ოთხმავალი

posted May 8, 2017, 5:02 AM by Alexander Amashukeli   [ updated May 8, 2017, 5:07 AM ]
როდესაც ორი ადამიანი ერთმანეთთან ურთიერთობს, სინამდვილეში ისინი ოთხნი არიან, რადგან თითო ადამიანის შიგნით სულ ცოტა ორი ადამიანი მაინც ურთიერთობს.

ამ სტატიის მიზანი ისაა, რომ დაგაფიქროთ, არ ღირს ყოველთვის სხვა გაუჭედო იმის გამო, რაც არ გსიამოვნებს, ეს პირველ რიგში, საკუთარი კომპლექსის ბრალი შეიძლება იყოს და კიდევ, შესაძლოა თანამოსაუბრესაც პრობლემები აქვს საკუთარ თავთან, ამიტომ თქვენ ორმა მაქსიმალურად უნდა ეცადოთ ორივეს შინაგანი პრობლემები ერთმანეთის დახმარებით გადაჭრათ და არა ეჩხუბოთ ერთმანეთს ამის გამო.

კონკრეტულად როგორ გამოიყურება შინაგანი დაპისრისპირება თუ ალიანსი? ეს არის იმ ორი ადამიანის ურთიერთობის მსგავსი, რომელიც ცხოვრებაში ანუ რეალობაში გვხვდება. როდესაც საკუთარ თავში სხვას ასე რეალურად ხედავ, ამაში მაშინ უკვე ეჭვიც აღარ გეპარება. მეტიც, ვერ ხვდები საერთოდ სკოლებში რატომ არ ასწავლიან ბავშვებს, რომ ის არსება, რომელიც შიგნიდან უჩმახებს ან უდასტურებს სიამოვნებას, მთელი ცხოვრება მასთან ერთად იქნება და ურთიერთობის უნარების შეძენა იქნება საჭირო და არა მისგან გაქცევა. მეტიც, ხანდახან მინდა ჰედსეტი ვიყიდო და როცა ჩემს თავთან საუბარი მომინდება თავისუფლად ვიურთიერთო მასთან სხვების თანდასწრებითაც, ვითომ სხვას ვესაუბრები მობილურით. 

რას გვაძლევს საკუთარ თავთან საქმეების გარჩევა და ურთიერთობის დალაგება. სიმშვიდეს. ერთი შეხედვით, შესაძლოა ძალიან დაგეზაროთ კიდევ ერთი ნათესავის შეძენა, მის აზრების მოსმენა, მაგრამ სამაგიეროდ, ამით აცლით მას აჯანყებისა და ამბოხის საფუძველს, რომელიც მუდმივი იგნორითა და ძალადობით მწიფდება, საბოლოოდ კი ნევროზით გამოიხატება. 

აქ თავისუფლად შემეძლო ჩემი თხრობა დამესრულებინა, რადგან სათქმელი უკვე ვთქვი, მაგრამ ახლა ჩემ ნაწერს მკითხველის თვალით შევხედე და წარმოვიდგინე რა კითხვები შეიძლება გაუჩნეს მას იმისათვის, რომ უკეთ ირწმუნოს აქ გადმოცემული ამბის სინამდვილე? მაშ, ვეცდები ვუპასუხო ამ კითხვებს.

პირველი, რაც ადამიანს დააეჭვებს ცხადია ისაა, რამდენად ნორმალურია ადამიანის ასეთი გაორება და საკუთარ თავთან საუბარი? ჩემი დამწყები პაციენტების უმრავლეოსობის რეაქციაც სწორედ ეს არის. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან საზოგადოება ზოგადად ებრძვის ბევრ ფიქრს, მით უმეტესს, საკუთარ თავთან ურთიერთობას. მეტიც, პიროვნების გაორება ავადმყოფობად ითვლება, ხოლო საკუთარ თავზე ზრუნვა ცოდვად. ზუსტად ბრალს ვერ დავსდებ, მაგრამ ყველა ეს დამოკიდებულება ვფიქრობ ეგოიზმის ბრალი უნდა იყოს. არავის სიამოვნებს თავისზე ჭკვიან არსებასთან საქმის დაჭერა და მისი გავლენის სფეროდან გაშვება. ვხვდებით თუ არა, რომ სხვას ვჩაგრავთ, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, თვითგადარჩენის ინსტიქტი ჩვენს დასტურს ან თანამონაწილეობას სულაც არ ელის, ისე გვმართავს.

