სიყვარული

posted Jan 14, 2016, 3:43 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 8:59 AM ]
სიყვარულიც ბურუსით მოცული თემაა. საერთოდ მეცნიერების მოწოდება ადამიანის თავისუფლებაა. თავისუფლება შეუძლებელია ცოდნის გარეშე, რადგან ცოდნაა ის ძალა, რომელიც კონტროლის საშუალებას გვაძლევს. ყველაფერი ჩვენს კონტროლს მიღმა ჩვენი შემოქმედების შეზღუდვაა, ადამიანი კი სრულყოფილებას უნდა ესწრაფოს და გადაწყვეტილების მიმღები გახდეს. მაშ რა არის სიყვარული ჩვენი გაგებით. ზოგჯერ ის სატყუარაა, რომელიც არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღებას გვიბიძგებს. ეს კი ჩვენი ფუნდამენტური შეხედულების თანახმად, კარგს არაფერს მოგვიტანს. როგორც წესი, მოგვიანებით ჩვენს შეხედულებებს სხვა მეცნიერებთან გადავამოწმებთ, თუმცა მანამდე მსურს ვიზიოთერაპევტის თვალით დანახული სინამდვილეც გაგაცნოთ.

 

პაციენტს სიყვარული თრგუნავს. ყველზე დიდ მნიშვნელობას ფსიქიკური აშლილობის მქონე პირები ახლობლებთან სასიყვარულო ურთიერთობას ანიჭებენ. მაგალითად, ინფანტილიზმი. თითქმის გამორიცხულია შეგხვდეს პაციენტი, რომელიც სიყვარულის მსხვერპლი არ არის. ეს განსაკუთრებით მშობლებს ეხებათ. სიყვარულის სახელით ისინი ამართლებენ ძალადობას ბავშვზე, რომელიც შემდეგ ამ დიდი გრძნობისა და ძალდატანების ნარევიდან ვეღარ აღწევს თავს და მთელი ცხოვრების მანძილზე მშობლებზე ნაწყენი რჩება. მათ არ ჰყოფნით სიძლიერე თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და მიუტევონ მშობელთ, როგორც უნებლიე დამნაშავეებს და სრულყოფილი ცხოვრებით იცხოვრონ. ამ თემაზე ჩაციკვლა მათ თვითრეალიზაციას აფერხებს. თვითრეალიზაციის შეფერხება კი იწვევს სასიცოცხლო ენერგიის აკვიატებულ აზრებზე მიმართვას, რაც ჩაკეტილი წრე და ჩიხია. საერთოდ ყველაფერი რაზეც მე ვწერ იკურნება. ამიტომ ამან არ შეგაშინოთ, მაგრამ სამკურნალო ბევრია, მკურნალი კი ცოტა.

 

პაციენტს თრგუნავს ურთიერთობა მეუღლესთან. სიყვარულით აღებული ვალდებულება ტრანსფორმირდება ტანჯვაში, რომელიც ხშირად მეუღლის მიერ არის წახალისებული. საზოგადოება, სიყვარული, რწმენა და სხვა ფაქტორები ერთად ეწინააღმდეგება ოჯახის რღვევას. ამით ოსტატურად სარგებლობს მეუღლე და უმოწყალოდ ჩაგრავს პაციენტს. აქაც მხოლოდ იმიტომ რომ პაციენტი ვერ ერკვევა თავისი გრძნობების დადებით და უარყოფით მხარეებში განაგრძობს ტანჯვას, რომელიც საბოლოოდ მისი ფსიქიკის სრული კრახით სრულდება.

 

პაციენტს თრგუნავს ურთიერთობა შვილებთან. ნებისმიერი მოტივი რატომ უნდა იყო შვილებთანაც კი სამართლიანი მიუღებელია ზნეობისათვის. უანგარო სიყვარული, ქართული გადაყოლა და ლამის მოხუცი შვილების მოვლაზე ზრუნვა ჩვენთან ქრესტომათიული ჭეშმარიტებაა. შედეგი? შვილები მშობელთა ენერგოვამპირებად იქცევიან და არა მარტო ზრდისა და ჩამოყალიბებისათვის, არამედ ნეტარებისა და ცხოვრებით ტკბობისათვის იყენებენ მათ სასიცოხლო ენერგიას.

