დემონი

posted Jan 30, 2016, 10:33 PM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 8:58 AM ]
კვირა, 24 იანვარი, 2016 წელი:

ზამთრის ამ თოვლიან დილას მსურს საკუთარ თავს წავეჩხუბო. მაინც ვინ არის ეს ადამიანი, რომელზეც ზრუნვა მხვდა წილად და ახლა ეს ტვირთი მთელი ცხოვრება უნდა ვზიდო? ხომ არ ჯობია სიცოცხლე მოვუსწრაფო და ორივე დავასვენო ჩემი თავიც და მე–ც. მაინც რა პრეტენზიები მაქვს ამ არსების მიმართ? უშნო, უცხო და მორიდებულია. მეტი რა უნდა იყოს? ლობიოობა და კერძების გახსენებაზე, ჭამას–სმის სიყვარულიც არ აკლია. ქვეყანაზე ათასობით მისნაირი დადის და მსურს, რომ ყველა მისი ნაკლი ვიცოდე და ნუ... დადებითსაც შევეხო. ნეტა, სხვებმა თუ იციან როგორ მოუარონ თავს, რა უყონ, საერთოდ რა გვსურს მისგან მივიღოთ და მისთ. შედარებისათვის, მშობლებს ყოველთვის აქვთ გეგმა შვილებისათვის. ვერ ვიტყვი, რომ უმწიკვლო და უნაკლო, მაგრამ ხომ აქვთ? მეუღლის მიმართ, მშობლების და ყველა დანარჩენის მიმართაც კი. ფიქრობენ, რომ კარგი მრჩეველები იქნებოდნენ მათთვის. მაგრამ საკუთარი თავისათვის? ასეთი რამ ვის სმენია, შეიძლება გაუკვირდეთ, მაგრამ ვიზიოთერაპიისას, ხომ შეიძლება? ვიზიოთერაპევტი სწორედაც რომ ჩემი და სხვების თავის მკურნალია. აქ ხომ შვილი, მშობელი ან სხვა ვინმე არ მოგვყავს, არამედ საკუთარი თავი, რომელსაც ვერ მოვუარეთ, ანდა კიდევ ვერ გავუმკლავდით და ახლა მისი დახმარება გვესაჭიროება.