მოკლედ, საკუთარ თავთან ურთიერთობა ფსიქიკური აშლილობა არ არის. მე გაგიმხელთ რა არის ნამდვილი ფსიქიკური აშლილობა, ეს დაუფიქრებლად მოქმედებაა, იმ იმპულსების უპირობო მორჩილებაა, რაც შიგნიდან მოდის: გავბრაზდებით – გააფთრებით ვჩხუბობთ, გვატყუებენ – სიამოვნების იმედით ვტყუვდებით, ვიღაცის აზრს არ ვეთანხმებით – გვძულს და ა.შ. აი სწორედ ასეთი დაუფიქრებელი მოქმედება, „მე ყველასთან მართალი ვარ“ პოზიცია არის ჭეშმარიტად უდრტვინველი სიბრიყვეცა და სიგიჟეც ერთად.

მაშ რატომ არის საკუთარ თავთან ურთიერთობა, თვითანალიტიკა, ასეთი საძულველი საზოგადოებისათვის, უცნაური ადამიანიებისათვის. საქმე ის არის, რომ ადამიანი ძალიან ნელა ვითარდება. რომ წარმოვიდგინოთ, სულ რაღაც 50–70 საუკუნის წინ ცხოველებთან უფრო მეტი რამ გვქონდა საერთო ვიდრე წმინდანებთან. ძალიან ღრმად უნდა იცნობდე ფსიქოლოგიას, ან ანთროპოლოგიას ან უბრალოდ ნამდვილ და არა შელამაზებულ ისტორიას, თუნდაც ბიოლოგიას, რომ დამიჯერო, რაზეც ვსაუბრობ. უმჯობესია ახალი ამბები ჩართო და უმალ დარწმუნდები, რომ ადამიანი ჯერ ძალიან, ძალინ შორს არის იმ არსებისგან, ვისადაც თავი წარმოუდგენია: შეგნებულ, დინჯ და სათნო პიროვნებად. ასეა ყველა, 7 მილიარდნახევარი ადამიანი დედამიწაზე. მარტივად რომ ვთქვათ, ადამიანმა დამწერლობა გამოიგონა სულ რაღაც 30 საუკუნის წინ და აზრების წერილობით გაცვლა ისწავლა. შემდეგ, გარკვეულ არამიწიერ საკითხებზე დაფიქრდა და საკუთარი ფილოსოფიები ჩამოაყალიბა, ბოლოს კი იმასაც მიხვდა, რომ სამყარო მის ირგვლივ არ ტრიალებდა და ერთი პატარა, უსუსური არსება იყო; ერთი სიტყვით, ნელ–ნელა ეხსნებოდა გონება. მაგრამ, ბოლო დრომდე იყო ერთი არსება, რომლის არსებობას ვერაფრით წარმოიდგენდა – ეს მისი საკუთარი თავი იყო. ის აზრი, რომ საკუთარი სხეულისა და აზრების გამგებელიც კი არ იყო, ადამიანისათვის ბოლო დარტყმა იყო მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ცხოვრების სხვა დაჩემებული მხარეებიც მისი კონტროლის მიღმა იყო. ამაზე ჯერ კიდევ ფროიდი საუბრობდა და სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი იმ სისტემის გამოაშკარავებას, რაც გვიმორჩილებს და თოჯინასავით საკუთარ ჭკუაზე გვათავამშებს – საკუთარი თავი, შინაგანი მე, სისადმინი, რაც გნებავთ, უწოდეთ. აბა როგორ გინდა მე–19 საუკუნის თავმოყვარე თავადს ან თანამედროვე სოროდან გამოჩეკილ სელებრითის გაუბედო და უთხრა, რომ სინამდვილეში იგი უგუნური პირუტყვია, ვინც საკუთარი სურვილებისა და იმპულსების მონაა? რომ შევაჯამოთ, საკუთარი შინაგანი სამყარო შედარებით ახალი აღმოჩენაა, საზოგადოების წყვდიადით მოცული ფენებისათვის ეს ჯერ კიდევ საქილიკო თემაა და მთელი ეს საეჭვო დამოკიდებულებაც საკუთარ თავთან ურთიერთობის საკითხზეც სწორედ ამ არაცნობადობის დამსახურებაა. საკმარისია, 10–12 ცნობადი სახე გამოვიდეს და თქვას, რომ მშვენიერ დროს ატარებს საკუთარ თავთან ერთად, ხშირად ესაუბრება მას და სამოგზაუროდაც კი ერთად დადიან, ქართველი წამხედურები მსოფლიოში ერთ–ერთი პირველები იქნებიან, ვინც ბრმად აიტაცებენ ამ იდეას და ცოტა ხანში თბილისში რესტორანიც კი შეიძლება გახსნან, სადაც კუპეში მარტო იჯდები და მოილხენ მეორე მესთან ერთად.

