სიგიჟე

posted Feb 9, 2016, 8:34 AM by Alexander Amashukeli   [ updated Apr 14, 2017, 9:22 PM ]
სიგიჟე ილუზიაა, რომელიც ბატონობს. მისი ურყევი ძალაუფლება მის 
მოუხელთებელ ბუნებაშია. სანამ არ ვიცით რას ვებრძვით, მტერიც უძლეველია. ომის დროს, მფრინავები ისე დაზაფრა შიშმა, რომ დაბრმავდენენ! სამედიცინო შემოწმებამ უტყუარად დაადგინა, რომ ფიზიკურად, მათ მხედველობის არავითარი პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ უსინათლოებზე ბრმები იყვნენ! კარგი ამბავიც მაქვს: სიგიჟის სისუტეც მის მოჩვენებითობაშია. საკმარისია პანიკას არ ავყვეთ და შიში ცნობიერების არეალში მოვაქციოთ, რომ სენიც, ცნობილი თქმულების მსგავსად, უკვალოდ გაქრება:

"გავიდნენ ზღვის გადაღმა, გერასენელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან, არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისის შეკვრა. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება.  მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში ღრიალებდა ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: „რა გინდა ჩემგან, უზენაესი ღვთის ძევ? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!“ რადგან უთხრა მას: „გადი ამ კაცისაგან, არაწმიდა სულო!“ ჰკითხა მას: „რა არის შენი სახელი?“ უთხრა: „ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ.“ ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარიდან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი, მთასთან, ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: „მიგვრეკე ღორებთან, რომ შევიდეთ მათში.“ დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. და მიაწყდა კოლტი კბოდედან ზღვას, ორიათასამდე იყვნენ, და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფლებს და გამოვიდნენ, რომ ენახათ, რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავენ, რომ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონთმოსული, და შეშინდნენ".

მაშ, რა არის სიგიჟე? რატომ გვეშინია მისი ესოდენ? საიდან აღმოცენდება და სად ქრება იგი? ალბათ, არ არსებობს ადამიანი კიბოს, შიდსის, სხვა მძიმე ავადმყოფობის არ ეშინოდეს, მაგრამ სიგიჟე? ის ხომ რაღაც იდუმალი შიშის საბურველითაა მოცული, ამოუხსნელი, შეუცნობელი, რომლის წინაშე მსოფლიოს საუკეთესო ექიმებიც კი უძლურნი არიან? წარმატების რა შანსი გავქვს მასთან ბრძოლისას თუ ფეხი გადაგვიბრუნდა და შევიშალეთ? ეს კითხვები ყველა ადამიანს აღელვებს, ფარულად, თავისთვის.  რატომაა სიგიჟის წინაშე შიში ყველა სხვა ავადმყოფობისაგან განსხვავებით მომნუსხველად საშიში? მოდით, ერთად გადავავლოთ თვალი მსოფლიო მკვლევარების აზრს ამ თემაზე; 

