შეცოდმა დავუშვით, დიდი თუ პატარა, არამედ იმას, რომ თავს ვიტყუებთ, ანუ,რომ ჩვენი თავი სანდო არ არის. ოდნავ პატარა ეჭვიც საკუთარი თავის სანდოობაში დიდ კითხვას აჩენს ადამიანის წინაშე. რა გარანტია მაქვს მე, რომ ასეთი ნაკლი სხვა დროსაც არ დამაღალატებს და უფრო დიდ შეცდომას არ დამაშვებინებს? ამიტომ ადამიანი ხდება უფრო ეჭვიანი, დაფიქრებული და ნელი. თითოეული მოქმედების შესრულებისას ბევრს ყოყმანობს. ალბათ შეგიტყვიათ, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირი უფრო დაზაფრული და იჭვნეულია.

მოკლედ. თითქოს მე არ უნდა ვსაუბრობდე ფიქრის ზედმეტობაზე, რადგან სწორედ ფიქრების განვითარებისაკენ მოვუწოდებ ხალხს, მაგრამ ეს მხოლოდ თერაპიის დროს ან თერაპიის შემდეგ, საქმეზე ფიქრისას. ეს ფიქრი კი, რაზეც ახლა ვსაუბრობ, უფრო პათოლოგიური ხასიათისაა. ფიქრიც, ისევე როგორც ყველაფერი, შეიძლება იყოს ნეგატიური ან დადებითი შედეგის მომტანი. მნიშვნელოვანი აქაც ისაა, როგორ გამოვიყენებთ მას. ეს ხომ ჩვენი მსჯელობის ერთ–ერთი მთავარი პოსტულატია. არ არსებობს თავისთავად ცუდი და თავისთავად კარგი მოვლენა თუ საგანი. თავად ზომიერებაც კი, ერთხელ დავპოსტე, ზომიერადაა საჭირო. ამიტომ არ შეიძლება არაფრის გაფეტიშება, თვით დიეტა ან ზომაც უნდა დავარღვიოთ ხოლმე ხანდახან, თუნდაც განგებ, რომ მეტისმეტ ერთფეროვნებაში არ გადავარდეთ. ახლა მოგახსენებთ როგორ იკურნება ეს ზედმეტი ეჭვიანობა. ფიქრითვე. როდესაც ადამიანი ნახულობს, რომ იქ საშიში არაფერია, მაშინ პოულობს იგი თავისუფლებას ფიქრებისგან და თუ მოესურვება კიდეც იფიქრებს. აქ საუბარი იმაზე კი არ არის ფიქრია თვითონ საჭირო თუ არა, არამედ იმაზე, რომ ჩვენ არ ვიყოთ საკუთარ შეხედულებებში დაეჭვებული უსაგნოდ საშიში შედეგის დადგომის მოლოდინით. თან მუდმივად. საკუთარი შეხედულებების გადამოწმება ყოველთვის კარგია, მაგრამ არა შიშის გავლენით, არამედ საუკეთესო შედეგის მისაღწევად. შესაძლოა, ძალიან მყიფე ზღვარზე ვსაუბრობ, თან არცთუ ისე გასაგებად, მაგრამ შემდგომშიც შევეცდები იგივე ხაზი გავავლო და ეს ცნება თქვენთვის უფრო გასაგები გახდება. თავისუფლებისა და კომფორტის დონეზე ადრეც გვისაუბრია და აქ პრინციპში ახალს არაფერს ვამბობ, მაგრამ შესაძლოა მაინც ოდნავ სხვა კუთხით დანახული იყოს საკუთარ თავში დაეჭვებასთან მიმართებაში. შესაბამისად, ხდება შეცდომის ღირებულების ცვლილება ჯანმრთელ და ავადმყოფურ მდგომარეობებს შორის. ჯანმრთელობის პირობებში, იგულისხმება რა თქმა უნდა ფსიქიკური ჯანმრთელობა, შეცდომის ღირებულება ზუსტად დაშვებული შეცდომის ადექვატურია, ვინადიდან ცხოვრებაში შეუძლებელია მოხდეს ისეთი სიმძიმის კატასტროფა, რასაც უსაგნო შიშის დროს განვიცდით. შესაბამისად, ყველაზე მძიმე შეცდომაც კი მხოლოდ ყველაზე მძიმე, მაგრამ განსაზღვრადი, გასინჯვადი, გარკვეული შეცდომაა. სულ სხვა ვითარებაა ავადმყოფური ფსიქიკის დროს შეცდომის აღქმისადმი. აქ, მიუხედავად იმისა შეცდომა პატარაა თუ დიდი, მძიმეა თუ უმნიშვნელო, განცდა