ახლა ნარცისიზმი. ვფიქრობ, ამაზე ფიქრობდით. ჯერ ეს ერთი, რა არის ეს ნარცისიზმი და რატომ თვლიან დაავადებად გასარკვევია. მეორეც, ვფიქრობ დაავადება საკუთარი თავის სიყვარული კი არ არის, არამედ ზიზღი, რაც არის კიდევაც ნარცისიზმი, ჩემი გაგებით. ადამიანი იმიტომ კი არ აპიარებს საკუთარ თავს და ზედ ყვება, რომ უყვარს, არამედ სწორედ იმიტომ, რომ დიდი ეჭვი ეპარება მის კეთილშობილებაში და სხვებისათვის საკუთარი თავის მოხვევით ცდილობს ამ კომპლექსის კომპენსაციას. ასე არ არის? ამიტომ, ნარცისიზმი საკუთარ თავთან ურთიერთობასთან არაფერ შუაში არ არის, ნარცისები საკუთარ თავთან საქმეებს არ არჩევენ, უპირობოდ ეთაყვანებიან ან ჩაგრავენ, მაგრამ ორივე შემთხვევაში ცდებიან, რადგან სიმართლეს ვერ ადგენენ და შედეგად, ზომიერებას ვერ იცავენ.

ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი, ძვირფასო მკითხველო, რაც აქ შეგიძლია გაიგო, ისაა, რომ ადამიანის შინაგანი ბუნება ღრმა და ამოუწურავი, ინდივიდუალური და რაც მთავარია, დასაბუთებულია. სწორედ ეს ბოლო პუნქტია ყურადსაღები ამ სტატიაში, ვინაიდან ხშირად სწორედ საკუთარი თავი მიგვაჩნია ყველაფერში დამნაშავედ. ეს ასე ნამდვილად არაა; შესაძლოა ჩვენ მართლაც ყველაფერს ვაფუჭებდეთ, მაგრამ დასაბუთება თუ რატომ ვიქცევით ასე, სიჯიუტე იქნება ეს, უხეშობა თუ აგრესია, ჩვენივე სულშია საძიებელი. გარწმუნებთ, თუ მოინდომებთ, ყველა კითხვაზე, რაც კი თქვენს ხასიათში გაწუხებთ პასუხს იპოვით და ეს ფუჭი შრომა სულაც არ იქნება; პასუხი ამ კითხვებზე არის ის მთავარი, რასაც თქვენი ცხოვრება წარმოადგენს თვითგადარჩენისა და ახლობლების გამოკვება/მზრუნველობის გარდა.