მე შემოვიფარგლები ამ სამი ნეგატიური შედეგით, რომელიც არ დადგებოდა სიყვარულის გარეშე. ამიტომ როცა რომანტიკულად წარმოვთქვამთ სიყვარული უკვდავია დავფიქრდეთ მაშინ ვინ მოკვდება მის მაგივრად. სიკეთეც, სიყვარულიც და სხვა კარგი საქმეები ერთადერთი მიზანია, რასაც ცხოვრებაში უნდა ვემსახუროთ, მაგრამ არცერთი მათგანი არ ამართლებს სიბრიყვეს, ყველაფერი გონივრულად, ბრძნულად და ზომიერად უნდა ვაკეთოთ. ვიცი, ამას არ ეთანხმება შოთა, მაგრამ ეგ კიდევ სულ სხვა, ისტორიულ–მხატვრული მსჯელობის საგანია. ახლა კი უცხოელ ფსიქოლოგებს დავეკითხოთ, თუ რას ფიქრობენ სიყვარულის თაობაზე.

 

დოქტორი მელანი გრინბერგი სტატიაში „კვლევაზე დაფუძნებული 10 სიმართლე შეყვარებული ადამიანების შესახებ“ წერს, რომ პირველ რიგში, მარტოობა და უარყოფა ჩვენს აღქმაში დაღუპვას უტოლდება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პოსტულატია. იგი ხსნის თუ რატომ ვართ ადამიანები კოლექტიური ცხოვრებისადმი მიდრეკილი. ჩვენი სისუსტის გამო. ძალა ერთობაშია. ერთობა კი სიყვარულით მიიღწევა. ეს ერთი მინუსი სიყვარულის. ის არაა ჩვენი ნებაყოფლობითი აქტი. ის შიშითაა ნაკარნახევი. შიშით ნაკარნახევი ვერასოდეს მოგვიტანს თავისუფლებას. შოთა აქაც არ მეთანხმება, სამაგიეროდ თქვენ მეთანხმებით უკვე, რომ შიში ვერ შობს სიყვარულს. იძულებული ვარ პირდაპირი ციტირება მოვახდინო გრინბერგის იმდენად ზუსტად და სადად ხსნის სიყვარულის არსს: „For both biological and cultural reasons, many of us believe we need a lasting love relationship to be truly fulfilled. Yet, in reality, love is not necessarily a lasting, unchanging state. Long-time love is not automatic, but takes hard work, unselfishness, and a willingness to be vulnerable.“ – რაც ნიშნავს: ორივე, ბიოლოგიური და კულტურული მიზეზით, ბევრი ჩვეთაგანი ფიქრობს, რომ გვჭირდება მარადიული სიყვარული სრულად აღსავსებად. სინამდვილეში, სიყვარული სულაც არ არის მარადიული, უცვლელი მდგომარეობა. ხანგრძლივი სიყვარული არ არის ავტომატური, არამედ მოითხოვს მძიმე შრომას, უანგარობას და მზაობას გახდე მოწყვლადი. შემდეგ ჩამოთვლის ამ 10 სიმართლეს:

 

1) სიყვარული არ არის ვნება. ემოციურად ისინი განსხვავდება.  რეალურ დროში გადაღებული თავის ტვინის სკანირება ანახებს, რომ ვნების დროს აქტიურია მოხვეჭისა და მოტივაციის რეგიონები, სიყვარულის დროს კი ემპათიისა და მზრუნველობის.

 

2) სიყვარული ერთდროულადაა მომენტალური გრძნობაც და გონების ხანგრძლივი მდგომარეობაც. ერთად მძგერი გულების ცნობილ ხატი ექსპერიმენტალურადაც დასტურდება. შეყვარებულებს ერთად ყოფნისას ფიზიოლოგიური რიტმების თანხვედრა აღენიშნებათ. ამავდროულად, სიყვარული ხანგრძლივიც არის, რაც ერთმანეთის კეთილდღეობისთვის ზრუნვაში, ტკივილის გაზიარებასა და მის შემსუბუქებაში ვლინდება.

 

3) გამძლე ურთიერთობების შენება შრომას მოითხოვს. სასიყვარულო ურთიერთობების ყველაზე საუკეთესო ხანგრძლივმა კვლევებმა წარმოაჩინა საერთო კანონზომიერებები: პარტნიორები განშორებისასაც კი ერთმანეთზე დადებითად ფიქრობენ; განუხრელად ზრუნავენ ერთიმეორის პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის, იზიარებენ გამოცდილებას, რომლითაც სწავლობენ და თვალსაწიერს იფართოებენ. 

