სიკეთე

posted Jan 13, 2016, 8:09 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 8:59 AM ]
უწინ სანამ ფსიქოლოგიას შევისწავლიდი ფსიქოლოგთა რჩევები მეტისმეტად ხისტი და დაუნდობელი მეჩვენებოდა. დროთა განმავლობაში კი მივხვდი, რომ ფსიქოლოგები უბრალოდ თავის საქმის პროფესინალები იყვნენ და სიმართლეს ამბობდენენ. ასე რომ მესმის თქვენი, ვინც თვლით, რომ ცხოვრება სიკეთის საბურველითაა მოცული და მეტად შემწყნარებლები უნდა ვიყოთ. ნამდვილად უნდა ვიყოთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რის ფასად. სიკეთე ჩვენი პოსტის თემაა. ცხოვრებაში ბევრჯერ ხდება, რომ აღზრდის თუ ზნეობის გამო გადავწყვეტთ ვინმეს დავეხმაროთ. ამას ჩვენს დაშვებად განვიხილავთ და მისთვის დიდ დაფასებას ვითხოვთ. მაგრამ ვისაც სიკეთეს ვუკეთებთ ის სულ სხვანაირად ფიქრობს. ის სიკეთეს სიბრიყვედ გვითვლის და ზულუქდება. რატომ ხდება ასე? ალბათ იმიტომ რომ სიკეთეც ისეთივე ხელშეკრულებაა, როგორც ნებისმიერი სხვა მოქმედება ორ ადამიანს შორის. საერთოდ, ამ ბოლო დროს ბევრს ვფიქრობ გარიგების უნივერსალურ ბუნებაზე. ალბათ ტყულიად არაა, რომ ჩვენს წმინდა წიგნსაც კი აღქმა ჰქვია, რაც თანამედროვე ენაზე ძველ და გადახალისებულ ხელშეკრულებას ნიშნავს. ვგულისხმობ პასუხისმგებლობას. პასუხისმგებლობა უნიკალური თემაა ნებისმიერი ურთიერთობისათვის. თუ რომელიმე ურთიერთობაში ერთი მხარე არ აგებს პასუხს სწორედ ესაა გაზულუქების მიზეზი. სიკეთე ჩვეულებრივი ხელშეკრულებაა. ამით ჩვენ ადამიანს ვალს ვადებთ, ის კი ურჩ გადამხდელად გადაიქცევა, რადგან სანქციები არ ემუქრება. ასეთი სიტუაცია შეიძლება წარმოიშვას მეუღლესთან, შვილებთან, მშობლებთან და მეგობრებთანაც კი. შედეგად, კეთილი ხდება სიტუაციის მსხვერპლი და ქველმოქმედიდან დაზარალებულად იქცევა. ასეთ ვითარებაში ძნელია ისაუბრო მორალზე, აღზრდაზე და „მე სხვაგვარად არ შემიძლია“ ფრაზაზე. ცხოვრება გვიყენებს თვითონ ხისტ პირობებს და სიკეთისათვის პასუხს ჩვენ გვთხოვს. ასე უყურებს თუ არა ამ საკითხს მთელი ფსიქოლოგიური სამყარო მოდით გადავამოწმოთ.

 