მაშ რა მეთოდით უნდა აღვიჭურვოთ, რომ ჩვენი სულის ენა გავიგოთ? რომ გამოსავალი მოვიფიქროთ და ჩვენს სულს გზა მივუთითოთ? განა ეს ისევე ადვილია როგორც სხვა ადამიანის მოსმენა, რჩევის მოფიქრება და მიცემა? და არის კი სხვა ადამიანის მოსმენა, რჩევის მოფიქრება და მიცემა ადვილი საერთოდ? აი ნახეთ: სიგიჟე იმაში, რომ მეგობარს მოუსმინო, მისი გასაჭირი გულთან ახლოს მიიტანო და ქმედითად, რეალურად დაეხმარო საერთოდ არ არის, ხომ ასეა? ქვეყანაზე ერთი საღად მოაზროვნე ადამიანიც კი არ მოიძებნება, რომელიც იტყვის, რომ ამაში რაიმე არაჩვეულებრივია; მაგრამ, ადვილია კი ეს? მიუხედავად იმისა, მიღებულია თუ მიუღებელი ძნელია სხვისი ტკივილის გაზიარება და მით უმეტეს, დახმარება საკუთარი ენერგიის, დროისა და ნერვების ხარჯზე. ეს გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ საკუთარი თავის მოსმენაც, გამოსავალზე ფიქრი და დახმარებაც არა იმის გამოა უარყოფილი თქვენს აღზრდასა და ჩვევებში რომ არანორმალური საქციელია, არამედ იმიტომ რომ რთულია.

თუმცა, ამ ყველაფერში მთავარი გამოჯანმრთელებაა. თეორიით ადამიანი ვერ იცხოვრებს, ჯანმრთელობა კი მიიღწევა შეგრძნებების დონეზე; ადამიანი ძველ, ნევროზამდე არსებულ მშვიდ მდგომარეობას უნდა დაუბრუნდეს სულ მცირე, საუკეთესო შემთხვევაში კი, იმაზე უკეთ გახდეს, ვიდრე ოდესმე ყოფილა, რადგან ავადმყოფობაზე გამარჯვება გვაძლიერებს! როგორ მიიღწევა აღნიშნული მდგომარეობა? ფიქრით. დიდი ხნის მანძილზე გვგონია, რომ ყველა ჩვენი ნერვული ტიკი თუ გამოვლინება, უბრალოდ ერთი დიდი ტიკით, ფიქრით ჩანაცვლდა, თუმცა ფიქრს ერთი საინტერესო თვისება აქვს, რომელიც მას ყველა დანარჩენი ტიკისა და ამოჩემებული ქმედებისაგან განასხვავებს – ის ხომ ფიქრია! ასე მიპასუხა ძალიან დიდი ხნის წინ ჩემმა მასწავლებელმა და მაშინ ბოლომდე ვერ გავიგე, თუმცა კი ვიგრძენი ამ ნათქვამის მნიშვნელობა, მას არ აუსხნია, არც მე მითხოვია, მაგრამ თქვენ კი განგიმარტავთ: ფიქრი ფიქრია ნიშნავს, რომ ის იარაღია ადამიანის ხელში, თუ მას განვავითარებთ ბოლოს მივხვდებით, რომ ჩვენი პრობლემები მოგვარებადია, მივხვდებით, რომ თვითონ ფიქრიც ტიკად გვექცა და როცა ამას კარგად შევიგრძნობთ, სწორედ მაშინ დავაღწევთ თავს ყველა არანორმალურ ქცევას და რეალობიდან გაქცევას, ფიქრის ჩათვლით. ამდენად, ფიქრი ერთადერთი ტიკია, რომელიც თავის თავს ამხელს ბოლოს და ყოველგვარ აკვიატებას დაასრულებს. ფიქრის ტიკის ელფერის დაკარგვა მხოლოდ ფიქრითვე მიიღწევა, თვითლიკვიდირებადი მექანიზმია, რაც შემდგომში ჩვეულებრივ ნორმალურ აზროვნებას ტოვებს ცხოვრებისეული პრობლემების გადასაჭრელად.

და ვინაიდან მთელს ცხოვრებას ერთ თანამგზავრთან ერთად მაინც ვატარებთ, გამოდის, რომ ყველანი ამ გზის ოთხმავლები ვართ! ამიტომ, სტატიაში მოცემული რჩევების შეძლებისდაგვარად გათვალისწინება დაგეხმარებათ პარტნიორთან ურთიეთობის დალაგებასა და ჰარმონიის მიღწევაში. უფრო რთულ შემთხვევებში, თვითმკურნალობა და საკუთარ ოჯახზე ექსპერიმენტების ჩატარება რეკომენდირებული არ არის, სჯობს მოგვმართოთ და პროფესიონალური მომასახურება მიიღოთ.

გისურვებთ წარმატებას!

ვიზიოთერაპევტი სანდრო ამაშუკელი
2017 წლის 8 მაისი
TOP.GE
Comments