 

4) შეგვიძლია სიყვარულის ჩვენი შესაძლებლობები ვზარდოთ. თვითდაკვირვებისა და საკუთარ თავთან შერიგებაზე მუშაობის კვლევებმა აჩვენა, რომ ამ ფსიქოლოგიური სავარჯიშოების რეგულარულად შესრულებით ჩვენი გონება რამოდენიმე თვეშიც კი უფრო პოზიტიურად მოაზროვნე და ემპათიური ხდება. აქ ცოტა ხანი უნდა შევჩერდეთ, რადგან საკითხი სწორედ იმას ეხება, რასაც სეანსზე ვაკეთებთ და სახლში სავარჯიშოდ ვატანთ პაციენტს. ამ პოსტების მიზანი ბოლოსდაბოლოს ვიზიოთეაპიისადმი ხალხის ნდობის ამაღლებაა მისი ცნობადობის გაფართოების ხარჯზე და გვერდს ვერ ავუვლით მიუხედავად კონკრეტული თემისა. ის, რაზეც გრინბერგი არ პუნქტში საუბრობს ძალიან ახლოსაა ვიზიოთერაპიასთან. მაგალითად, თვითდაკვირვება. სეანსის 80 პროცენტი თვითდაკვირვებას ეთმობა. თვითდაკვირვება არის პაციენტის ყურადღების მიპყრობა საკუთარი ფიქრებისადმი; რა აზრი მოსდის თავში კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით; როდესაც გონებაში რამოდენიმე აზრი ჩაუქროლებს, ერთ–ერთი უფრო მნიშვნელოვნად მოეჩვენება და მას მეტ დროს დავუთმობთ. ვეკითხებით, ახლა რა ფიქრები მოსდის ამ მნიშვნელოვან მოსაზრებასთან დაკავშირებით. შემდეგ ამ ფიქრებს ვაძლევთ გამომჟღავნების, თვითლუსტრაციის საშუალებას. როდესაც პაციენტის გონებაში ეს ნაკადიც დაიწმინდება, უკვე მეტ თავისუფლებას ვაძლევთ თავს და სხვადასხვა ფიქრებს ვუშვებთ განსახილველ თემასთან დაკავშირებით. ზოგი მათგანი ეწინააღმდეგება ერთმანეთს, ზოგიც კავშირში არ არის. მთავარია ფიქრთა ნაკადისა და მიმართულებების თავისუფლება. საშუალება უნდა მისცეთ თავს ისე ინავარდოთ ფიქრების ამ მორევში, როგორც სიზმარში დაფარფატებთ ხოლმე ცაში, ყოველგვარი შიშის გარეშე და მსუბუქად. ამ მომენტში ფიქრებში უკვე წარმოდგენებიც შემოდის. წარმოდგენა ფიქრის ყველაზე ტკბილი და ამავდროულად შვების მომგვრელი ნაწილია. სწორედ წარმოდგენებში ჩაძირული პაციენტი ჰპოვებს თავისუფლებას თავისი მტანჯველი ფიქრებისაგან და ამოხსნას უძებნის მათ. ეს განვითარება სეანსის 15 წუთს შეიძლება მოიცავდეს ერთიანად, თუმცა მისი თერაპიული ეფექტი თავად განსაჯეთ იმის მიხედვით, რასაც ამის წაკითხვისას ახლა გრძნობთ. შემდეგ ნელ–ნელა პაციენტი გამოდის თვითდაკვირვების ამ ჯადოსნური ნეტარებიდან და უკვე გამოფხიზლებულივით გაბედულად უპირისპირდება თავის 15 წუთის წინანდელ შიშებს. აი ეს არის პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს სეანსების ყველაზე მეტ შემთხვევაში. ამ ძირითადი მომენტის ხარჯზე ვაღწევთ მტანჯველი ფიქრებისაგან განთავისფულებას, იმის მიგნებას თუ რა გვსურს სინამდვილეში და რეალურად არსებობს თუ არა ის დაბრკოლებები, რაც ადრე ხელს გვიშლიდან ჩვენი კომფორტის მიღწევაში. საუკეთესო შემთხვევაში, თქვენი განცდა არ გატყუებთ და ვიზიოთერაპიისას მნიშვნელობა არა კონკრეტული პრობლემების მოგვარებას აქვს, არამედ იმ ნეტარებას, რასაც პაციენტი თვითდაკვირვებისას გრძნობს. სწორედ ისაა თვითონ თქვენი გულის მალამოც და მკურნალიც, რომელიც შიშების ციხეს დახვეწილად და ძალდატანების გარეშე უთხრის ძირს და საბოლოოდ უკვალოდ აქრობს. ახლა განსახილველ თემას რომ დავუბრუნდეთ, აღარ გაგიკვირდებათ თუ ადამიანი ხშირად აძლევს თავს ასეთი ნეტარების საშუალებას  მეწყვილისადმი და ყველა გარშემომყოფთათვის კეთილმოსურნე და მოსიყვარულე გახდეს. როგორც ჩემი ბავშობის ერთი ახლო მეგობარი ამბობს ხოლმე: ამაშია საქმე. პირადად მე მახარებს ის ფაქტი, რომ თვითდაკვირვება არ არის ვიზიოთერაპიის ექსკლუზიური აღმოჩენა და ის ფართოდ აპრობირებული თერაპიული საშუალებაა ყველაგან შორეული აღმოსავლეთით დაწყებული განვითარებული დასავლეთით დამთავრებული. არავინ აქსოვს მასში იმდენ სიამოვნებას, რამდენსაც ჩვენ, ესაა სხვაობა, მაგრამ თვითონ მეთოდის ცნობადობა და აღწერაც იმედია თქვენი ჩვენდამი ნდობის ამაღლების საფუძველი გახდება.

