ეჭვიანობა

posted Jan 12, 2016, 7:15 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 8:59 AM ]
ეჭვიანობაა უდაოდ სხვისი უფლების შეზღუდვაა. მისი ბუნება ისეთია, რომ ეჭვიანი საეჭვოს თვლის მისთვის ვალდებულად და შესაბამის პასუხისმგებლობას აკისრებს მას. მოდით ვნახოთ, რა აძლევს ეჭვიანს საფუძველს იმისა, რომ საეჭვო მისთვის ვალდებულად ჩათვალოს? სექსი? თუ კარგად დავუკვირდებით ეჭვიანსა და საეჭვოს ყოველთვის რაღაც ურთიერთობა აკავშირებთ. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის სოციალური კავშირი, მაგრამ ყოველთვის მათ სიამოვნება უნდა ჰქონდეთ თანაზიარი. რატომ მიიჩნევს ეჭვიანი, რომ სიამოვნების საეჭვოსთან გაზიარებით იგი მისი ვალდებული ხდება? შიშის გამო. საქმე ისაა, რომ ეჭვიანს სიამოვნება თავის დიდ საიდუმლოდ მიაჩნია. ეს იმის გამო ხდება, რომ სიამოვნების წინაშე თვითონ ძრწის. საუბარია დიდ, გრძნობით მდიდარ სიამოვნებაზე. რაც უფრო მეტად ძლიერია ეს სიამოვნება ეჭვიანისათვის, მით უფრო ეშინია მას მისი გაზიარების და პირიქით: რაც მეტი ფსიქიკური უსაგნო შიში აკავშირებს გარკვეულ სიამოვნებასთან, მით მეტად მნიშვნელოვნად მიაჩნია იგი. მოკლედ, ეჭვიანი იმიტომ ავალდებულებს საეჭვოს, რომ მან (ეჭვიანმა) მას უფლება მისცა თავისი დიდი გრძნობის, საიდუმლოს თანაზიარი ყოფილიყო და ამდენად ამ ადამიანებს შორის ერთგვარი „თანამზრახველობა“ მყარდება. ამის საპირისპიროდ, ვალდებული ვარ მოგახსენოთ რა იქნებოდა ნორმალური სიტუაცია. როცა ერთი ადამიანი „იძენს“ მეგობარს უნდა გაითვალისწინოს, რომ იგი სრულიად ავტონომიური, ინდივიდუალური არსებაა და მხოლოდ იმიტომ რომ მისი გრძნობების გაზიარებაზე დათანხმდა, მის წინაშე არავითარი ვალდებულება არ წარმოეშვება. ესაა ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც ურთიერთსასარგებლოა. სიამოვნება, რომელსაც ისინი იზიარებენ თავისთავად ჩვეულებრივი მოვლენაა, არავითარი მეტაფიზიკური წიაღსვლები მას ბუნებით არ ახასიათებს და მისი გაზირებაც ყოველგვარი კონსპირაციული შეთანხმებების გარეშეა უპრიანი. თუ მისაღებ სიამოვნებას ასე მსუბუქად შეხედავს ეჭვიანი, მას არასოდეს გაუჩნდება სურვილი ენერგია და ნერვები დახარჯოს ეჭვიანობაზე, რაც მისთვისაც უკიდურესად მავნებელია. მაგრამ ვინაიდან ეჭვიანებისათვის სექსი არ არის ასეთი გულგრილი ურთიერთობის საფუძველი, ისინი მის გამო ყველაზე მეტად ეჭვიანობენ. ახლა მოდით ერთად გადავამოწმოთ ჩვენი მოსაზრებების მართებულება ჩატარებული კვლევების მაგალითზე.