და ნერვიულობა ყოველთვის უკიდურესად უსაზღვრო და მძიმეა. სწორედ აქ უნდა გამოვიჭიროთ ჩვენი თავი, რომ ფსიქიკაში უსაგნო შიშმა დაიუბუდა და მას სპეციალისტის შველა სჭირდება. შესამჩნევად ეს ძალიან ადვილია. მიუხედავად იმისა, სწორად დავდეთ თუ არა კალამი მაგიდაზე ან ჩვენს მიერ არასწორად დაპროექტებული შენობის ჩამოქცევის შედეგად 100 კაცი დაიღუპა, ჩვენს შიშს და განცდას ერთნაირი სიმძიმე აქვს. მაგრამ სინამდვილეში, დამახინჯების კანონის გათვალისწინებით, თვითონ ავადმყოფს მაინც უჭირს გამოუტყდეს თავს, რომ ფსიქიკა შეეშალა. ამიტომ ასეთ დროს ის მაინც უნდა ვეცადოთ, რომ სხვას დავუჯეროთ და სამკურნალოდ მივიდეთ. ეს ერთ–ერთი მთავარი ნიშანია, ფსიქიკური აშლილობის და მინდა კარგად დაუკვირდეთ ამ ჩემს განცხადებებს. იყავით ყურადღებით საკუთარი თავის და სხვების მიმართ, თუ ადამიანი არაგონივრულად ნერვიულობს, უკიდურესობებში ვარდება, ნებისმიერი მნიშვნელოვანი გადახრა აქვს იმ საშუალო მაჩვენებლიდან, რაც ზოგადად, ყველა ადამიანისათვისაა დამახასიათებელი, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მის ფსიქიკაში არაჯანსაღი შიშები ბუდობს. განასხვავეთ: ეს არაა აუცილებელი უკვე დამდგარი ფსიქიკური აშლილობის საბუთი იყოს, მაგრამ ყველაზე დიდი რისკ ფაქტორია, რომელიც როდის გაიღვიძებს არავინ იცის. მაგალითად, ხშირად მშობლები მიმტევებლურად უყურებენ მოზარდი შვილების აგრესიას. ცხადია, ამ ასაკში აგრესიულობა არ არის ფსიქიკური აშლილობა, მაგრამ ეს არის ძალიან სერიოზული მანიშნებელი, რომ ბავშვი მომავალში სერიოზულ ფსიქიკურ სიძნელეებს წააწყდება. ვერ ვივიწყებ ერთი მშობლის სატელეფონო ზარს, რომელიც ჩიოდა, რომ მისი შვილი შიშით გარეთ ვერ გადიოდა. მე მკურნალობა შევთავაზე. მითხრა, რომ სეანსებზეც კი ვერ ივლიდა, ისეთი დათრგუნული იყო. მაშინ ვიდეოზარით სეანსის გამართვა შევთავზე. ეს მოეწონა. შემდეგ, როცა მკურნალობის სხვა დეტალებზე ვსაუბრობდით, გავაფრთხილე, რომ მკურნალობა გარკვეულ ენერგიას და დროს მოითხოვს, რადგან პაციენტს გარკვეული სამუშაო აქვს შესასრულებელი საკუთარი თავის ამ მდგომარეობიდან გამოსაყვანად. ამის გამო მკურნალობაზე უარი განაცხადა. მიზეზი? იმ წელს მოზარდი უმაღლესში ჩასაბარებლად ემზადებოდა და ზედმეტი დრო ფსიქიკური შიშების დასამარცხებლად არ ჰქონდა. თუ ეს პასუხი უცნაურად თქვენც არ გეჩვენებათ, თქვენი ეს რეაქციაც არ იქნება მოსაწონი ჩემი მხრიდან. მოზარდი ისეთ დღეში იყო, რომ შიშით სახლიდან ვერ გადიდიოდა, მშობელი კი მის წარმატებულ განათლებაზე ზრუნავდა. ვიზიოთერაპევტისათვის ესაა წარმოუდგენელი მდგომარეობა. ვერანაირი განათლება, სიმდიდრე, წარმატება ვერ შეცვლის სულიერ სიმშვიდეს. ეს ნიშნავს გამორჩეულ ქორწილში დაგპატიჟონ და მუცელმტკივანი მიხვიდე. სუფრაზე ყოფნას და თავშეკავებას ჯობია საერთოდ არ მიუჯდე. დაიხსომეთ, ნებისმიერი ზედმეტობა მხოლოდ ფსიქიკაში არსებული შიშების ბრალია. ეს შიშები იკურნება და რაც უფრო მსუბუქ ფორმაში, მით უფრო ადვილად. 