მაშ ვინ ვარ მე და რა მინდა ჩემგან? პეტრე ივანე, დავიბადე გასულ საუკუნეში, აღვიზარდე მონობასა და ილუზიაში, გამოვედი ბრიყვი და უქნარა. კარგი ასატანია ასეთი სახლში? თან მუდამ შენს გვერდით? ვეჭვობ. მაგრამ გამოსავალი. აუცილებლად უნდა იყოს. ზოგჯერ სხვები ისე მიშლიან ნერვებს, რომ მავიწყდება როგორ მეზიზღება თავი. ამიტომ გთხოვთ, ხალხნო შემეშვით! მე თქვენზე მეტად არ მსურს საკუთარი პრობლემების მოგვარება? რატომ არ შეიძლება ყველამ თავი დამანებოს, რატომ ირევა ამდენი ხალხი ჩემს ირგვლივ და თან ყველა მეჩხუბება? ისეც ნუ იზავთ, რომ თქვენი შემყურე, საკუთარი თავი შემიყვარდეს! ძალიან გთხოვთ, რა! მაგრამ, მე ხომ ვიცი, რომ ჩემი პრობლემა ჩემშია. რომ ვიცოდე როგორ მოვუარო თავს, არ ვიქნებოდი ასეთი დაძაბული. მაშ წავიწიოთ წინ. დაძაბულობა ვახსენეთ: ვიძაბები, ვიძაბები, რაღაცეებს ვითმენ და შემდეგ, ალბათ, ამის გამო დგება კრიზისი. აფეთქება. აბა რას იზავს? ხდება იარების მოშუშება და გარკვეული ხნის მანძილზე ისევ კმაყოფილი ვარ. შემდეგ ახალ წრეზე მივდივარ და ასე უსასრულოდ. გამოდის, სანამ სიზუსტე არ მიიღწევა, ყოველ კონკრეტულ სიტუაციაზე არ მექნება პასუხი, მანამდე მძიმე ფიქრებიც არ შემეშვება. მაგრამ არის ერთი ხერხი, რომელზეც ვმსჯელობ აქ. იქნება საკუთარ თავში გარკვევა დამეხმაროს ამ ქაოსის დალაგებაში. მართლაც, თუ რა გვინდა თვითონ არ ვიცით, როგორ მივაღწევთ მიზანს უმოკლესი გზით. ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ეს შეიძლება მეთქი. საკუთარი თავის აღზრდა, განვითარება. არაა აუცილებელი სირაქლემას პოზაში ყოფნა. მაგალითად, როცა გვშია, გვწყურია, რაღაც გადაუდებლად გვინდა, მაშინ უფრო უკეთესად ვმართავთ თავს. იმიტომ ხომ არა, რომ სიტუაციაში გარკვეულობა შედის? გვშია? უნდა ვჭამოთ. ამაზე თავის მტვრევა არ ღირს. მაგრამ, როცა ყველაფერი გვაქვს, აი მაშინ არის ძნელი გარკვევა. რა გვეკუთვნის? ამის გასარკვევად, დადებითი მხარეებიც უნდა ჩამოვთვალოთ: ჩემი თავი არის განათლებული, კი, შრომისმოყვარე, ჯიუტი და შეუპოვარი დასახული მიზნის მიღწევაში. საგულისხმოა, რომ თუ საკუთარი თავი სიამოვნებას მანიჭებს, მოწყალედ ვუყურებ და ისე არ ვერჩი; აი, თუ უსიამოვნებას, ო, მაშინ კი ვბრაზდები. გამოდის, რომ არც მე ვარ სამართლიანი. ვიქრთამები. სინამდვილეში კი, ვერ ვმართავ და ვუგებ ჩემს თავს. რადგან საკუთარი თავის ვერაფერი გამიგია, მოდი შორიდან მოვუვლი და ვიფიქრებ, საერთოდ რა სურთ ადამიანებს? ან მე რას ვისურვებდი სხვისთვის? სხვა ადამიანებსაც სჭირთ ასეთი რამ; არ საუბრობენ საკუთარ სურვილებზე და თუ მაინც ათქმევინე, მერე სწყინთ. ისე, უნდა მივეჩვიო "მე მინდა", "მე მსურს" სიტყვების გამოყენებას, ღიად ვისაუბრო საკუთარ ინტერესებზე. ასე უფრო გულახდილია და გამბედაობის ნიშანიცაა. მაშ, რატომ არის ამხელა აგრესია დაგროვილი ჩემში? რატომ ვარ განრისხებული? რატომ მიჭირს ასე საკუთარ პრობლემებზე განსჯა და ფიქრი? ტკივილის გამო? შიშის გამო? შესაძლოა. როცა სხვას ეხება საქმე, ემოცია არ მაწუხებს, მხოლოდ გონებით განვსჯი; აი, როცა საკუთარ თავზე მიდგება საქმე, მაშინ კი იცოცხლე, მახსენდება განცდის ყველა დეტალი, რაც ჩემს კონკრეტულ გადაწყვეტილებას შეიძლება მოჰყვეს და მაშინებს. გარდა ამისა, არის დეტალები, რომლებიც მამართლებენ კიდეც და მხოლოდ ძალიან ახლოდან განსჯისას ამოტივტივდება ხოლმე. ავიღოთ, თუნდაც მამაჩემის მაგალითი. რადგან ჩემი შვილი მისი მოსავლელი არ არის, ორივე ტკბებიან ურთიერთობით – ბაბუაც და შვილიშვილიც. მაგრამ სულ სხვა დამოკიდებულება ჰქონდა ჩემთან. ეტყობა, კარგად მოეხსენებოდა ბავშვის გატუტუცების უარყოფითი მხარეები და მაშინ უფრო მკაცრი იყო. გამოდის, ქცევა ადამიანზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ მის მოვალეობასა და ინტერესებზე. თუმცა უნდა ვაღიარო, კარგად რომ ვერკვეოდე საერთოდ რაზეა საუბარი და რა სფეროში ვიხედები, ალბათ ყველაფერი გაცილებით იოლად მოგვარდებოდა. მე მაინც შიში მგონია დამნაშავე იმაში, რომ საკუთარ პრობლემებს ვერ ვაგვარებ. ვნახოთ. ამ მხრივ კარგი იქნება ალბათ იმ ადამიანის წარმოდეგნა ჩემს ადგილზე, ვინც მიყვარს. ვიზიოთერაპიის მიდგომიდან კარგად ვიცი, რომ ცალსახა შეხედულება ყოველთვის მცდარია. ამიტომ არ ვიკლავ თავს და მსურს ჯერ გავერკვე, ვინ არის დამნაშავე ჩემს გასაჭირში, მე თუ ჩემი თავი? მინდა, რომ ფსიქიკის საკითხები ისეთივე ნათელი და პროგნოზირებადი იყოს, როგორც მათემატიკა. მე კითხვას ასე ვსვავ: რატომ არ უნდა იყოს ამგვარად? თუ მეცნიერება და ცოდნაა, იქ ადგილი არ უნდა რჩებოდეს მკითხაობისათვის. მიმაჩნია, რომ ეს სავსებით შესაძლებელია. საჭიროა მეტი შრომა. ხომ დასაშვებია, რომ ადამიანი ბუნების შექმნილი რობოტია, რომელიც მხოლოდ იმიტომ აღგვაფრთოვანებს, რომ ვძრწით მისი საიდუმლოს წინაშე. მაგრამ ასე ძრწოდნენ ჩვენი წინაპარნი მეხის წინაშეც, ღმერთადაც კი შერაცხეს იგი და ზევსი უწოდეს. ჩვენც ასე მოვიქცეთ? ვეჭვობ. ჩვენი ვალი სინამდვილის მიგნება და ხალხის ჭეშმარიტებისათვის ზიარებაა. მოკლედ, საკუთარ თავს ვუბრუნდები. ალბათ, ყველას აქვს სასაყვედურო მისდამი. ჩემს ცხოვრებაშიც იყო ნეგატიური მომენტები. მაგალითად, შიშის. ვერ ვპატიობ საკუთარ თავს, რომ რაღაც მომენტში მეტი გამბედაობა ვერ გამოვიჩინე, ვერ დავიცავი ახლობელი ადამიანი, ვიღაცას ბოლომდე არ მოვთხოვე პასუხი ან დაწყებული საქმე ვერ მივიყვანე ბოლომდე; ვიღაცის წინაშე დაუმსახურებლად დავიმცირე თავი,  მეტად არ ჩავეჭიდე ბედის ნაჩუქარ სიყვარულს; საბოლოო ჯამში კი, ის ადგილი ვერ დავიმკვიდრე ცხოვრებაში, რომელსაც ვფიქრობ, ვიმსახურებდი. შესაძლოა ვინმემ ჩემი ცხოვრება წარუმატებლად და გაცდენილად ჩათვლოს. მაგრამ, მეტი რა ვთქვა, აი ეს არის, რაც არის და ითქვა. ახლა დადებითიც: ერთ საქმეს მაინც გამოვეკიდე და ის მაინც მივიყვანე ბოლომდე, მყავს არაჩვეულებრივი მეგობარი მეუღლე და შვილები, საუკეთესო არსებები, რომლებიც მიყვარს. შესაძლოა, კიდევ მეტი ზრუნვა და სიყვარული უნდა გამოვამჟღავნო ნათესავ–მეგობართა მიმართ და მედგრად დავუხვდე მტერს, მაგრამ აი, სულ ეს არის. არის ამაში რაიმე ზებუნებრივი და საცახცახო? მაშინ რატომ მიჭირდა ასე ამის აღიარება, ხმამაღლა თქმა, ყვირილი? ალბათ, იმიტომ რომ საკუთარი თავისგანაც კი მტრის ხატის შექმნა მეწადა. გამოდის, აქაც შიშმა მომატყუა. მე არ ვარ ისეთი ცუდი, როგორც მეგონა – აი ვხვდები. თუ ყინული არ დაიძრა, არც დაიწყებს ლღობას. დიდი გზა პირველი ნაბიჯით იწყება. ის უნდა გადავდგათ და საბურველიც დაიწყებს ჩამოხსნას. ძალიან მიკვირს აქამდე რატომ არ ვთქვი ეს და რას ვუფრთხოდი? მყისიერად ათავისუფლებს შებოჭილობისა და იჭვნეულობისგან. უნდა გავაანალიზო რის ხარჯზე, რატომ ვხდები კარგად? შესაძლოა, მანამდე რამდენიმე დღეც კი ცუდად ვიყო, ვიტანჯებოდე. აბა, ახლა რა მოხდა? იმ დღესაც, სიამოვნება მენატრებოდა, მერე ამაზე გავბრაზდი, ალბათ, საფიქრალიც დამიგროვდა. ახლაც, თითქოს ბოლომდე არ ამომიწურავს, მაგრამ უკვე შვება ვიგრძენი, რა შედარებაა! სითბო ჩამეღვარა გულში. რა იყო ეს? რა