 

დოქტორი გვენდოლინ სეიდმენი სტატიაში „სინამდვილეში რა დგას ეჭვიანობის უკან და რა ვუშველოთ მას“ ცალსახად გამორიცხავს ეჭვიანობის სიყვარულით გამართლების ნებისმიერ მცდელობას და ჩამოთვლის იმ ნიშნებს, რაც სინამდვილეში იწვევს ეჭვიანში ამ სენს:

 

1) დაბალი თვითშეფასება. როგორც მეც მოგახსენეთ, ეჭვიანის მთელი პრობლემა საკუთარი შიშის შიშით გამომდინარეობს; იგი თვითონ ეთაყვანება საკუთარ შინაგან მოძალადეებს და მთელ ამ ჯავრს შემდეგ პარტნიორზე იყრის. ასეთ მოძალადეების თაყვანისმცემელ პირს კი ცხადია მაღალი თვითშეფასება ვერანაირად ვერ ექნება.

2) ნევროტიზმი. ესაა ზოგადი მდგომარეობა, რომელიც ეჭვიანებს ახასიათებთ და აღზნებულობაში, ემოციურად გაუწონასწორებელ ხასიათში გამოიხატება.

3) მუდმივი საფრთხის განცდა და მესაკუთრეობის გამძაფრებული გრძნობა.

4) პარტნიორზე დამოკიდებულება. ასეთ ადამიანებს იმის წარმოდგენაც კი უჭირთ, როგორ იცხოვრებენ თავისი პარტნიორის გარეშე, ასეთი თეორიული დაშვებაც კი მათში კატეგორიულ უარყოფას და მრისხანებას იწვევს.

5) პარტნიორის არათანაბრობის ურყევი განცდა. ეჭვიან ადამიანებს თითქმის ყოველთვის მიაჩნიათ, რომ მათი პარტნიორი მათზე დაბლა დგას. ეს ეხმიანება ჩვენს მოსაზრებას, რომ ეჭვიანები საეჭვოს ვალდებულად თვლიან. მართლაც, თუ პარტნიორს ასე უყურებ, რომ მისთვის დიდი პატივი უნდა იყოს შენს გვერდით ყოფნა, ვალდებულად ჩათვლი მას ერთგულად გემსახუროს.

6) ქრონიკული ლტოლვა მეტი რომანტიზისამდი, რომელიც გაჯერებულია შიშით, რომ პარტნიორმა არ მიატოვოს ან რომ საკმარისად ძლიერად არ უყვარს. ჩვეულებრივ ადამიანები ასე მძაფრად არ აღიქვამენ ურთიერთობის მნიშვნელობას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან სეიდმანი ასკვნის, რომ ეჭვიანების დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ იკვებება არა სიყვარულით, არამედ საფრთხის საკუთარი განცდით. ეს სრულ თანხვედრაშია, ჩვენს მიერ გამოთქმულ ვარაუდთან, რომ ეჭვიანობის საფუძველი შიშია.

 

მე მინდა გესაუბროთ ასევე გამოსავალზე თუ რა მოუხერხოთ ეჭვიანს, თუმცა რადგან სეიდმენზე ვსაუბრობთ, ჯერ მისი რჩევები განვიხილოთ და ჩემსას მოგვიანებით გაგაცნობთ.

იგი გვირჩევს, რომ კარგად გავაცნობიეროთ: თქვენი პარტნიორის ეჭვიანობა არ არის თქვენს გამო, ისინი საკუთარი თავიდან გამომდინარე ეჭვიანობენ. აქედან მისი რჩევაა მეტი სითბო და ალერსი გამოავლინოთ ეჭვიანის მიმართ თუ ურთიერთობის შენარჩუნება გსურთ. მისი მონაცემებით, ურთიერთობები, რომლებშიც ეჭვიანებს მხოლოდ დაყვავებით პასუხობენ უფრო გამძლე და სტაბილურია. თერაპიული კუთხით სეიდმენი სწორად იქცევა და რჩევებს ეჭვიანებსაც აძლევს. მაშ რა უნდა მოიმექმედო თუ თავს ვერ იკავებ პარტნიორის იმეილების ან ფეისბუქის შემოწმებისაგან?