ჩვენი დღევანდელი პოსტი ჭეშმარიტებას ეხება, თუმცა ეს ტერმინი ერთხელაც არ გვიხსენებია ჯერ. ერთი იმიტომ, რომ პათეტიზმს და მაღალფარდოვნებას ვერიდებით, მეორე, თვითონ ჭეშმარიტებაა გაუგებარი ცნება. კერძოდ, სასამართლოზე სიტყვა ჭეშმარიტებას ობიექტურს ამატებენ და სულ ასე იყენებენ ობიექტური ჭეშმარიტება. ეს ზუსტად იმიტომ ხდება, რომ ჭეშმარიტებაც მრავალნაირი არსებობს, უფრო სწორად იმდენი, რამდენი ცოცხალი ადამიანიცაა იმ მომენტში მიწაზე ან ჰაერში. მაგრამ მე მინდა განვაცხადო, რომ ჭეშმარიტებაც არსებობს. ობიექტური ჭეშმარიტება, ანუ ის, რასაც ზემოთ ნამდვილ და არა ჩვენი აღქმის მიერ დამახინჯებულ რეალობას ვეძახით. პრინციპში სიტყვა არსებობს აქ სუბიექტურადაა გამოყენებული რაც ნიშნავს, რომ ჭეშმარიტების არსებობა იგრძნობა. მე ბევრჯერ მიმიკვლევია ნამდვილი ჭეშმარიტებისათვის და ბევრი ასეთი მიგნებაა გადმოცემული იმ პოსტებში, რომლებსაც ეცნობით ჩემს გვერდზე. მაგრამ როგორც თავიდან ვთქვით, გარდა იმისა, რომ ვაზროვნებ და ამ აზროვნებაში ვაგნებ ჭეშმარიტებას, მე მაინც ვერ ვამტკიცებ მის ობიექტურად სადმე გარე სამყაროში, თუ ასეთი საერთოდ არსებობს, არსებობას. ერთი სიტყვით, ობიექტური ჭეშმარიტება გნებავთ მეცნიერებაში, იურისპუდენციასა თუ რეალობაში არსებობს ჩემი სუბიექტური აზრით. ახლა რადგან სასამართლო ვახსნებთ. უპრიანია ოდნავ სამართლიანობასაც შევეხოთ. ჩემი აზრით, ისიც არსებობს. იცით, მისი არსებობა იგრძნობა. ვიცი, რომ ყველას ჩვენი სამართალი გვაქვს და თავი გვინდა გავიმართლოთ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს, როცა ცოტა იწვალებ სამართლის ძიებაზე, ცოტას იმსჯელებ, სხვას მოუსმენ, რაღაც დასკვნის სახით ყალიბდება დროთა განმავლობაში და მისაღები ხდება. შემდეგ მასთან შეგუება ხდება და ის სამართლიანობის სტატუსს იძნეს. ეს ყველა შემთხვევაში ასე არაა. ანუ არის გადაწყვეტილებები, რომლებიც ვერასდროს გახდება სამართლიანი. მე აქ ვსაუბრობ ჩვენს ტანჯვაზე, რომ რაღაც ისე არაა როგორც ჩვენ გვინდა და სამართლიანად მიგვაჩნია. ამაზე ვამბობ, სხვასთან შეპირისპირების, შეწონვის შემდეგ, მისი მოძება სადღაც შუაში მაინც ხერხდება.  