 

გავაგრძელოთ გრინბერგის ჩამონათვალი:

 

5) კვლევების დიდი მოცულობა ადასტურებს, რომ სიყვარული მარგებელია ჯანმრთელობისათვის, მაშინ როცა მარტოობა და სოციალური კავშირების სიმცირე ისევე ამოკლებს სიცოცხლეს, როგორც მოწევა.  ეს ნამდვილად ასე უნდა იყოს, თუმცა ახსნა მეჩვენება ცოტა ზედაპირულად. თუ ნამდვილი სიყვარული მხოლოდ ფსიქიკურად ბედნიერ ადამიანს ძალუძს, როგორც წინა პუნქტში გვაუწყებს, ეს ფსიქიკური ბედნიერებაა ხომ არ არის დღეგრძელობის საიდუმლო და არა სიყვარული თავისთავად? აკი მოგახსენეთ, რომ სიყვარულით დღემოსწრაფული ადამიანიც ბევრი გვინახავს. ამიტომ ამ პუნქტზე ვფიქრობ დასაზუტებელია მიზეზ–შედეგობრივი კავშირი. იგივე ეხება მარტოობას. მარტოობა თვითონ არის ფსიქიკური აშლილობის შედეგი ბევრჯერ. ამიტომ აქაც რა იწვევს დღემოკლეობას, აშლილობა თუ განმარტოება საკითხავია. ბედნიერების მეტი დონის მისაღწევად პირიქით ზოგჯერ ადამიანები განმარტოებას არჩევენ, მათ შორის, ქრისტიანი და ბუდისტი ბერები. დღემოკლეობა არა მგონია მათი ცხოვრების პრობლემა იყოს. ასეა თუ ისე, სიყვარული ბედნიერი ადამიანისათვის დღეგრძელობის საფუძვლად შეგვიძლია მივიჩნიოთ.

 

6) თუ სიყვარულს გარეგნულად გამოვხატავთ, ეს არა მარტო შეყვარებულს ახარებს, არამედ ჩვენც მეტად გვარწმუნებს, რომ გვიყვარს. ეს პუნქტი ეხმიანება სიკეთის თემაზე ჩვენს მსჯელობას. როცა გავცემთ, ჩვენ თვითონ ვმდიდრდებით. ამიტომ ნუ ჩათვლით, რომ ნამდვილი სიყვარული უტყვია, რაც მეტ ძალას დავატანთ თავს რეალურად გამოვხატოთ იგი, მეტ ძალას შევმატებთ ჩვენივე გრძნობას. საჩუქარი და ალერსი მუშაობას ასრულებს.

 

7) სიყვარული ლიმიტირებული რაოდენობით არ არის საწყობში. როგორც მამაკაცს, ეს პუნქტი ყველაზე მეტად მომწონს. გრინბერგი საუბრობს იმაზე, რომ ერთი ადამიანის უკიდეგანო სიყვარულიც კი არ ნიშნავს, რომ სხვებისათვის არაფერი გრჩება. როდესაც მოსიყვარულე ადამიანი ხდები, ფიქრობ სიყვარულზე, განიცდი მას და ზრუნავ სხვაზე, ზოგადად მეტად აფასებ ამ გრძნობას.