 

1) გახსოვდეთ რაც მეტად იქექებით პარტნიორის ფეისბუქში, მით მეტ დადასტურებას ნახავთ თქვენი ეჭვის. ეს კიდევ უფრო გააღრმავებს თქვენს ეჭვს და კიდევ მეტად მოგანდომებთ პარტნიორის კონტროლს. ეს არის ჩაკეტილი წრე, რომელიდან გამოსავალი მხოლოდ მასში საერთოდ არ შესვლაა. ანუ თქვენ თვითონ უნდა მოერიდოთ ისეთ სიტუაციებს, სადაც წინასწარ გაქვთ მოლოდინი, რომ საეჭვიანო საბაბი იქნება. ამაში მეც ვეთანხმები სეიდმანს და გარწმუნებთ, რომ ის (მოლოდინი) აუცილებლად გამართლდება, რადგან იმთავითვე თქვენი განწყობაა ასეთი.

2) მეტად უნდა იმუშაოთ საკუთარ თავზე, ვიდრე პარტნიორზე. კერძოდ ენერგია უნდა მიმართოთ საკუთარ თავში და თქვენთვის მნიშვნელოვან ურთიერთობაში რწმენის ამაღლებაზე. მე კი მოკლედ შემიძლია დავამატო, გაიარეთ ვიზიოთერაპიის კურსი ანუ იმკურნალეთ, თუ თავზე მუშაობით კმაყოფილი არ დარჩებით.

3) თუ ეჭვიანობთ, ესაუბრეთ ამის შესახებ პარტნიორს, ოღონდ არა ისე როგორც დაჩვეული ხართ: თუ კვლავ ბრალდებებით, დაცინვითა და ბრაზით დაიწყებთ არაფერი შეიცვლება. თქვენ უნდა იყოთ პირდაპირი, მაგრამ არა მტრულად განწყობილი. წყნარად აუხსენით თქვენი გრძნობები და განიხილეთ, როგორ ნახოთ გამოსავალი. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენც კმაყოფილი დარჩეთ და არც პარტნიორი დააფრთხოთ თქვენი ეჭვიანი ქცევებით. ეს სტარატეგია ყველაზე უკეთეს შედეგს მოგცემთ პარტნიორთან ურთიერთობაში სეიდმანის აზრით.

 

რაც შეეხება პირადად ჩემს მოსაზრებას ამასთან დაკავშირებით, მე უფრო ხისტი დამოკიდებულების მომხრე ვარ. საქმე ისაა, რომ ეჭვიანობა ვიზიოთრაპევტისათვის საკმაოდ მძიმე ფსიქიკური აშლილობის გამოვლინებაა, ამიტომ ჩვენც გვეპარება ეჭვი დაყვავებით და მოფერებით საქმეს ეშველოს. ყველაზე უკეთესი რჩევაა ჩვენი მხრიდან, ასეთ ადამიანს ურჩიოთ ვიზიოთერაპევტს ეწვიოს. შესაძლოა საკმაოდ ხანგრძლივი კურსის გავლა დასჭირდეს, მაგრამ შედეგი საოცარ გარდასახვას და სტაბილურ მდგომარეობას მოგიტანთ. რადგან ეს რჩევა სტანდარტული ხასიათისაა, ამიტომ დამატებით კიდევ გირჩევთ, რომ თუ ვიზიოთერაპევტისადმი მიმართვაზე უარზეა, კრიზისული მომენტები გაზარდოთ და სიტუაცია უკიდურესობამდე მიიყვანოთ. შეიძლება ამ რჩევის შეგეშინდეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეჭვიანი ადამიანი თქვენზე გაცილებით მშიშარა და გულჩვილია. ის აუცილებლად დაიხევს უკან და პოზიციებს დათმობს თუნდაც საკუთარი ღირსების შელახვის და თქვენს თვალში დამცირების ხარჯზე. როგორც წესი მისი შინაგანი შიში გაცილებით ძლიერია თავმოყვარეობაზე კრიტიკულ მომენტებში. ეს საშუალებას მოგცემთ ასეთი ადამიანი მართოთ მაინც მის მთლიანად გამოსწორებას თუ ვერ შეძლებთ. ეს პროცესი დაახლოებით ჭირვეულის მორჯულებას ჰგავს თვალსაჩინოებისათვის. ვაცნობიერებ, რომ ბევრს ასეთი გამოსავალი შესაძლოა მიუღებლად და რადიკალურად მოეჩვენოს, მაგრამ კარგად უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ეჭვიან ადამიანს თავისფულებას მივცემთ ამისათვის მძიმე ხარკის გადახდა მოგვიწევს არა მარტო საკუთარი ჯანმრთელობის განადგურებით, არამედ ყველა იმ ადამიანის შეწირვითაც, რომელთა გამო ვიკავებთ თავს უკიდურესობებისაგან; კერძოდ, შვილების, მშობლების, და–ძმების, მეგობრების და ასე განსაჯეთ შვილიშვილების და ზოგჯერ შვილთაშვილებსაც კი. ენერგეტიკულად ძლიერ ეჭვიან ადამიანს მთელი წრე შეუძლია დათრგუნოს ადამიანების და ამით ზოგჯერ გამოსუწორებელ ზიანს აყენებს მთელს სანათესაოს თუ სამეგობროს. ამიტომ თუ დაიხსომებთ, რომ ეჭვიანობა უფრო თვით–სიყვარულია  ვიდრე სიყვარული, მეტ ძალას იპოვით საკუთარ თავში შესაბამისი ზომების მისარებად.