(გაგრძლება იქნება)

16.01.2016 16:01

გაგრძელება

17–ში ძმისშვილი შემეძინა და ამიტომ ვერ შევძელი პოსტის განახლება. თუმცა ძალიან საინტერესო გამოცდილება შევიძინე კიდევ ერთხელ. ვაკვირდებოდი ახალშობილს. მისი სამყარო შემოიფარგლება რამოდენიმე სიმართლით მხოლოდ: ესაა სითბო, საჭმელი და სიმშრალე. მთელი სამყარო მისთვის მხოლოდ ამ რამდენიმე თითზე ჩამოსათვლელი რეალობითაა შემოსაზღვრული. ვერავინ დაუმტკიცებს მას, რომ არსებობს კოსმოსი, ადამიანური ურთიერთობის სირთულეები და ა.შ. უამრავი რეალობა, რაც ჩვენ ზრდასრულებმა ვიცით. მისთვის ხმაური და სინათლეც კი ჯერ მხოლოდ ასათვისებელი რეალობებია. მოკლედ. ჩემს წინაა ადამიანი, რომელიც ძალიან ცოტა რამეს აღიქვავს იმ რეალობიდან, სადაც ვცხოვრობთ. ეს გამოცდილება საინტერესო იყო სხვა მხრივადაც. იმ თეორიის გადასამოწმებლად, რომლითაც ჩვენი მეთოდის მეცნიერული ნაწილი ვარაუდობს ფსიქიკური პრობლემების წარმოშობის პირველსაწყისს. ესაა, სიამოვნებაზე დადებული ეჭვი. ვაკვირდებოდი, თუ როგორ მიირთმევდა საჭმელს საწოვარადან. ყოველი სამი, ოთხი ლუკმის შემდეგ ჩერდებოდა და საჭმელს აგემოვნებდა. თითქოს უკვირდებოდა როგორი გემო ჰქონდა და რას წარმოადგენდა ის სიამოვნება, რასაც იღებდა. შემდეგ გაძღა, გაიბღრინძა და თვალებიც მილულა. სრულმა ნეტარებამ დაისადგურა. მეთოდის გამომგონებლების ვარაუდით, თუ განცხრომასთან ზიარების ამ პირველი ნაბიჯების მომენტში, რაიმე შეაფერხებდა სრულ სიამოვნებას, როგორიცაა უცაბედი ხმაური, ან თუნდაც საჭმლის გადაცდენა, შემდეგი შინაარსის მიკროტრავმას ექნებოდა ადგილი: ბავშვი იმას კი არ იფიქრებდა, რომ სიამოვნება ამასთან არაფერ შუაშია, არამედ სწორედ პირიქით. ის სრული კონცენტრაციით მოთხოვნილების ძლიერებასა და მისი დაკმაყოფილებით მიღებულ სიამოვნებაზე ფიქრობდა, ასე განსაჯეთ ამ დროს მან საჭმლის ცნებაც კი არ იცის, იცის მხოლოდ რომ მოთხოვნილება აწუხებს და სიამოვნება აკმაყოფილებს მას. ამდენად, ეს მისი პირველი შთაბეჭდილებებია სამყაროზე და ზუსტად ისეთივე ძალა აქვს, როგორც თქვენს პირველ შთაბეჭდილებას ახლაც, ამ ასაკში. მიუხედავად იმისა, რას მოიმოქმედებს ადამიანი, მაინც პირველი შთაბეჭდილებით გახსოვთ. მისთვის, იმ მომენტში არაფერი არსებობდა სამყაროში იმ სიამოვნებაზე დაკვირვების გარდა, რასაც იღებდა. თითქოს ორნი იყვენენ სამყაროში – ის და მისი მხსნელი სიამოვნება მჩაგვრელი მოთხოვნილების პირისპირ. ეს პირდაპირი კავშირია გონებისკენ გემოს, სიმაძღრეს და წოვას შორის. ამ ორ შეყვარებულს შორის მეტი არავინაა. ნებისმიერი შეწყვეტა ამ დროს აღიქმება როგორც ღალატი, როცა შეყვარებულმა (სიამოვნებამ) ბავშვი დააღალატა. რაც უფრო