მოხდა? ასე იყო უწინაც, უფრო ცუდადაც რომ ვყოფილვარ. ეს არის ყველაზე მტკივნეული პროცესი, რომელიც მაწუხებს და აუცილებლად უნდა დადგინდეს. ასე დროდადრო მომივლის, მძაბავს და მიდის მერე. რა ხდება, ეს რა უბედურებაა? ცხადია, გამარჯვებული ყოველთვის მე გამოვდივარ, მაგრამ როდის დამაღალატებს ეს შინაური მტერი, გამცემი, ვინ მეტყვის? არავინ მოიტყუოს თავი და სხვა რამეს გადააბრალოს. არც შიმშილი, არც ტკივილი, მარტოობაც კი, აქ არაფერ შუაშია. ასე განსაჯეთ, თვითონ ფიქრიც კი არაა შუაში. ახლა რომ საკუთარ თავს არ ვეკითხებოდე, შეიძლება არც გამხსენებოდა და ისე ჩაევლო სატკივარს. მაგრამ რაღაც ხომ ხდება? თან სად? საკუთარ სხეულში! ასეთ დაძაბულობას აბა, რა იწვევს? არის ერთი მოსაზრება, რომ რაღაც ძველი ბოღმა გამოდის ჩვენი გულის სიღრმიდან და ეს გვხდის ცუდად, შინაგანად გვაშინებს და გვძაბავს. ამ დროს, ასეთი ფიქრიც, შესაძლოა სხვა სავარჯიშოებიც ხელს გვიწყობს განმუხტვასა და შვების მონახვაში. ალბათ, ამიტომაც განვიცადე ხალხმრავლობა ასე მძაფრად. მე ხომ საკუთარ თავთან ყოფნა და განმარტოება მსურდა. თუმცა, ვაღიარებ, ზედმეტი მომივიდა, ისედაც გადამივლიდა. მაღიზიანებს ისიც, რომ ეს ბოღმაა თუ რაღაც ჯანდაბაა, კონცენტრაციას მაკარგვინებს! სხვაზე ვერაფერზე ვეღარ ვფიქრობ და ვაგვარებ, ესეც ხომ მძაბავს დამატებით? ისე რა დასამალია, ამაზე გამახსენდა, მაგალითად, თუ შევატრიალებთ და ბოღმის მაგივრად სიკეთე და სითბო გამოვა გულიდან ხომ კარგი, მაგრამ მაშინაც განმარტოება მინდა ხოლმე. ალბათ, კარგად რომ შევირგო. რა გამოდის ახლა? კარგი ხდება ჩემს თავს თუ ცუდი, ორივე შემთხვევაში ვუფრთხილდები ამ ამბავს და ილეთებს ვიგონებ შესარგებად, ვარგა ვითომ ეს? ხომ შეიძლება ვინმემ არანორმალურად ჩამთვალოს? ან მე თვითონ კი დარწმუნებული ვარ ნამდვილად, რომ სხვებიც ასე იქცევიან? არა, სჯობს არც კი ჩავეჭიდო ამ მოსაზრებას. სხვა რამეებიც უნდა გავიხსენო, ერთმანეთს შევუდარო, გადავამოწმო. ეშმაკი დეტალებშია. ამის გარეშე დასკვნა არ დაიდება! აი მაგალითად; ახლა ხომ უკეთ ვარ, მაგრამ მაინც მწყინს პატარა რამეები, წყენები დაუპატიჟებლად შემოდიან ჩემს გულში და როგორც შემოდიან, ისე გადიან, ვითომ წყალს ჩაუვლიაო. მერე სრული ნეტარება მეუფლება. ოჰ, კარგია. არადა, ვერც იმას დავიჩემებ, რომ მეხსიერება წამერთვა და ჩემს თავთან ბრძოლაში გამარჯვებამ საერთოდ უკვალოდ ჩაიარა. ის საკითხები, რაზეც ვიფიქრე მომავალშიც აუცილებლად სასარგებლო სამსახურს გამიწევს. მაგრამ... მთავარი თითქოს მაინც უფრო ჩემს გულში მოგვარდა, თან ჩემდა უკითხავად. ვეჭვობ ეს ამბავი ჯერ კიდევ წუხელ დაიწყო შვებისმომგვრელი ხილვა–განცდა რომ მეზმანა. მაშინვე უნდა მიმხვდარიყავი, რომ კათარზისი ცხადშიც მელოდა. ამდენს ხომ აღარ ვიღელვებდი? ეტყობა მაინც ბევრი ასაკის და გაგების ადამიანი ცხოვრობს ჩემში, ჩხუბობენ და რიგდებიან უჩემოდ. რომ არა ვიზიოთერაპია მათზე დაკვირვებასაც კი ვერ შევძლებდი. მაგრამ იქნებ ყოველივე ეს ზედმეტია? გარდა იმისა, რაც აქ დავწერე, ვინ მოსთვლის კიდევ რამდენ აზრს გავყევი დღეს, ბევრი აღარც მახსოვს. ვეჭვობ და მეშინია ამდენი ფიქრიც თუ სიკეთის მომტანია? იქნებ ეს ჩაღრმავება საკუთარ თავში ფუჭია და თავის მოტყუება? მაგრამ... აკი მე თვითონ ვთქვი, რომ ბრძოლაში გამოყენებულ მიგნება–ფიქრებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მერეც მოაქვთ სარგებლობა მეთქი? მშვიდად, მაგრამ მეთოდურად ცვლიან უკეთესობისკენ მას. გამოდის, არც ისე ფუჭი ყოფილა, მაგრამ კი დამღალა ამ ორი დღის მანძილზე. მაპეტიე ჩემი თავო, მეტს ვეღარ მოგისმენ დღეს, დასვენება მსურს. მერე კი გავაგრძელოთ. ჯერ ბევრი რამ მაქვს გასარკვევი შენთან და ჩემშიც კიდე. აუცილებლად უნდა შევიგრძნო სიმართლე სწორად ვიქცევი თუ არა ამ ჩვენი კამათის დროს. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ხომ მოგვიწევს. ნელ–ნელა ისევ ავკრიფავთ წყენას ერთმანეთზე და დაგროვებული ბრაზის ახალი ტალღა მოაწყდება ჩვენის სიმშვიდის ნაპირებს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ ხომ უნდა ჰქონდეს ამას დასასრული ოდესმე? ნუთუ რაღაც მეშლება და უბრალოდ ძალიან მიჭირს სირთულეებთან გამკლავება? ემოციების ამბოხი მშვიდად ცხოვრების და მომავლის იმედის საშუალებას ამ მაძლევს? არა მგონია. რადგან ამდენს ვხვდები და სათქმელსაც ვალაგებ, ეჭვის საფუძველიც კლებულობს, მაგრამ აი ჩემი თავის რეაქციების წინასწარ განჭვრეტაზე კი ნამდვილად არ ვიტყოდი უარს. მინდა ზუსტად ვიცოდე ვისთან მაქვს საქმე და რას უნდა ველოდო მისგან. ეს საუბარი ძალიან მეხმარება ამაში, მაგრამ უკვე მიზნის მიღწევა მსურს, მინდა საბოლოო წერტილი დავსვა, შევიცნო საკუთარი თავი! არადა, ისევ ხდება გაუგებრობები და ისევ ჩხუბი გვიწევს. რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიძლია ნაცნობ–მეგობრებით, ახლობლებით და საქმით შევიქციოთ თავი, ანდა სხვაზე ვიყაროთ ერთმანეთის ჯავრი, მოკლედ ყველა ხერხით ვეცადოთ დავივიწყოთ ჩვენს შორის არსებული უთანხმოება, გადავერთოთ, როგორც სხვები აკეთებენ ამას, მაგრამ... ასე თავის მოტყუებაც მოგვბეზრდება ოდესმე და ისევ ამღვრეული თვალებით დავუპირისპირდებით. იქნებ მე მჭირს რაღაც და საკუთარ თავთან ურთიერთობის ბრალი სულაც არაა? ხომ შეიძლება რაღაც ფიზიკური ავადმყოფობა მჭირდეს, რომელიც სინამდვილეში მაწუხებს, მე კი ყველაფერს ჩემს თავს ვაბრალებ? არ ვიცი კონკრეტულად რა, მაგრამ ხომ არის უამრავი სენი: ნერვების, ჰორმონების, ნეირომედიატორების? თუ ასეა, ეს სულ არ მახარებს. რომ შემეძლოს გარედან, სრულიად მიუკერძოებლად შევხედო თავს! მერე რამდენიც უნდა იმდენი სურვილი აღმეძრას, ისე ვეღარ მომატყუებს. მაგრამ ხომ შეიძლება, ამის ნაცვლად, ჩემს მსგავს სხვა ადამიანზე ვიფიქრო ჯერ, რომ გამიადვილდეს? იმისათვის გამოტანილი დასკვნა ჩემს თავზე ფიქრშიც ხომ წამადგება? არადა როგორ დამჭირდებოდა! სიმართლე რომ მეცოდინება მერე უფრო შევძლებ თავის შეცოდებას; მეც ხომ ადამიანი ვარ; თუ სხვას ვუგებ და უამრავ სისულელეს ვპატიობ, ჩემმა თავმა რაღა დამიშავა? სწორედ ახლა გამახსენდა, რომ იმ პერდიოში, დიდად უგულებელვჰყოფდი შინაგან ხმას; საერთოდ არ ვფიქრობდი პირადზე, ყველა მტკივნეულ თემას გვერდს ვუქცევდი და ვიმედოვნებდი, რომ ისეც გავიდოდი ფონს. არ გამოვიდა. მაგრამ, მეორე მხრივ, სულ რომ თავზეც გადავყვე, მაშინაც გვიწევს ჩხუბი. მოკლედ, უკვე გადავიღალე და ჯობია შევეშვა დროებით. ძალებს მოვიკრებ და მერე უკეთესად გამოჩნდება. მოიცა... რა გამოდის? ვაქცევ ჩემს თავს ყურადღებას თუ არა, მაინც ვღელავ? ამდენი საუბრის შემდეგ თუ ისეთივე უკმაყოფილების გრძნობა მაქვს, როგორც დასაწყისში, შფოთვა არ ყოფილა ამაზე დამოკიდებული და ეგაა! მაგრამ, მაშინ, ასეთი აღზნება რამ გამოიწვია? შესაძლოა, არც მთლად ისეა საქმე, მე რომ მგონია. შესაძლოა დაძაბულობიდან გადართვა მთლად ჩემს თავთან ურთიერთობაზე არაა დამოკიდებული. არადა შებოჭილობა სახეზეა, რადგან ადვილად ხუმრობაც კი არ გამომდის. მოკლედ, ეს ამბავი უნდა გავარკვიო უეჭველი. ძნელი იქნება. 