 

8) სიყვარული უპირობო არ არის. იგულისხმება ეჭვიანობა, რომელიც ასევე ჩვენი ერთ–ერთი განხილვის თემა იყო. მახარებს, რომ ჩვენი პოსტებით მთელი სისტემის აწყობის საშუალება გეძლევათ, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ეს ასევე გიქმნით შესაძლებლობას კიდევ ერთხელ გადაამოწმოთ ჩვენი განცხადებების სიმართლე. გრინბერგიც აღნიშნავს, რომ ეჭვიანობის საუკეთესო წამალი ფსიქოთერაპიაა. სხვაგვარად, ის საფრთხეს წარმოადგენს სიყვარულისათვის, რომლის ერთ–ერთი პირობა ნდობა და უსაფრთხოების განცდაა. გრინბერგი ასევე იმეორებს ჩვენს პოსტში აღნიშნულ ვაქცინას ეჭვიანობის საწინააღმდეგოდ ეჭვიანის მეტი სიყვარულის და მოფერების სახით. მაგრამ აქვე ერთი–ერთში იმეორებს გაფრთხილებას, რომ ეს საეჭვოს საზიანო მოქმედებაა და თუ ეჭვიანს საშველი არ დაადგა, მაშინ მასთან კავშირის გაწყვეტაა აუცილებელი. როდესაც ამაზე ან სხვა ხისტ მეთოდებზე ვწერ მეცოდება ადამიანები, რომლებსაც ასე უნდა მოვეპყრათ და ჩემს თავზეც ცუდად ვფიქრობ, როგორც დაუნდობელ ადამიანზე. მაგრამ საკუთარი თვალით ვხედავ რა ზიანი შეიძლება მიადგეს კეთილ, მოსიყვარულე, მზრუნველ ადამიანს თუ ზედმეტი დათმობა მოუვა და ამიტომ მათ დაცვასაც ჩემს პროფესიულ მოვალეობად მივიჩნევ.

 

9) სიყვარული ეპიდემიაა. თქვენი სიყვარული სხვებისათვისაც მისაბაძი და გადამდებია. ამიტომ თუ სიყვარულის ატმოსფეროს შექმნით არ გაგიკვირდეთ თუ მრავალი მიმდევარი და კეთილმოსურნე აღმოჩნდება უცებ თქვენს ირგვლივ. ეს რა თქმა უნდა სიყვარულის ზეიმის კულმინაციაა, თუმცა როგორც ფრთხილი ვიზიოთერაპევტი მაინც ვალდებული ვარ გაგაფრთხილოთ, რომ ამისთვის ზოგჯერ ადამიანი მზად არ არის. მაგალითად, ვარსკვლავური დაავადების ერთ–ერთი სახე ეს არის. როცა სიყვარულს თესავ და სითბოს გასცემ, უცებ ბევრი ადამიანი ცდილობს შენით დატკბეს და სიყვარული დაგიბრუნოს. ამდენ სიყვარულს კი მონელება უნდა. ერთი სიტყვით, ადამიანების სიყვარულის მიღება კიდევ ცალკე ხელოვნებაა და მასზეც აუცილებლად ცალკე ვისაუბრებთ.

 

და ბოლოს, 10) სიყვარული უცილობლად მარადიული არ არის, მაგრამ შეიძლება გახდეს. როგორც ზემოთ აღნიშნული პუნქტებიდან და ჩემი მსჯელობიდან შეგიძლიათ დაასკვნათ, იმისათვის რომ დიდი ვნება მარადიულ სიყვარულად აქციოთ შეგიძლიათ 1) სასწაულის იმედად იყოთ ან 2) იმოქმედოთ. ორი ადამიანის შეხმატკბილებული ძალისხმევით ჩვენ თვითონ ძალგვიძს სასწაულის მოხდენა და ჩვენი სათუთი გრძნობის უძლეველ კავშირად გადაქცევა. დაუღალავ შრომას გისურვებთ ამისათვის, ოღონდ პარიტეტულ საწყისებზე.

 

ალექსანდრე ამაშუკელი

ვიზიოთერაპევტი

14 იანვარი 2015 წელი.

 

გამოყენებული მასალა:

 

1) დოქტორი მელანი გრინბერგი „კვლევაზე დაფუძნებული 10 სიმართლე შეყვარებული ადამიანების შესახებ“, https://www.psychologytoday.com/blog/the-mindful-self-express/201311/10-research-based-truths-about-people-in-love

TOP.GE
Comments