სუსტია არსება, მით მეტადაა დამოკიდებული მხსნელზე და მით მეტად განიცდის მის ღალატს. ამიტომაა რომ მანდილოსნები ვერასოდეს უგებენ კაცებს, როცა ისინი სხვა ქალთან გაივლიან და ყველა ღონით ცდილობენ აუხსნან, რომ ეს ღალატი არაა. მით უმეტეს განიცდიან მშობლების უზნეობას შვილები. თუ ქალის გულის მოლბობა კიდევ შეიძლება, ბავშვი არასოდეს გაპატებს. იგი ხომ მთელი სიყვარულით და ნდობით მარტო მირთმევაზე ფიქრობდა, მან კი რაღაც აწყენინა. ბავშვი ვერ ხვდება, რომ მისი შეყვარებული არაფერ შუაში არ არის, თუ ამ დროს ვინმემ კარები დააჯახუნა. ვერ ხვდება იმიტომ, რომ არც კარები და არც სხვა რამე მისთვის არ არსებობს. ორნი არიან, როგორც მაგარ რომანებში ქალ–ვაჟი. ამიტომ ჩვენი პირველი იმედგაცრუება მანამდე გმირად, მხსნელად და მესიად შერაცხული სიამოვნებაა. მასთან სრულ მასშტაბიანი კონტაქტია. შეკავება და უსიამოვნო გრძნობა, რაც ხმაურს ან გადაცდენას მოჰყვება რეფლექსების დონეზე იწვევს სიგნალის მიწოდებას გონებისათვის, მაგრამ რადგან ბავშვი მხოლოდ სიამოვნებაზე/ჭამაზე ფიქრობს ამ დროს, ეს უსიამოვნო სიგნალი სიამოვნებასვე უწყვილდება, არა სხვა დამოუკიდებელ გამღიზინებელს. ხდება პირველი ეჭვის გაჩენა, ხომ არ არის უსიამოვნება სიამოვნების უცილობელი თანმხლები? ხომ არ იფასებს თავს სიამოვნება? თუ ასეთი დამთხვევა რამოდენიმეჯერ განმეორდა ბავშვის გონებაში ეს ეჭვი უფრო მყარდება და ბოლოს, როცა აღარ ემთხვევა სიამოვნებას უსიამოვნება, ბავშვს უკვე ცუდის იმხელა მოლოდინი აქვს, რომ თვითონ უკავშირებს ერთმანეთს სხვისთვის ერთი შეხედვით განცალკევებულ მოვლენებს. ასეთი განუყოფლობა სიგნალების წარმოიდგინეთ 5–6 წლამდე გრძელდება და თან იმ პირობებში, რომ ბავშვმა არ იცის თავიდან როგორ დაკავშირდნენ ისინი. სიამოვნებას ჩვენ კიდევ დიდ ცალკე პოსტს მივუძღვნით. სიამოვნება არის ძირითადი ქვაკუთხედი ჩვენი თერაპიის შიშთან ერთად. მსურს ავღნიშნო, რომ სწორედ სიამოვნებაზე დადებული შიში განაპირობებს სინამდვილის ხარვეზებით აღქმის მიზეზს. იმდენად განაწყენებულია ადამიანი სიამოვნებაზე, რომ მთელი ცხოვრება მიზეზს ეძებს მის არ შესარგებად. მასზე დადებული შიში ერთ დროს ძალიან მძიმედ განიცადა და აღარ სურს ამ წყენის გამეორება. თითოეულ ჯერზე, რომ უნდოდა გამოსვლოდა ის, რაც მოინდომა და არ გამოუვიდა, საკუთარ თავს საყვედურებით ავსებს – რატომ ენდო ისევ ბედს და სურვილის ასრულების შესაძლებლობა დაუშვა. სინამდვილეში როგორც გითხარით 100–დან 80 შემთხვევაში იმდენად დაძაბული ელის სანატრელი მომენტის დადგომას, რომ უკვე თვითონ იფუჭებს სიამოვნებას ამხელა მოლოდინით. ნორმალურ პირობებში: აღიძვრა სურვილი? დაიწყებ მის შესასრულებლად