 

რაც შეგეხებათ თქვენ პატივცემულო ეჭვიანებო, არც კი ვიცი რა გირჩიოთ, რადგან ზუსტად ვიცი იმ შინაგანი სისუსტის ძალა, რაც გაიძულებთ მუდმივად პარტნიორზე დამოკიდებული იყოთ. თქვენ საკმაოდ ძლიერი შიში გაქვთ, რომც ვერ ხვდებოდეთ ამას და მისი დაძლევის ყველაზე კულტურული გზა მართლაც მკურნალობაა. ანუ მკურნალობის მიზანი არ იქნება მარტო ეჭვიანობის განკურნვა, არამედ იმ შინაგანი შიშების განეიტრალება, რაც მარტო დარჩენას ჯოჯოხეთად წარმოგიჩენთ. სხვა მხრივ, უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი ცხოვრება უპირატესად მოჩვენებებისგან შედგება და ზედმეტად ნუ ენდობით საკუთარ პირველად დასკვნებს. საქმე ისაა, რომ ეჭვიანობა ყოველთვის უსაფუძვლო არაა. როდესაც ურთიერთობს იჭერთ ისეთ ადამიანთან, რომელიც თქვენს მონოგამიურ ღირებულებებს არ იზიარებს, ეს შეიძლება გახდეს ეჭვის საფუძველი. თუმცა თუ კარგად დაუკვირდებით, ეს ეჭვი არასოდეს იქნება ისეთი მტანჯველი, როგორც „სულელურ მიზეზებზე“ გამოკიდების დროს არის. გარკვეულობის დონე საფუძვლიანი ეჭვისას გაცილებით მაღალია, რაც გადაწყვეტილების გამოსატანად უფრო იოლ წინაპირობას ქმნის. ურთიერთობის გაწყვეტა არასოდეს იქნება სასიამოვნო, მაგრამ ის გაცილებით ნაკლებ კითხვებს ბადებს, ვიდრე რეალური მიზეზის გარეშე, მხოლოდ შინაგანი შიშების გამო წარმოქმნილი კონფლიქტი. ასეთია სეიდმანის აზრი და მეც ამიტომ გირჩევთ, სანამ მოქმედებაზე გადახვალთ, ჯერ საკუთარ თავთან გადაამოწმოთ პირველადი დასკვნები, თან არაერთხელ და მხოლოდ შემდეგ დაიწყოთ პარტნიორთან საკითხის განხილვა იმ სახით, როგორც ზემოთაა მოცემული. ეს არაა სირცხვილი, რადგან ფსიქოლოგიისათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ყველა ჩვენგანი სინამდვილეს ილუზორულად ხედავს, როგორც ეს მის შიშებს აწყობს.