იმავე კვირა დღის საღამო...

ცოტა ვიფიქრე თუ ბევრი იმ დასკვნამდე მივედი, რომ შიში არის შფოთის ქვაკუთხედი. რაღაც სერიოზული ემოცია ფიქსირდება ჩემს ფსიქიკაში, რომელიც უაზრო ქმედებისაკენ მიბიძგებს. სულ არაა გასაკვირი, რომ მას ეშმაკის ძალას ან ბოროტ სულებს მიაწერდნენ; იმდენად არაადექვატური ვხდები. ისე, შედარებისათვის მსგავსი რეაქცია ადამიანებს აღენიშნებათ ძლიერი ტკივილის, ძლიერი ტრაგედიის ან ძლიერი უიმედობის დროს. დავაფიქსირე ასევე, რომ შედარებით ნათელი პერიოდის დროს წონასწორობის აღდგენა შედარებით უმტკივნეულოდ გამომდის. ანუ შემეშინდება ცოტა, გამოვალ წყობიდან და მალე თვითონ მაბრუნებს სასიამოვნო კალაპოტში. ეს შეიძლება გამოდგეს შიშზე დაკვირებისათვის. მაგალითად, შიმშლზე რომ თქვი უწინ: ძლიერი მოთხოვნილების დროს უფრო ადვილია რისკი და ნებისმიერი შინაგანი დაბრკოლების გადალახვა, თითქოს ბუნება გვეხმარება და თვითონ გიბიძგებს სწორი ქმედებისკენ. გამოდის, რომ კრიზისს გაზულუქება უწყობს ხელს, რადგან გაცილებით მეტი ჯაფა მჭირდება იდეალური ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესანარჩუნებლად. 