ნაბიჯების გადადგმას, შესაძლოა გარკვეული საკითხების მოგვარება დაგჭირდეს და შემდეგ იგი ასრულდება. რომ ასრულდება, შემდეგ კიდევ მოდის შეფასება – ოჰ, რა კარგად ასრულდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებ სხვა საქმეზე გადართვას ან დასვენებას. მინდა სიამოვნებასთან დაკავშირებით ერთ დეტალზე გავამახვილო თქვენი ყურადღება კიდევ. ესაა ჩვენი მოჩვენებითი შიშის სიმხდალე ნამდვილ მოთხოვნილებასთან შედარებით. სიამოვნების შიში ისეთია, რომ მის გამო ადამიანი ადვილად აიკრძალავდა საერთოდ ყველანაირი სიამოვნებას. მაგრამ სიამოვნება მოთხოვნილების დაკმაყოფილებას მოაქვს, მოთხოვნილება კი ჩვენს სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება. როცა საქმე მიდგება მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე, სიამოვნების შიშიც კი ვერ გვაიძულებს ამისგან თავი შევიკავოთ. აი, აქ შეგვიძლია თავი გამოვიჭიროთ, რომ სინამდვილეში არც ისეთი მაგარია ეს შიში, როგორც გვგონია. სინამდვილეში ბევრი ადამიანი იყენებს ამას შიშის დასაძლევად, როცა დიდ ხანს იკავებენ თავს მოთხოვნილების დაკმაყოფილებისაგან და როცა უკვე შეუძლებელი გახდება მისი გადადება, თავს ამით იმართლებენ და იკმაყოფილებენ მას. აქედან გაჩნდა ქართულში „შემო"–თი დაწყებული ზმნებიც. არის მეორე მომენტიც. ადამიანებს სიმართლის მიღება უჭირთ და არ აღიარებენ, რომ ეშინიათ. ამიტომ ფიქრობენ, რომ წმინდანები არიან და მოთხოვნილებაზე ამ მიზნით ამბობენ უარს. სინამდვილეში ეს იმ შიშის სხვა სახეა უბრალოდ და მეტი არაფერი. ნამდვილი წმინდანი მაშინ ხარ, თუ ეს შიში დაძლეული გაქვს, სიამოვნების მიღება არ გეშინია და ამის შემდეგ ამბობ მასზე უარს. თუმცა მერწმუნეთ ამის გაკეთება არ დაგჭირდებათ, რადგან სწორედ შიში ხდის სიამოვნებას მიუღებელს, თორემ არაფერი ზედმეტი, უკუღმართი ან მავნე თვითონ სიამოვნებაში არ არის, თუნდაც ეს სექსი იყოს. სექსი რომ არ იყოს ხომ ვერც გავმრავლდებოდით ასე?  კეთილი, ალბათ საკმარისია სიამოვნებაზე საუბარი. თუმცა ჩვენი პოსტი თითქმის მზად არის, რადგან არც სინამდვილეზე დარჩა რაიმე ბევრი სამსჯელო. ჩვენ პირად დაკვირვებებს ისედაც ბევრი დრო დავუთმეთ, ხოლო მეცნიერული დასაბუთება ამ მხრივ, ძირითადად მხედველობით ილუზიებს ეთმობა და დიდი მასალა უცხოური გამოცდილების გადასამოწმებლად არ მოიპოვება. ეს ისეთი თემებია, ვგულისხმობ სიამოვნებას პირველ რიგში, რაც ექსკლუზიურად ჩვენი მეთოდის აღმოჩენებია და ამიტომ არც გამკვირვებია მათზე გლობალურად მხოლოდ მწირი ინფოს არსებობა. შესაძლოა კითხვა გაგიჩნდეთ. კი, ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ რა კავშირშია ჩვენთან? 