დოქტორ პათი ოგრეიდი სტატიაში „სიკეთის პოზიტიური ფსიქოლოგია“ ამბობს, რომ სიკეთე ემპათიის შედეგია, თვით სიკეთის მიღება გვაკეთილშობილებს და ჩვენც კეთილებს გვხდის. მეც ვეთანხმები, რომ ვერ გააკეთებ სიკეთეს თუ სიბრალულს არ გრძნობ ადამიანის მიმართ ან მის გრძნობებს არ იზიარებ; სწორედ ესაა ემპათია. ცხადია, სანამ სიკეთის გაკეთებას გადაწყვეტ, ჯერ უნდა შეგეცოდოს ადამიანი. ამდენად, სიკეთე ცარიელ ადგილზე არ ხდება, ის გარკვეული განცდის, სოლიდარობის შედეგია. აქ მნიშვნელოვანია ყურადღება სიკეთის ფსიქოთერაპიულ მხარეზე გავამახვილოთ. ცხადია, რომ კომპრომისზე წასვლა სასიამოვნო არაა. შესაძლოა აქაც იმალებოდეს ჩვენი მუდმივი მტერი სიამოვნების შიში. თუ სიკეთით მე სიამოვნებას ვიკლებ არაა გამორიცხული შემეშინდეს ამის. ნორმალურ ვითარებაში ეს არ უნდა იყოს საშიში, მაგრამ პათოლოგიის შემთხვევაში, სიამოვნება გაფეტიშებულია და მისთვის ზიანის მიყენება კეთილისთვისაც შეიძლება დამოუკიდებლად გახდეს საგანგაშო მიუხედავად ბენეფიციარის რეაქციისა. ფსიქოთერაპიული კუთხით სწორედ ესაა მნიშვნელოვანი, რა ხდება თვითონ იმ ადამიანის შიგნით ვინც სიკეთეს აკეთებს? სთხოვს თუ არა მას ფსიქიკა პასუხს იმ დანაკლისზე, რაც თავს მოაკლო და სხვას მისცა? და რას პასუხობს ამაზე კეთილი? თუ კეთილს სიამოვნების შიში აქვს, დაზაფრულობამდე მისული შიში, ის ცხადია დაბნეულია და ვერ ეწინააღმდეგება საკუთარ აზრებს, შედეგად ნებდება და უკვე ამადლის ბენეფიციარს. ამიტომ სიკეთეს დიდი ვაჟკაცობა სჭირდება. რაც არ უნდა კეთილი იყოს თქვენი ჩანაფიქრი, მას ბოლომდე მიყვანა და ბენეფიციარისათვის შერგება სჭირდება, სხვა შემთხვავეში, კონფლიქტი გარდაუვალია. ვიზიოთერაპიაში ჩვენ ვიცით, რომ ადამიანი ავტონომიური არსებაა. ეს ნიშნავს რომ ყველა პრობლემა შეუძლია საკუთარ თავში მოაგვაროს და არ დარჩეს საბაბი სხვას გადააბრალოს რაიმე. მე როგორც თერაპევტი სწორედ ამით ვარ დაკავებული. ჩემი საქმე პაციენტის სხვა ადამიანთან ურთიერთობა არ არის. ჩემი საქმე პაციენტის ამ ადამიანთან ურთიერთობისადმი ადექვატური დამოკიდებულის ჩამოყალიბებაა. თუ ადამიანი იმის გამო ადანაშაულებს ბენეფიციარს, რომ თვითონ ვერ უმკლავდება შინაგან მტრებს, ეს მისივე შეცდომაა. ფრაზა „კი მაგრამ ისიც ხომ დამნაშავეა“ სრულიად, 100 პროცენტით უადგილოა. შინაგან მტრებს გაცილებით მეტი საფრთხე აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ადამიანს. ამიტომ მე უკომპრომისო ვარ, ჯერ შინაგანი აჯანყება უნდა ჩავახშოთ და შემდეგ საღი გონებით გადავწყვიტოთ რა დააშავა უბედურმა ბენეფიციარმა, მართლაც უმადურია თუ არა იგი?

 