თუ კარგად დავუგდებთ ყურს თავს, უამრავი კომპლექსი ამოტივტივდება და ხანდახან ვფიქრობთ თუ ასეთი საშინელება ვართ, ოდესმე გვეშველება? ან კი, ვის შეიძლება ასეთი ვუყვარდეთ. გამოდის, რომ ვცდებით. არც ისეთი საზიზღრები ვართ როგორც გვგონია. ასე გვეჩვენება გარკვეული მიზეზის გამო, რომელიც უნდა დადგინდეს. ხომ ძალიან კარგი იქნება ერთ დღესაც ჩვენი თავის კომპლექსი რომ მოგვეხსნას, რომ შეგვიყვარდეს საკუთარი თავი. იმ დადებითებზეც რომ გავამახვილოთ ყურადღება რომელიც გვაქვს. ყველანაირი ხომ ვერ ვიქნებით? ამას არც არავინ გვთხოვს, ჩვენი თავიც კი. მიზეზი სულ სხვაა და ის იგივე გაზვიადებაში იმალება, რაშიც ნებისმიერი სხვა პრობლემა. შიშის ასეთმა უაზრო ბუნებამ და ზედმეტმა მონდომებამ ბოლო–ბოლო საკუთარი თავი დაღუპა. მე მივხვდი, რომ ეს მექანიზმი უბრალოდ მოშლილია ჩემში, სავარაუდოდ "ძვირფასი" ენერგოვამპირების გამო და სანდო აღარაა. თუმცა ენერგოვამპირებამდეც იყო სადისტების ხანა და ნერვოზის ეპიზოდიც კი. მაგრამ მათ ასეთი ინტენსიური სახე არ ჰქონდა, ენერგოვამპირთან კი მუდმივი სტრესი იყო და შესაძლოა სწორედ მისმა ქრონიკულმა სახემ მოშალა სისტემა მთლიანად. ალბათ, ერთნაირად ვკანკალებდი 20 წლის წინადაც, როდესაც შიმშილი მაწუხებდა და 10 წლის წინადაც, როცა ტაჯვას ვეღარ გავუძელი. მოკლედ, ბევრმა თვითჩაგვრამ ეს შედეგი გამოიღო. აჰ! არა, რა შედარებაა? ენერგოვამპირებთან ურთიერთობა ახლაც მიწევს, მაგრამ იმ გავლენის ნატამალიც აღარ არის, როგორც ადრე მთრგუნავდა. უბრალოდ, დროდადრო მახსენდება ის წყენა და კვლავ შემაშფოთებს ხოლმე; ესეც უნდა ვაღიარო. მე კარგი, მაგრამ მაშინ სხვებს რა სჭირთ? მოკლედ, საკმაოდ ახლოს მივედი გამოცანასთან. ამ მხრივ, საინტერესო იქნება ჰორმონების ამბავი. ხანდახან ვგრძობ, რომ ყველაფერი სულერთია; მომეტებული სიფრთხილისგან ვთავისუფლდები ამ დროს...

ორშაბათი, 9:50 AM 1/25/2016

დღეს რაღაც განსაკუთრებული შემართებითაც ვარ და ცოტა ნირწამხდარ–გაკვირვებულიც. შემართებას ის იწვევს, რომ ამჟამად ვფიქრობ: შიში არა იმდენად რეალობის, რამდენადაც ჰორმონალური დარღვევის შედეგია, კერძოდ, კორტიზოლის სიჭარბის. ნირწამხდარი, იმიტომ რომ ასეთი ფსიქოლოგიური წიაღსვლები შეიძლება არ იყო აუცილებელი; ხოლო, გაკვირვებული, იმიტომ რომ უბრალოდ არ ვიცი როგორ გავაგრძელო ცხოვრება, რომელ გზას დავადგე. ალბათ, ყველაფერი ეს ნელ–ნელა დალაგდება. ახლა კი, გადაუდებელი საქმეები მელის წინ. ასე რომ, გასართობი ჯერ–ჯერობით მაქვს. ისე, ამ პერიოდში იწყება ხოლმე ჩემი გამოსვლა რაღაც მდგომარეობიდან და შესაძლოა ფიქრების ამ მძიმე ფარდას ამ ჯერზეც დავაღწიო თავი. 