საქმე ისაა, რომ სიამოვნებაზე დადებული ზემოთაღწერილი ტრავმა და ჭეშმარიტების ხარვეზიანი აღქმა უკვალოდ არ ქრება. თქვენს გარშემო არსებული აგრესიის და ბოროტების მტრული გარემოს ახსნას სწორედ ისინი წარმოადგენენ. ადამიანები თითქოს უმიზეზოდ ბრაზობენ და უგუნურად ბოროტდებიან. რატომ იქცევიან ასე? – ხშირად გიკითხავთ საკუთარი თავისათვის. ყველაზე მეტ გაკვირვებას თქვენში იწვევს ადამიანი, რომელსაც თითქოს ყველაფერი აქვს ბედნიერებისათვის, მაგრამ ყველაზე გაშმაგებულად იბრძვის სხვების წინააღმდეგ, ვერ ისვენებს და ყველას ვნებს. ამის ახსნა ასეთია: თუ ადამიანს ყველაზე მეტად სიამოვნება ეზიზღება, როგორც მოღალატე, რამდენად დაცულად იგრძნობს თავს სასიამოვნო გარემოში? ცხადია, ამ დროს ის უფრო მეტად იძაბება და ჯავრს გარშემომყოფებზე იყრის. მე ხშირად ვსაუბრობ იმაზე, რომ ბავშვმა ეს იფიქრა, სიამოვნების გვეშინია და ა.შ. არ უნდა ჩათვალოთ, რომ მე იმაზე ვსაუბრობ რაც თქვენ იცით ან ბავშვმა. არა აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი გონების რომელიღაცა კუნჭულმა იცის, ბავშვის ადრეულმა გონებამ იცის და მისთ. ყველგან ამ პოსტში, როცა ვიყენებ ზმნებს გვეზიზღება, გვეშინია, ჩავთვალეთ და ა.შ არასოდეს არ ვგულიხმობ, რომ თქვენ იცით ამის შესახებ ან უნდა იცოდეთ. აქ საუბარია ისეთ დასკვნებზე, რომელიც ჩვენი ჩარევის გარეშე გამოიტანა ფსიქიკამ. აუცილებელია მოკლედ განგიმარტოთ გონების, მეხსიერებისა და ცნობიერების შრეების თაობაზე. ახლა, როდესაც ამ სიტყვებს კითხულობთ თქვენს გონებაში სხვადასხვა აზრი მოდის. თქვენი მთავარი ყურადღება იმის გაგებაზეა მიმართული, რისი გადმოცემაც მე თქვენთვის მსურს; თქვენ ცდილობთ გაიზიაროთ ჩემი მოსაზრებები ან დაუპირისპირდეთ მათ საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გამოყენებით. ამ პროცესს ეწოდება ცნობიერი აღქმა. ანუ თქვენ იცით, რომ ჩემს ნააზრევს აანალიზებთ. თუ კარგად დაუკვირდებით, ეს არ არის ფიქრების ამომწურავი წრე, რაც თქვენზე ამ წამს მოქმედებს. გარდა აღწერილი ცნობიერი პროცესისა, თქვენ თითქოს პარალელურად შესაძლოა მოგდით აზრი იმის შესახებ, რამდენად გამართული ქართულით გადმოვცემ მე ჩემს ნააზრევს, საჭირო დროს გვხვდება თუ არა სასვენი ნიშნები, საერთოდ ვინ ვარ და რამდენად სანდოა ჩემი თუნდაც თქვენთვის ყველაზე მისაღები აზრები. კიდევ შეიძლება გაწუხებთ პოზა, რომელშიც ამ წერილს კითხულობთ, ოთახის განათება, თქვენი განწყობა ან ის მოვლენები, რაც თქვენს პირად ცხოვრებაში მოხდა დღეს დილას ან გელით ხვალ. არის ფიქრების და აზრების მთელი კალეიდოსკოპი, რომელიც პარალელურად მოდის თქვენს გონებაში, მაგრამ არ აქცევთ მათ დიდ ყურადღებას, რადგან ძალიან დაგაინტერესათ ჩემმა ამ ახსნამ. მაგრამ წელის უხერხული პოზაც ან განათებაც თავისას ითხოვს და თქვენ ისე შეიცვალეთ მდგომარეობა, რომ არც დაფიქრებულხართ ამაზე, უბრალოდ უფრო მოსახერხებელ პოზაში დაჯექით. დაუკვირდით რა მოხდა: თქვენ ისე მიიღეთ მდგომარეობის შეცვლის გადაწყვეტილება, რომ არც მიგიქცევიათ ამისათვის ყურადღება, შეიძლება ითქვას არც იცოდით, რომ სხეული პოზას იცვლიდა, რადგან ამ დროს თქვენ ჩემი აზრების ანალიზით იყავით დაკავებული. აი ეს არის გონებაში