ოგრეიდს მეორე პოსტულატშიც ვეთანხმები. სიკეთე ინვესტიციაა, რომელსაც ბენეფიციარში ვაბანდებთ. ის ვერ გადაყლაპავს მას და ვერ შეინახავს. ადამიანი ტალღაა და რასაც იღებს, გასცემს კიდეც. ამიტომ სრულიად ბუნებრივია, რომ სიყვარულის გარემოში აღზრდილი ბავშვები ბუნებრივად კეთილები გამოდიან. ეს სიკეთე ხშირად მშობლებს არ უბრუნდებათ, მაგრამ აუცილებლად იხარჯება მათი ცხოვრების მანძილზე. უნდა აღნიშნოს, რომ ეკლესიაც სიკეთეს წაახალისებს. სულისათვის ყველაზე სასარგებლო სიკეთეა. რატომ აღმოცენდება შიში სულზე ზრუნვისას? შესაძლოა ის არც არსებობს და იმიტომ. მეორე, დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს, რადგან საკუთარ ცხოვრებას ვთმობთ. აქ აღარ მინდა სიამოვნებაზე ვისაუბრო, თუმცა შეიძლება ესეც ფიგურირებდეს, თან მთავარი როლში. ფაქტია, რომ მიუხედავად ზოგადსაკაცობრიო კონსენსუსისა სიკეთის თაობაზე, ბოროტება მძლავრობს. მოდით ვნახოთ რა შიშები აქვს პაციენტს სულთან დაკავშირებით? პირველ რიგში, შიში. ჯოჯოხეთის და განკითხვის მოლოდინი. შიშით საქმე არ გამოვა, ეს ჩემთვის ცხადია. რა მოტივაცია აქვს პოზიტიური? თითქმის არაფერი. სიკეთის შიშის გამო კეთება აბსურდია. მოდი დავამატოთ სიამოვნება. ვთქვათ, სული ტკბილია და მისთვის სამსახური საამო. რა გამოდის? რომ სიამოვნების შიში აქაც გვაბრკოლებს? არაა გამორიცხული. შესაძლოა აქაც ვერ ვპოულობთ კითხვებს შინაგან მომთხოვნზე. რატომ დავუთმო სხვას, თუ ეს მომადუნებს? ცხოვრებისეული აგრესიის დაკარგვა კიდევ ერთი ძლიერი დაბრკოლებაა ამ გზაზე. მაგრამ თუ შევადარებთ ვიზიოთერაპიას, ისიც მოდუნებაა ერთგვარი. გამოდის, რომ ეს მოდუნება რაღაც ეტაპია, რომელიც დაზაფვრას უფრო ჰგავს, ვიდრე შეცდომას. თუმცა თუ ადამიანი ამ სიამოვნებას მიჩვეული არაა, ძნელია არგუმენტებით აითვისოს იგი. ამიტომ ბავშობიდან რელიგიასთან ზიარება მნიშვნელოვანია. როცა სიამოვნებას იღებ, კითხვები უკვალოდ ქრება.

 

საინტერესოა საკითხი, როცა ბენეფიციარი ქველით მანიპულირებას იწყებს. როგორც ზემოთ ვნახეთ მეცნიერება იზიარებს თეორიას, რომ სიკეთე აკეთილშობილებს. ამისათვის ტერმინიც კი მოიგონეს ქაინდნესს პრაიმინგ, რაც სიკეთის თესვას (პირადპირი მნიშვნელობით) ნიშნავს.

არც ის ამბიციებია უმნიშვნელო მომენტი, რაც ქველს უჩნდება. ზოგჯერ სწორედ ამ ამბიციების გამოა, რომ მიმღებს პროტესტი უჩნდება და კონფლიქტი წარმოიქმნება.

 

ბენ დინი სტატიაში „სიკეთე და ალტრუიზმის შემთხვევები“ მოგვითხრობს, რომ სიკეთეს ადამიანები სხვისი დახმარების სურვილით აკეთებენ, ეს მათ სიამოვნებას ანიჭებს და მეტი ახსნა ამ ქმედებას არ აქვს. მას მოჰყავს საპირისპირო მოსაზრებებიც, რომ ადამიანები სიკეთეს ემპათიასა და უმოქმედობას შორის დაძაბულობის შესამცირებლად, სოციალური თუ შინაგანი საყვედურის ასარიდებლად და სანაცვლოს მისაღებად აკეთებენ. ჩემი აზრით, ყველა ამ მოსაზრებას არსებობის უფლება გააჩნია, თუმცა მეცნიერულად არცერთი ხსნის არც საკითხის მოტივაციას და არც პრობლემატიკას. ჩვენ განგებ არ ვეხებით ალტრუიზმის თემას, რადგან პრინციპში მას ვმიჯნავთ სიკეთის ქმნისგან. სიკეთე ჩვეულებრივ მოვლენად მიმაჩნია და მას არ მივაწერ რაღაც სექტანტურ მიდრეკილებებს, როგორადაც მოწადინებულ ალტრუიზმს ვთვლი.