იგივე დღე, 3:31 PM 1/25/2016 საქმეები მოვაგვარე, თავს კარგად ვგრძნობ. ყველაფერი რომ მოვითავე, თან წარმატებით და აღარაფერი დამრჩა გასაკეთებლი, აზრად მომივიდა: ხომ არ დადგა დრო შემეშინდეს? თუმცა,  მაშინვე ყოჩაღად დავუპირისპირდი: კი მაგრამ რისი? რას უნდა ვუფრთხოდე? რა არის საშიში? დავსვი თუ არა ეს კითხვები, შედეგიც მივიღე: იმ დღეს აღარაფერს შევუწუხებივარ. კითხვაც კი გამიჩნდა: ნეტავ, სხვა ადამიანები სარკეში რომ იხედებიან, ოდესმე საკუთარი თავის სიყვარულს თუ გრძნობენ?

სამშაბათი, 2:31 PM 1/26/2016 დღეს, დემონთან დაკავშირებულმა დაკვირვებამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, ხომ არ არის ჩემი პრობლემა მაინც შინაგანი კონფლიქტის ბრალი? ისე ნათლად გამოიკვეთა, რომ საკუთარ თავზე საერთოდ არ ვზრუნავთ, ვიყენებთ მას და მერე კიდევ დიდი პრეტენზიები გვაქვს. არა სექსი, არა გართობა, არა ჩაცმა–დახურვა, ყველაფერი, რაც მას ეამებოდა. მარტო საკუთარი გონების გადაწყვეტილებებით ვხელმძღვანელობთ და ჩვენს ჭკუაზე ვატრიალებთ. თავს ვიტყუებთ, რომ ყველაფერს მისთვის სასიკეთოდ ვაკეთებთ, სინამდვილეში კი... ასე ხომ მშობლებიც თავის საქციელს შვილების ინტერესით ამართლებენ და რას იღებენ სანაცვლოდ? თუნდაც ფიზიკური ვარჯიში ავიღოთ, როგორ გვსიამოვნებს, შემდეგ როგორ გვადუნებს! გვგონია, რომ ჩვენს სხეულს მოდუნებაც კი არ სჭირდება, ყველაფერს აიტანს; რატომ ვართ ამაში ასე დარწმუნებული? რადგან არავის უსწავლებია ამის აუცილებლობის თაობაზე, თუ ასე გვაწყობს? თუ სხვის მიმართ ვართ ლმობიერი, საკუთარი თავის მიმართაც არ იქნება ურიგო ასე განვეწყოთ.

ოთხშაბათი, 8:16 AM 1/27/2016 დადგა ნინოობა. დღეს გამახსენდა, რომ კი, თუ მთელი ცხოვრება არა, ნახევარი მაინც თავის მოთოკვას მოვანდომე. არა თავქარაინობა, არა თავისუფლება და ა.შ. ამ სიმკაცრეში კი, სწორედ ჩემი სხეული მიშლის ხელს, რომელიც ბევრ რამეს მთხოვს. მე მას ვებრძვი, რათა საკუთარი კეთილდღეობა, უფრო სწორედ "უსაფრთხოება" დავიცვა. აქაც შიშის გამო ვაკეთებ, ასე გამოდის. თუმცა, როგორც ადრე ვთქვი, რომ მივყვები ჩემს სურვილებს, მაინც ცუდად ვხდები. ისევ ჩიხში შევედი? სხვა ადამიანებთან ურთიერთობის დროს როგორ ხდება? თუ უკვე აწყენინე, შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა შველის? თუ ჩემს თავს ისე ფრთხილად მოვეპყრობი, როგორც სხვას, ალბათ გაუგებრობაც ნაკლები იქნება. სწორედ სხვების აღიარების შემდეგ დავიწყე შენი დაფასება, ჩემი თავო. გამოდის, რომ მართლაც უცხო ვართ ერთმანეთისათვის მე – გონი და შენ ტვინი. მე პროცესი ვარ, თვითონ ფიქრი, შენ კი ტვინი–სხეული. გონის საფიქრალია როგორ მოეპყრას სხეულს და საერთოდ, ვინაა ის ადამიანი, რომელიც მას შობს. დასკვნა ისეთი მოდის, რომ სხეული, ახალგაზრდობა გვაქვს ერთადერთი, რაც ღირებულია და უნდა მოვუფრთხილდეთ. სჯობს, საკუთარ თავს ისე მოვეპყრათ, როგორც მგძნობიარე ადამიანს და არა როგორც მანქანას. საკუთარი თავთან პრობლემა, პირველ რიგში, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას აფუჭებს. მე ხომ ადამიანად საკუთარ თავსაც არ განიხილავ...

10:42 AM 1/27/2016 არა, არ ღირს ზედმეტი გადაყოლა საკუთარ თავზე! ამდენი სიამტკბილობაც მოსაბეზრებელია. ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ახლობელ ადამიანთან. უზომო კარგიც არ ვარგა. აბა, მაშინ გამოსავალი რა არის? აი, უბრალოდ ვფიქრობ ახლა... წავეთამაშები დროდადრო და ეგ არის? იეჭვიანებს ჩემი თავი გონზე, რომელიც უფრო ახლობელი გახდება ჩემთვის და აი ჩხუბი მაშინ ვნახოთ სწორედ. არადა მართლა ვერ ავიტან საკუთარ თავთან ხელიხელ ჩაკიდებული სეირნობას. 

3:45 PM 1/27/2016 ახლა კი ვმეგობრობ თავთან, მაგრამ მე მგონი ზედმეტია უკვე. ალბათ, გასავლელი ეტაპია ესეც, მუდამ ასე ნაღდად ვერ გაგრძელდება. ისე, სასიამოვნო კია საკუთარი თავისათვის სიამოვნების მინიჭება, მაგრამ როდემდე? წინასწარ ვიცი ბოლოს რაც იქნება. მიხვდები, რომ არც ჩემი თავია ანგელოზი, შეცოდების ნაცვლად აგრესია წამოვა. ბრაზი თვითონ არ მომეწონება და ამდენი ვაი–ვაგლახით თავის ადგილს იპოვის ჩემი თავი ჩემივე გულში. არც მეტი, არც ნაკლები. განვაგრძოთ ძებნა, კონკრეტულად რაში და როგორ ვტყუვდები.