 

შემდეგი ავტორი დოქტორი ლიზა ფაირსტოუნი სტატიაში „რა კვებავს ეჭვიანობას“ ამ გრძნობის სულ სხვა, საინტერესო ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას. ესაა მიტოვებულობის განცდა, როცა სხვები თავს ბედნიერად გრძნობენ. თუ კარგად დავუკვირდებით, მართლაც, რა უნდა იყოს იმ განცდაზე დამთრგუნველი, როცა წარმოიდგენ, რომ მარტო, უნუგეშოდ ხარ, ხოლო სხვა ადამიანები, თუნდაც ყველაზე ახლობლები შენს განცდებს არად დაგიდევენ და უზრუნველად ატარებენ დროს და სიამოვნებით ტკბებიან. არაა გამორიცხული, რომ ეჭვიანი ადამიანის შიში, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ასეთი კონკრეტული შინაარსიაა. აქედან, ადვილად ასახსნელია მისი მუდმივი შფოთვა არ დაუშვას მსგავსის გამეორება, იყოს მუდმივად ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად მზად და თუნდაც პარტნიორის ტანჯვის ხარჯზე უზრუნველყოს მოვლენათა ეპიცენტრში საკუთარი თავის ყოფნა. ამ მხრივ, მე ვფიქრობ ეჭვიანობა შურს ძალიან უახლოვდება. ყველა იმ შინაგანი კომპლექსის გათვალისწინებით, აქ ეჭვიანობა გარკვეული შურის მომენტებსაც მოიცავს, რომ ჩემი პარტნიორი ჩემს თავს სხვას ამჯობინებს და მასთან ერთად ორივე კარგად გრძნობს თავს. ამიტომ ბუნებრივად მოწინააღმდეგის მიმართ აქ შურიც წარმოიშვება. ფაირსტოუნი ყურადღებას ამახვილებს ეჭვიანი ადამინის შინაგან ბრძოლაზე ანუ მტანჯველ ფიქრებზე, რაც უშუალოდ ჩემი პროფილია და საინტერესოა. ვეთანხმები, რომ ეჭვიანი ადამიანი მაშინ ავლენს ყველაზე უკიდურესი ფორმით თავის უნდობლობას, როცა საკუთარი აზრების მიერ დასმულ კითხვებზე თვითონ ვეღარ პასუხობს და საშველს უკვე პარტნიორის ახსნა–განმარტებაში ეძებს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მომენტია, შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანიც კი, რაც აქამდე განგვიხილია. მიუხედავად იმისა, რა შინაგანი თუ რეალური წინაპირობები აქვს ადამიანს საეჭვიანოდ, ის არასოდეს შექმნის ამისგან კონფლიქტს თუ საკუთარ თავთან ყველა საკითხს გაივლის და დამაჯერებლად გაისტუმრებს უკან შინაგან მტრებს მტანჯველი აზრების სახით. იმდენად რამდენადაც ვიზიოთერაპიისას სხვას არც არაფერს ვაკეთებთ, გარდა ასეთ აზრებთან ურთიერთობის სწავლებისა, ვადასტურებ, რომ ეს ყველა შინაგანი პრობლემის გამოსავალია. მაგრამ ვაცნობიერებ იმასაც, რომ შინაგან დიალოგს, მეტსაც ჩხუბს საკუთარ აზრებთან ისეთი უცნაური ხასიათი აქვს, რომ ვიზიოთერაპევტთან სპეციალური მომზადების გარეშე მათთან ეჭვიანის მიერ გამკლავება პრაქტიკულად გამორიცხულია. აქ საქმე არა იმდენად სირთულეშია, არამედ სწორედ უცნაურობაში. საკუთარ აზრებთან დიალოგი ძალიან განსხვავდება სხვა ადამინათან დიალოგისაგან. მეორე ადამიანი ასე თუ ისე ლოგიკურად აზროვნებს და ჩვენს შეკითხვებსს, თუნდაც ეჭვიანს, მეტ–ნაკლებად დამაჯერებლად პასუხობს. სულ სხვა საქმეა ფიქრები. როდესაც საკუთარ არაცნობიერთან ვიყებთ მსსჯელობას, ის არად აგდებს ჩვენს ლოგიკურ თუ დასაბუთებულ არგუმენტებს, მას სულ სხვა, ჩვენთვის, გონიერი ადამიანებისათვის აზრთა და მსჯელობათა უცნაურად დაკავშირებული ჯაჭვი აქვს. თვალსაჩინოებისათვის სიზმარი შემიძლია მოგიყვანოთ. სიზმარი სწორედ არაცნობიერის არქაული მსჯელობის გამოვლინების მაგალითია. ახლა წარმოიდგინეთ როგორ გაგიჭირდებათ საკუთარ სიზმარს აუხსნათ, რომ ადამიანს ვთქვათ არწივივით ფრენა, მომავლის ხედვა, მომენტალურად სხვადასხვა ადგილას ყოფნა არ შეუძლია. სწორედ აქ არის ჩემი როლი, როგორც ვიზიოთერაპევტის, რომ შემწყნარებლურად განგაწყოთ ასეთი უცნაური არგუმენტების მიმართ და მათი აზრის ინტერპრეტაცია შეგასწავლოთ. ალბათ ამიტომაც დავარქვი ფსიქოთერპიის ამ მეთოდს ვიზიო თერაპია, რადგან ხატების განმარტებებთან გვაქვს საქმე. მოკლედ თუ ეს დამოუკიდებლად გამოგივათ, მაგას რა ჯობია, თუ არადა ღვთის წყალობით საშველი უკვე არის.