მიმდინარე სხვა დონის პროცესი, რომელსაც არაცნობიერ პროცესს ვუწოდებთ. ამდენად, არაცნობიერი ფიქრებისა და გადაწყვეტილებების შესახებ ჩვენ ცოტა ცნობები მოგვდის, რადგან ჩვენი გონება სხვა, ჩვენთვის უფრო საინტერესო საკითხებითაა დაკავებული. ამასთან არ ღირს პოზის შეცვლის გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობის უგულებელყოფა. შეიძლება თქვათ, რომ ეს არ იყო საკითხი, რომელზეც ვიფიქრებდი დრო რომც მქონოდა. მე კი გეტყვით, რომ არა მარტო იფიქრებდით, არამედ შეიძლება ვინმესთან გეჩხუბათ კიდეც. აბა წარმოიდგინეთ მაგარ მოსახერხებელ პოზაში რომ მოთავსდეთ, ვიღაც შემოვიდეს და გთხოვოთ, რომ ჩაიწიოთ ან პოზა სხვაგვარად შეიცვალოთ? როგორი იქნება თქვენი რეაქცია? ამ დროსაც უმნიშვნელო იქნება თქვენთვის პოზის შეცვლა? განა არ გისაყვედურიათ ან გიჩხუბიათ კიდეც ამის გამო ცხოვრებაში, მით უმეტესს ბავშვობაში? იმის თქმა მსურს, რომ არაცნობიერადაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ვიღებთ ძალიან ხშირად. გარდა ამ ორი ძირითადი პროცესისა, ტვინში სხვა პროცესებიც მიდის, რომელიც ჩვენი სახელით იღებს გადაწყვეტილებებს, მაგრამ ბევრს არაფერს გვატყობინებს მათ შესახებ. ამიტომ, ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზმნები გვეშინია, გვეზიზღება, იმედი გაგვიცრუვდა, გვეწყინა, ვიფიქრეთ და უამრავი სხვა ჩემი ამ თქევენდამი გზავნილში გამოიყენება უპირატესად არაცნობიერი პროცესების მიმართებით. ეს ნიშნავს, თქვენი საწინააღმდეგო არგუმენტები "ბავშვმა ამდენი სად იცის", "მე არაფრის მეშინია", "არაფერიც არ მიფიქრია" და მისთ. უადგილოა. მე, როგორც ვიზიოთერაპევტი გესაუბრებით იმის თაობაზე, რა გადაწყვეტილებებს იღებს ბავშვის ფსიქიკა, თქვენი ფსიქიკა და ყველა სხვა ადამიანის ფსიქიკა, რადგან არა პედიატრი ან ფილოსოფოსი გახლავართ, არამედ ფსიქიკის, როგორც ასეთის მცოდნე. ფსიქიკა კი, როგორც არაცნობიერი და ცნობიერი პროცესების შედარების მაგალითზე ვეცადე მეჩვენებინა, გაცილებით დიდი ცნებაა, ვიდრე ის, რაც ჩვენ საკუთარი თავის შესახებ ვიცით.  

ამდენად, დღევანდელი ამ ჩემი გზავნილის (პოსტის) აქცენტი გაკეთებული იყო სინამდვილეზე, როგორც ის ობიექტურად არსებობს; ასევე ჩვენს მიერ სუბიექტურად აღქმულ იმავე მოვლენაზე. მიზეზებზე, თუ რატომ აღვიქვამთ მას არა ობიექტურად, არამედ გარკვეული ცვლილებებით; ამ ჭრილში განვიხილეთ სიამოვნებასთან შეწყვილებული უსიამოვნების თემა. ბოლოს, კი შევეხეთ იმ ნეგატიურ შედეგებს, რაც რეალობის არასწორად აღქმას მოაქვს შეცდომების, აგრესიის და ზოგჯერ გაბოროტების სახითაც კი. მე კმაყოფილი ვარ. თავიდან ვფიქრობდი, რომ არ გამოვიდოდა კარგი გზავნილი, თუმცა ნელ–ნელა ძალა მოიკრიბა და ბოლოს, საკმაოდ მსუყე ლუკმად გადაიქცა. სწორედ ამ გზავნილში უნდა გავუსვა ხაზი, რომ ეს სინამდვილის ჩემი სუბიექტური შეფასებაა, ნამდვილი ობიექტური შემფასებლები კი თქვენ ხართ, პატივცემულო მკითხველებო, რადგან როდესაც ბევრ ადამიანს მოეწონება ერთი მოსაზრება, დასაშვებია, რომ ის მართლაც ჭეშმარიტება იყოს.

სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ,

ალექსანდრე ამაშუკელი
ვიზიოთერაპევტი
15–20 იანვარი 2016 წელი.
TOP.GE
Comments