ერთ–ერთ უკანასკნელ სტატიაში, 40 წიგნის ავტორი, დოქტორი ერიკ მეისელი წერს: "რა ხდება სინამდვილეში სიგიჟის დროს? რა არის ამ დაუნდობელი და გამანადგურებელი სენის ძირითადი მიზეზი? როგორ შეუძლია მას ადამიანი იზოლირებულ, შეშინებულ, არაქმედუნარიან, უფუნქციო, უმეგობრო, უსიყვარულო, ასოციალურ, აჟიტორებულ, უხეშ, სასოწარკვეთილ და სუიციდურ არსებად აქციოს? მოკლე პასუხი ასეთია: არავინ იცის. დიახ... არავინ იცის. გიდასტურებთ, ჩვენ ხმარებიდან საერთოდ უნდა ამოვიღოთ ფრაზა – "შენ გაქვს შიზოფრენია", რამეთუ ყოველთვის, როცა ექიმი ამას ამბობს სინამდვილეში გულისხმობს: მე არაფერი ვიცი ამის შესახებ." დიახ, ჩემო ძვირფასო მკითხველო, თქვენ არაფერი გეჩვენებათ, დღეს არავინ აგებს პასუხს იმ დიაგნოზზე, რითაც ადამიანების ცხოვრებას ანგრევენ. "რაც ზუსტად ვიცით ისაა, –აგრძელებს მეისელი– რომ სამედიცინოდ–ჟღერადი იარლიყის სახით შიზოფრენიის მიკერებით, ჩვენ არაფერს ვამბობთ, გარდა კომუნიკაციისთვის გამოსადეგი ტერმინისა, რომელიც ძალიან ძვირად გვიჯდება". ძვირად უჯდება დაღდასმულ ადამიანს, ძვირად უჯდება მის ახლობლებს, ძვირად უჯდება მთელს საზოგადოებას. რამოდენიმე წლის წინ ჩემს მეგობარს ვუთხარი, რომ შიზოფრენია იკურნება. დაიწყო ჩვეული კამათი: ეს როგორ შეიძლება? ის ხომ გენეტიკურია? რა იცი? –ვკითხე მე. თუ მსოფლიოს წამყვანმა სპეციალისტებმა არაფერი იციან ამის შესახებ, შენ, სულ სხვა სფეროში მოღვაწე კაცმა, საიდან იცი მისი უძლეველობის შესახებ? დღესაც, ნებისმიერი გამვლელი გეტყვით, რომ შიზოფრენია, ფსიქოზი, ნერვოზიც კი, თუ ერთხელ დაგემართა, განწირული ხარ. მე ვიცი მიზეზი, რაც ფსიქიკური ავადობის მიმართ ასეთ საყოველთაო კერპთაყვანისმცელობას განაპირობებს. მომნუსხველი, ენითაუწერელი, ყოვლისმომცველი შიში, რასაც ადამიანი ამ დროს განიცდის. დიახ, თუ ნებისმიერი სხვა ავადობის დროს, რა სიმძიმისაც არ უნდა იყოს იგი, ადამიანი მაინც ახერხებს თავისი თავი და ავადმყოფობა ერთმანეთისაგან გამიჯნოს, მცირე ზღვარი მაინც გაავლოს აუტანელ ტკივილსა და საკუთარ მეს, საკუთარ აზროვნებას შორის, სიგიჟის დროს ამას ვეღარ ახერხებს და ფიქრობს, რომ მისი პიროვნება სენმა სრულიად შთანთქა. აი ჩემო კარგებო, ეს არის ის რთულად მოსახელთებელ სხვაობა, რითაც ფსიქიკური პრობლემა ნებისმიერი სხვა ტკივილისაგან განსხვავდება. ის ზომაზე მეტად ახლოსაა ჩვენთან. 

თუ ასე ცოტა ვიცით სენის შესახებ, როგორღა ვკურნავთ მას? მარტივად, გონებით. რა სიმძიმისაც არ უნდა იყოს პაციენტი, ყოველთვის რჩება ხელჩასაჭიდი საღი აზრის კუნჭული. დიახ, ეს სწორედ ის ადგილია, რომელიც სხვა დროს ჩვეულებრივად მოქცევისა და მსჯელობის უნარს უტოვებს ავადმყოფს. ფსიქიკური აშლილობის პრობლემა არ არის თვით სენი, არამედ პანიკა, რომელშიც მისი მსხვერპლი თავად იგდებს თავს. საკმარისია, ნელ–ნელა პაციენტი საკუთარი რეაქციების ადექვატურობაზე მსჯელობას მივაჩვიოთ, რომ შეტევები მართვადი გახდება. ავადობა სახეზეა და მას ვერსად წაუვალთ, მაგრამ არ ღირს მისი მნიშვნელობის ფატალიზმამდე გაზვიადება. წარსულში განცდილი ტრავმები, რომლებიც ბავშვმა შიშად აღიქვა, ლოკალიზდება, ცნობიერდება, მოყირჭებამდე ბერდება და დასუსტებული, ორგანიზმიდან დემონივით განიდევნება. 