 

საბოლოოდ კი, მსურს გაგაფრთხილოდ, რომ ეჭვიანობა ყველაზე მნიშვნელოვანი საფუძველია ურთიერთობათა ნგრევისათვის. ამიტომ თუ თქვენი პარტნიორი თქვენთვის მართლაც მნიშვნელოვანი ადამიანია ნუ აიძულებთ მას თქვენს სიყვარულზე თქვენი შინაგანი შიშების გამო უარი თქვას და გაგშორდეთ. ამ ვითარებაში ორივე თქვენგანი მხოლოდ მსხვერპლი იქნება და არაფერს კარგს ასეთი დასასრული არცერთ თქვენგანს არ მოუტანს. მოიკრიფედ მეტი სიმამაცე და დაუპირისპირდით რეალურ მტრებს, რომელებიც ფიქრების სახით არსებობენ თქვენს გონებაში. მათ მოევლებათ, დანგრეულ ურთიერთობას კი აღარ.


შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, ეჭვიანობა სქესს არ სცნობს, რადგან მისი საწყისი ბავშობაშია. ეჭვიანი ქალიცა და კაციც თანაბრად უთხრის ძირს სასურველ ურთიერთობას.


ალექსანდრე ამაშუკელი

ვიზიოთერაპევტი

12 იანვარი 2016 წელი.

 

გამოყენებული მასალა:

 

1) დოქტორი გვენდოლინ სეიდმენი, „სინამდვილეში რა დგას ეჭვიანობის უკან და რა ვუშველოთ მას“ https://www.psychologytoday.com/blog/close-encounters/201410/whats-really-behind-jealousy-and-what-do-about-it

2) დოქტორი ლიზა ფაირსტოუნი, „რა კვებავს ეჭვიანობას“ https://www.psychologytoday.com/blog/compassion-matters/201109/what-drives-jealousy

3) განმარტება, https://www.psychologytoday.com/basics/jealousy

4) მარგარიტა ტარტაკოსვსკი „რვა გზა ჯანმრთელად ვებრძოლოთ ეჭვიანობას“, http://psychcentral.com/blog/archives/2014/03/04/8-healthy-ways-to-deal-with-jealousy/

TOP.GE
Comments