 

სხვა ავტორი პოლ ჯეი ზაკი ამოატივტივებს სიკეთის ქმნის კიდევ ერთ ასპექტს, როგორიცაა გამოცდილება. ემპათია, რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით სწორედ გამოცდილების შედეგია ზოგჯერ. როდესაც ჩვენ გადავიტანეთ გაჭირვება ჩვენ უფრო ვუგებთ გაჭირვებულთ. მნიშვნელვანია, რომ ამ დროს ჩვენ მათ უფრო გონიერად ვეხმარებით ვიდრე გამოუცდელი ქველი. გამოუცდელი ქველი მართლაც იოლად შეიძლება შეიქმნას ბენეფიციარის მანიპულირების ობიექტი. გამოდის, რომ აქაც, როგორც ყველაფერში ცოდნა და დაფიქრებაა საჭირო. რატომღაც სამყარო ისეა მოწყობილი, რომ მხოლოდ ბრძნულ მოქმედებას აქვს წარმატების და შედეგის მიღწევის შანსი. ყველა სხვა შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, კარგს ვსჩადით თუ ცუდს, სამყარო გვეწინააღმდეგება და თავის დაღს ასვამს ნებისმიერ წამოწყებას. ეს თავისთავადაა განხილვის თემა, რომელსაც სხვა დროს წამოვწევთ, აქ კი მხოლოდ უფლის სიტყვები მახსენდება, რომელმაც ადამს წვალებით მიწის დამუშავება, ხოლოდ ევას ტანჯვით შობა არგუნა. ალბათ, ასეა, მიუხედავად იმისა ჩვენთვის გვინდა პური მოსაპოვებლად თუ სხვისთვის სიცოცხლე საჩუქრად ორივე შემთხვევაში ჩვენი მონდომებაა საჭირო. ასე რომ აკეთეთ სიკეთე გონიერად და არავის მისცეთ თქვენით მანიპულირების საშუალება. გახსოვდეთ, სიკეთე ვერასდროს გახდება სიბრიყვის გამართლება. გილოცავთ ძველით ახალ წელს.

 

ალექსანდრე ამაშუკელი

ვიზიოთერაპევტი

2016 წლის 13 იანვარი

 

გამოყენებული მასალა:

1) დოქტორ პათი ოგრეიდი, „სიკეთის პოზიტიური ფსიქოლოგია“, https://www.psychologytoday.com/blog/positive-psychology-in-the-classroom/201302/the-positive-psychology-kindness

2) ბენ დინი, „სიკეთე და ალტრუიზმის შემთხვევები“, https://www.authentichappiness.sas.upenn.edu/newsletters/authentichappinesscoaching/kindness

3) განმარტება https://en.wikipedia.org/wiki/Kindness_priming_(psychology)

4) ზაჰრა მულროი, „ფსიქოლოგმა გამოავლინა თუ რა დგას სიკეთის სხვასხსხვა აქტების უკან და როგორ შეგვიძლია ჩვენ ყველამ ვიხეიროთ“ http://www.mirror.co.uk/news/uk-news/psychologist-reveals-science-behind-random-6508337

5) გულუხვობის სოციალური ფსიქოლოგია: ამჟამინდელი ინტერდისტიპლინარული კვლევის მდგომარეობა, ჯესიკა ელ კოლეტი და კრისტოფერ ეი მორისეი,  https://generosityresearch.nd.edu/assets/17634/social_psychology_of_generosity_final.pdf

6) პოლ ჯეი ზაკი, გულუხვობის მეცნიერება, https://www.psychologytoday.com/blog/the-moral-molecule/200911/the-science-generosity

TOP.GE
Comments