5:06 PM 1/27/2016 დავიღალე უკვე. უნდა გადავხედო ნაწერს, ერთიდაიგივეს ხომ არ ვიმეორებ იმ დღევანდელივით? კი ბატონო, უკვე წრიალი და წრეზე ტრიალი დამიწყია. გამოცდილებით ვიცი, ეს მხოლოდ მაშინ ხდება, როცა რაღაც აზრი მწიფდება ჩემში და გონებრივი მშობიარობა მელის. სწორედ ორსულის ჭინთვები მაშინებს ახლა. პანიკაში ვარ. მეტი მოთმინება და სიდინჯე მმართებს. მშიშარა ვარ. მაგრამ რა იბადება? ამაშია საქმე. ვერ ვწყნარდები, ვეღარც ვწერ... მინდა სხვა რამეს დავაბრალო, მაგრამ თავს ვეღარ ვიტყუებ... ძალიან ვიძაბები... უჰ, ცოტა მომეშვა. რადგან სული მოვითქვი, შემიძლია ცოტას მივედ–მოვედო კიდევ. ბოლო დროს, გაბრაზება მსიამოვნებს და ეს მახარებს. განცდა იგივეა, როგორც უწინ, სამაგიეროდ გამოვლენისას უფრო წინდახედული გავხდი. ძველს სჯობია. მხოლოდ ცუდად ყოფნის დროს რომ მომეპრიანება ყველა სურვილის ასრულება. აი ეგ რაღაა? სხვა დროს მაინც ვუკრძალავ თავს სიამოვნებას? თუ ჩვევის ბრალია და საკუთარი თავისათვის ისევ სიამოვნების ჩაშხამებას ვამჯობინებ, მერე არ ვნანობ ხოლმე? ახლა ნინოობის აღსანიშნავი სუფრა მელის წინ, რაც მაინცდამაინც არ მახარებს. ალბათ, სხვის დაკრულზე ქეიფი არ მიზიდავს, მით უმეტეს იმ ხალხის, ვისაც აქეთ ეიმედება ჩემი. მწყინს, რომ ვერ ვამართლებ იმედს. მაგრამ ამისათვის მაღლა ფრენაა საჭირო, მაღლა ფრენისათვის კი, ფრთები, რომელთა ძირში მოჭრა არასოდეს ეზარებათ ჩემს "ძვირფასებს". მე კი უფრო მაღლიდან ძირს დანარცხება სულ არ მეპიტნავება. ახლა ეს რა შუაშია? სჯობს ამოხსნაზე ვიფიქრო, რომელიც არასდროს ყოფილა არასრულყოფილი. თუ ასე მეჩვენებოდა? არადა ახლა ისევ ბრაზზე მომივიდა აზრი, ღმერთო ჩემო, რა ორომტრიალია ჩემს თავში? გამახსენდა, რომ მრისხანებას არა მარტო სხვისი სიბრალულით შევეშვი. მეც აღარ მსიამოვნებდა. როგორც ვთქვი, ძველებურ შემართებას დიდი ხანია გრძნობ, მაგრამ რატომ გადადიოდა ის დაუკმაყოფილებაში? ისევ, თავის სიძულვილის გამო. რა არის მანიაკალური მოტივაციის მახასიათებელი? კარგი, დაიწყო ისევ... შეგახსენებ, ჩემი მიზანია ამ ჩანაწერებს გადავხედო და გამოვიტანო კონკრეტული დასკვნა, როგორ მანთავისუფლებს ფიქრი. ამის მსვლელობის ცოდნაა ახლა ჩემთვის საინტერესო, თორემ გამარჯვებაში ისედაც არ მეპარება ეჭვი.  კი, კი ძალიან საინტერესოა იმის დაჭერა, რა კონკრეტული გადართვა ხდება, რაც შვებას მგვრის? ზოგჯერ, იგი იმ კონკრეტულ ფიქრთანაა კავშირში, რომელზეც მანამდე ვმუშაობ, ზოგჯერ კი სულაც არა. რა თქმა უნდა, როცა კავშირშია უფრო ღირებულია. მაგრამ ახლა, გამოდის, ისევ წინასამშობიარო ჭინთვები მაქვს. რა მწიფდება, საინტერესო ეს არის. ჯერ კიდევ არის დრო. იქნებ მანამდე ამის ახსნაც ვცადოთ; როგორც ვჩივი ხოლმე, როცა ცუდად ვარ, მაშინ უკეთ ვმუშაობ. რა ხდება? მოკლედ, ვერ გავიგე კარგად. პრინციპში, ისევ სხვა ადამიანს რომ შევადარო საკუთარი თავი, დისკომფორტის დროს მანიპულირებას სხვაც მეტად ექვემდებარება. გარკვეული ნიადაგია შეუძლოდ ყოფნა, რადგან ადამიანს ციხის კარი ღია აქვს; ამიტომ, მასზე შეტევის მიტანა უფრო იოლია. რაც შეეხება შიშით გამოწვეულ დისკომფორტს, გონი დათრგუნულია და ცხადია, სხეული შედარებით თავისუფლად გრძნობს თავს. იქნებ სხეულს ეშინია? მაშინ, მეტი თავისფულების მინიჭებით, მსურს მას ვაამო. რატომ ვფიქრობ ამ სისულეებზე ან რა შანსი მაქვს სიმართლე გავიგო. ან რა საჭიროა? აი, მოიმატა გაღიზიანებამაც! ეტყობა ზედმეტი მომივიდა. არადა, ისეთი არაფერი დამიშავებია. ვაჰ, ბიჭო, რაღაც არ მომწონს ეს ამბავი, საით მიმაქანებს კი ვერ ვხვდები... "რა მინდოდა წვენებში"? საკითხავი, აი ეს არის.