სიგიჟე არის ჩვენი თავის აჯანყება ჩვენს წინააღმდეგ. რადგან სხვა მეთოდები არ გააჩნია, ჩვენი თავი შიშებით გვებრძვის. ვიზიოთერაპია ამ შიშების განეიტრალების და საკუთარ თავზე გამარჯვების გზაა; თუმცა, ჩვენი თავის დამარცხება სულ არ ნიშნავს მისი ჩაგვრის გაგრძელებას! პირიქით, დავინახავთ რა როგორ უჭირს ჩვენს თავს ჩვენი დახმარების გარეშე, მომავალში მეტად მოვუფრთხილდებით მას და შედეგად, შეუქცევადი მშვიდობაც დაისადგურებს.

თუმცა, ჩვენ ფრთხილად ვართ, რადგან "ფსიქოზის ახსნის" ავტორები არაჩვეულებრივ რჩევას გვაძლევენ ხსენებულ სტატიაში: "ყოველი კონკრეტული ადამიანის პრობლემის მიზეზი ყოველთვის კომპლექსურია. ჩვენი მოსაზრება, რაში შეიძლება ის მდგომარეობდეს და რა უშველის, ყოველთვის ვარაუდია. სპეციალისტებმა პატივი უნდა სცენ და იმუშაონ პაციენტის მოსაზრებებთან, თუ რამ განაპირობა ფსიქიკური აშლილობის წარმოშობა. მათ არ უნდა განავითარონ მხოლოდ ერთი ვერსია და შესთავაზონ მხოლოდ ერთი მეთოდი განკურნებისათვის, მაგალითად როგორიცაა მედიტაცია ან ფსიქოთერაპია. ნაცვლად, მათ ხელი უნდა შეუწყონ პაციენტს განკურნების საკუთარი გზა ეძიოს და ჰპოვოს". 

მოგეხსენებათ, ჩვენი მეთოდი სწორედ მინიმალური ჩარევაა პაციენტის დასკვნებში. როდესაც ამას ახალ კლინტებს ვეუბნები, მეტად აღარც მოდიან სეანსზე. მიაჩნიათ, რომ სიმართლე მათ შესახებ მე უნდა ვიცოდე. სინამდვილეში, მხოლოდ თვითონ პაციენტმა იცის სად იმალება მისი შიშის საიდუმლო. მე მხოლოდ საკუთარი თავის თერაპევტად შემიძლია ვაქციო იგი. შიში, რომელზეც ვსაუბრობ, პაციენტის გამოჯანმრთლების შემდეგ იძენს ასეთ თერაპიულ მნიშვნელობას; როდესაც მეთოდის არსებობის 25 წლის მანძილზე 1000–ზე მეტი პაციენტი ერთიდაიგივე დასკვნამდე მიდის, ვარაუდიც კი დასაბუთებულობას იძენს. ამდენად, თავისუფლება შიშისგან ნიშნავს თავისუფლებას სენისგან.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ ყველაფერს მოევლება. შეიძლება გავიდეს კვირეები, თვეებიც კი, მაგრამ ბოლოს, ეს აუცილებლად მოხდება; ადამიანი, ვიზიოთერაპევტის დახმარებით, სენს საკუთარი თავისგან გამიჯნავს, პირველად შემოგხედავს უშიშარი თვალებით და გულში ისეთი იმედი ჩაესახება, რომელიც აწი უკვე თავისითაც მოუღებს ბოლოს ნებისმიერ მტანჯველს! დიახ, ადამიანის სული უტეხია და ზედ წამწამზე მოკალათებულ მტერსაც კი მოიცილებს, თუ ბეჯითად მიუდგება საქმეს. მინდა გახსოვდეთ ეს, რომ არასდროს დანებდეთ, თუნდაც მოღალატე, მისი უბორეტოსობა სიშლეგე, თქვენს ციხეს დღენიადაგ შიგნიდან ტეხდეს!

ვიზიოთერაპევტი სანდრო ამაშუკელი
9 თებერვალი 2016 წელი.

გამოყენებული მასალა: 

1) მარკოზის სახარება, თავი მეხუთე;
2) 2014 წლის 16 დეკემბრის სტატია "რა არის სიგიჟე" დოქტორი ერიკ მეისელი @Psychology Today
TOP.GE
Comments