მარტოობა

posted Feb 14, 2016, 6:56 PM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:19 PM ]
კარგი, გავარკვიეთ რა პაემნის ხალხის ამბავი, ახლა მარტოსულებსაც უნდა მოგხედოთ. აბა, ბებერი ფსიქოლოგის რჩევების კითხვის გარდა, რისი გაკეთება შეიძლება თუ ვალენტინობის საღამოს გატარება სახლში მარტოს გვიწევს? მინდა შეგაშინოთ, რომ მთელს ინტერნეტს გადავხედე და ყალბი სანუგეშო სიტყვების გარდა, ვერაფერი ვნახე! ნუთუ მართლა ასე ცუდადაა საქმე? ვეჭვობ. მოდით, მე თვითონ გეტყვით რა უნდა ქნათ. რა და, უნდა გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, რომ საკუთარ თავს პასუხი მოსთხოვოთ. დიახ, ყველაფრის "უნამუსო" შეყვარებულზე გადაბრალება მთლად გონივრული ქმედება არაა. თანაც, არც არაფერს მოქცემთ; გულს მოიფხანთ და ხვალ იგივე განმეორდება. გაცილებით გონივრულია საკუთარი თავის კორექციაზე დავხარჯოთ ენერგია, ჩვენი თავი ხომ ყოველთვის გამოგვადგება? ახლა, კონკრეტიკა.


1) ადექით და სარკეში ჩაიხედეთ, ქალმაც და კაცმაც. შეხედეთ თქვენს თავს თვალებში და ჰკითხეთ წახვიდოთ თუ არა მასთან ერთად პაემანზე? ის, რომ სხვებმა თქვენი ცუდი თვისებების შესახებ არ იციან, მითია. ჩათვალეთ, რომ სხვები უფრო უკეთ გიცნობენ, ვიდრე თავად იცნობთ თქვენს თავს. ამიტომ მუდმივად პრობლემებიდან გაქცევას, სჯობს საკუთარი თავის გამოსწორებაზე ზრუნვა დღეს დაიწყოთ. უი, უკვე 80 წლის ხართ? არა უშავს, გული ხომ უბერებელია? 


2) კარგი, საიდან დავიწყოთ? სხვებისათვის მიყენებული ტკივილიდან. ვიცი, რომ ყველანი ანგელოზები ხართ და არავისათვის გიწყენინებიათ, მაგრამ მნიშვნელობა იმას კი არ აქვს თქვენ რას ფიქრობთ, არამედ იმას, სხვები რას გსაყვედურობენ. უაზრობაა ადამიანს უმტკიცებდე შენთვის არ მიტკენია გულიო, რადგან მხოლოდ მან იცის სინამდვილეში ატკინეთ თუ არა იგი. ასე რომ ამაზე კამათი არ ღირს. სჯობს პირდაპირ იმ ნაკლით დაიწყოთ, რაზეც მიგითითებენ სხვები. მაგალითად, ეჭვიანობა. სტატისტიკურად ურთიერთობას ყველაზე ხშირად სწორედ ეჭვიანობა ანგრევს. არაა აუცილებელი ოტელო იყოთ და დეზდემონას ახრჩობდეთ, ეჭვიანობა პირველ რიგში ეგოიზმია. როდესაც ადამიანს სტანჯავ ზედმეტი გამომცდელი კითხვებით, იმაზე მეტ ყურადღებას სთხოვ, ვიდრე სტატისტიკურად საშუალო შეყვარებულს შეუძლია გამოამჟღავნოს უკვე თავად შეგაქვს ხინჯი ურთიერთობაში და საფუძველს აცლი მას. მოკლედ ეს დიდი პრობლემაა და გამოსავალი წაიკითხეთ ჩემს გვერდზე sandros.net გამოქვეყნებულ სტატიაში. 


3) მიუხედავად იმ კონკრეტული თვისებისა, რასაც სხვები გსაყვედურობენ, საკუთარ თავზე მუშაობა არ არის ადვილი. ამიტომ მას შემდეგ, რაც იერიშს მიიტანთ თქვენს რომელიმე თვისებაზე, საჭირო გახდება ბრძოლის კონკრეტული გეგმის შემუშავება. გახსოვდეთ, საკუთარ თავზე ძალდატანება ჩვენი სტილი არაა. ნებისყოფა, მოთმინება, კონცენტრაცია და მისთანა მექანიკური მეთოდები ვიზიოთერაპიის მიღმაა. ავიღოთ ისევ მაგალითი. გახდომა! ძნელი წარმოსადგენია ცხოვრებაში მეტი სატანჯველი ვიდრე სხეულის მასის სამუდამო დაგდებაა. მიუხედავად ამის, ჩემი რჩევაა ეს პროცესი სიამოვნების მომტანი იყოს თქვენთვის. აქ კითხვას ნუ შეწყვეტთ; ვიცი, რომ უცნაურად ჟღერს, მაგრამ ნება მიბოძეთ აგიხსნათ. იმასთვის, რომ რაიმე ჩვევა შეიძინოს ორგანიზმმა, მას სატყუარა უნდა გადაუგდოთ სიამოვნების სახით. შეუძლებელია მივაღწიოთ სტაბილურ სიგამხდრეს, თუ სხეული ამით არ დატკბა. გახსოვდეთ, სანამ ჭამისგან მიღებული სიამოვნება თუნდაც ოდნავ მეტად მიმზიდველი იქნება თქვენთვის, ვიდრე ჩაცმისგან, ჯანმრთელობისაგან ან სექსისგან მონიჭებული სიხარული, გასუქება ყოველთვის სავალალო ალტერნატივად დარჩება თქვენი სხეულისთვის.

მოკლედ, მიმოვიხილეთ სხვადასხვა გზები, თუ რითი დაკავდეთ ვალენტინობის საღამოს მარტოობაში. თქვენი განცდა, რომ მაინც არაფერი გამოვა მცდარია, რადგან შედეგს ხვალ ელოდებით. ხვალ შედეგი არ დადგება. დადგება 10 წლის შემდეგ. მაგრამ 10 წლის წინ რომ დაგეწყოთ ამაზე მუშაობა ახლა ხომ ბოლოში იქნებოდით გასული? არ დაკარგოთ მეორე ათწლეულიც. შეუდექით საქმეს ბეჯითად, მუყაითად, ნაბიჯ–ნაბიჯ. წაიკითხეთ მეტი ლიტერატურა თქვენთვის საჭირბოროტო საკითხზე, ყველა საშუალებით ეცადეთ მაქსიმალური ინფორმაციის მიღებას, გამოგვიყენეთ ფსიქოლოგები, მეგობრები, მამაოები, ვინც გინდათ, თუ იგრძნობთ, რომ დადებითი გავლევა გვაქვს თქვენზე. ერთადერთი რისი გაკეთებაც არ ღირს, ამ პოსტის დავიწყებაა, უმალ სხვა რამეზე გადართვა და ხელჩაქნეული ცხოვრების გაგრძელებაა. ბოლოს და ბოლოს, ჰკითხეთ თქვენს თავს: რას ვკარგავ, რომ გავრისკო?

TOP.GE
Comments