8:12 PM 1/27/2016 აი, ახლა კი მნიშვნელოვანი რამ მოხდა. საზეიმო ვახშამმა სასიამოვნოდ ჩაიარა. მანამდე ხომ ცუდად გახლდით? ჰოდა, იდეალური მდგომარეობაც აღვიდგინე. ზუსტად ისეთი, როგორიც ორშაბათს, კვირას გადატანილი შეტევის შემდეგ მქონდა. ამიტომაც მხოლოდ ვახშამს ამ ფერიცვალებას ვერ მივაწერ; მაშინაც სტრესი სრულად მომეხსნა, იმ დონემდე, რომ ფიქრიც კი აღარ მინდოდა. ახლაც ზუსტად იგივე მოხდა, არადამ მანამდე რაც მჭირდა თავად იცით, ლამის მშობიარობის შიში. კი, ნამდვილად შვებამ დაისადგურა ჩემს გულში. ყურადღების სხვა რამეზე გადატანაც მშვენივრად გამომდის, მაგრამ რად მინდა? ეს საკითხი უფრო მაინტერესებს. აღარც საკუთარ თავზე და არც აღარაფერზე ვფიქრობ, როგორც ვიწინასწარმეტყველე. ჩანს, მთავარი პრობლემა მაინც ეს მომწიფებისა და შვების პროცესია, ყველაფერი დანარჩენი კი მეორეხარისხოვანი. ამ შინაგანი ორომტრიალისგან გამოწვეული დაძაბულობაა, მე კი შეცდომით სხვაგან ვიწყებ მიზეზის ძებნას. ვაჰ, როგორ მოვიქცე? ეს შინაგანი პროცესი საიდან მოდის, ეგა არის სანახავი! არადა გაღიზიანებულზე ჯავრს სხვებზე ვიყრი, მათი ბრალი მგონია. არც იქ ვარ მთლად დამნაშავე თითქოს, მაგრამ ამას რომ შინაგაში შიშის გამო ვაკეთებ უპირატესად ეგ მწყინს. რომ არა ეს, ვითომ მაინც შევიწუხებდი სხვისი ჭკუის დარიგებით თავს? ვეჭვობ. ან, იქნებ სწორედ მოქმედება რომ მაიძულოს, ამიტომ მეჩვენება ეს შიში? არა მგონია, რადგან თავისუფლება მეტი მოქმედების შესაძლებლობას მაძლევს. შესაძლოა, უბრალოდ სიმართლეს ჯერ საკუთარი გონება მიბლოკავს, რადგან მისთვის მზად არ ვარ. ამიტომ დასაშვებია, რომ თვითონ შინაგანი პროცესის ამგვარი დრამატიზებაც ჩემი ილუზიაა. ეს სრულიად შესაძლებელია, რადგან სინამდვილეში განსჯაც ასე უფრო მოქმედებს, პირდაპირ არასდროს მივყავარ გადაწყვეტილებამდე, არამედ მოვლითი გზებით. შიშის ნებისმიერ შემთხვევაში ასეა. თუ ეს ვიცოდი, მაშინ, საერთოდ რატომ ჩავუღრმავდი ამ ყველაფერს თავიდან? ეს ხომ პარასკევს დაიწყო, როცა გავიჭედე. რა არის იცი? იდეალურად ყოფნის დროს მეტი დასვენების უფლებას ვაძლევ თავს. იქნებ... არ ვიცი მოკლედ, მაგრამ... აღარ მინდა ვიძაბებოდე. დადგება დღე, როცა სიმართლე გაირკვევა? კიდევ ორი ვერსია – უფიქრელობა და ვირუსი. ხომ... ვირუსი კორტიზოლს მომატებას იწვევს... და აი მოულოდნელად წარმოსახვაში დავინახე როგორ გამოცალკევდა ჩემი სხულიდან მთლიანად ჩემი აღნაგობის ფორმის ენერგია, მომნუსხველი შიში, დემონი... ცხადად ვხედავ, თავჩაქინდრული როგორ ნელ–ნელა მტოვებს იგი და სრული შვება, უჩვეულო განტვირთვა მეუფლება. აღარც შიში, აღარც შფოთი, უნაკლო ნეტარება და ჩუმი ქირქილი. წამიც და გაათმაგებული ხალისი, მაცოცხლებელი ენერგია მეუფლება, თითქოს იმ სატანის მონის ჩაჭმუჭნული იყო იგი ჩემ სხეულში, ახლა კი თავისუფლება იგრძნო და გაიფურჩქნა, გალაღდა. ღმერთო ჩემო, ამისათვის ღირდა ტანჯვა, თუნდაც რამოდენიმე დღის. თითქოს ახლიდან დავიბადე. კიდევ ერთ დემონს ვძლიე და მანაც ფარხმალ დაყრილმა დატოვა თავისი სამსხვერპლო. ვინ იცის ახლა ვის შეუჩნდება ან კი აპატიებს მისი ხელმწიფე ასეთ შერცხვენას? ჩემი და თქვენი დარდიც ეგ იყოს. კარგად ვიცნობ მაგ ვაჟბატონს, 20 წლის წინ ჩემი ნებითვე შემოიხიზნა ჩემს გულში, 10 წლის წინ ზედმეტად გაყოყოჩდა, ხოლო 5 წლის წინ სრულად მიმსხვერპლა. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს და მისთვის ბოლოს მოღებას შევუდექი, მაგრამ რამოდენიმე წელი ძალების მოსაკრებად დამჭირდა, შემდეგ კი მისი სირცხვილის ნახვა დროის ამბავიღა იყო. იმედია არ დაახანებს თავის ნაზირ–ვეზირებიც მოხიკოს ჩემი გულიდან და თან გაიყოლოს მოუსვლელში. შენ კი ჩემო თავო, ამისთანა მუტრუკთან თუ იყოფდი სამყოფელს, აბა, რა გასაკვირია, შეწუხდებოდი და ისევ ჩემზე იყროდი ჯავრს? მოდი, ახლა შევრიგდეთ, დავმშვიდდეთ და ახლიდან, ერთად შევუდგეთ ცხოვრებას. უფალი მეფობს და მის გულში ყოველთვის მოიძებნება ადგილი ჩვენთვის, მისი შვილთათვის.

ვიზიოთერაპევტი სანდრო ამაშუკელი
24–31 იანვარი, 2016 წელი.
TOP.GE
Comments