სიყვარულის თეორია

posted Dec 25, 2016, 9:21 AM by Alexander Amashukeli   [ updated Dec 25, 2016, 9:21 AM ]
ყველაზე იდუმალი, რასაც ფსიქოლოგიაში შევხვედრივარ, ე.წ. ღრმა სიყვარულის თეორიაა. თითქოს არსებობს რაღაც უხილავი სიმართლე, რომელსაც ყველა ადამიანი ვგრძნობთ, მაგრამ არ ვაღიარებთ. ამ დროს, ღირებულების მხრივ, ყველაზე მეტ მნიშვნელობას მას ვანიჭებთ. ის გვეხმარება გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სიძნელეებს და სულს ვაამოთ. ესაა ერთგვარი შრე, კომუნიკაციის შინაარსი, რომელზეც არ ვსაუბრობთ, მაგრამ ვგულისხმობთ.

მე, როგორც ვიზიოთერაპევტმა, მას იმიტომ მივაპყარი ყურადღება, რომ პაციენტებში ამ შრის უგულებელჰყოფა იწვევს მთავარ დაბრკოლებას. საიქიოდან დაბრუნებული სულები ხშირად ჰყვებიან, რომ იქ ყველაფერი იცოდნენ; გარდაცვალებისთანავე ყველაფერი ცხადი ხდება ადამიანისათვის. ჰყვებიან, რომ განიცდიან უდიდეს შვებას, უკიდეგანო სიყვარულს და ერთგვარ საინფორმაციო ველთან კონტაქტს, რომელშიც თავმოყრილია განცდა სამყაროს ყველა დეტალის შესახებ. ამ ორ შრეს ერთმანეთთან ძალიან ვამსგავსებ: ადამიანები გრძნობენ იდუმალ კავშირს ერთმანეთთან, სიმართლეს ერთმანეთის შესახებ, მაგრამ ჩქმალავენ ამას, თითქოს რცხვენიათ; სიცოცხლეში ადამიანი გაურბის სიმართლის აღიარებას, გარდაცვალების შემდეგ კი, ბედავს.

ამ შრეში ბევრი ემოცია, საიდუმლო, უთქმელი სევდა თუ სიხარული იყრის თავს, თითქოს ესაა ჩვენი ცხოვრების მთავარი სკივრი, საგანძური, რომელიც ჩვენთან ერთად ჰპოვებს სამუდამო განსასვენებელს და მხოლოდ იმ ქვეყანაზე, იდუმალი ღვთის წინაშე, გულთამხილავის წინ გაცხადდება მხოლოდ. ეს ხატება, იმედი, რომ არსებობს ერთი არსება ან მსმენელი მაინც, ვის წინაშეც არ მოგვიწევს თავის მართლება, დიდ შვებას ჰგვრის ყველა ადამიანს. მაგრამ რა არის ამ უტყვი სიმართლის ხიბლი? ხომ არ არის აქ მხოლოდ საკუთარი თავის მართლების სირცხვილი? თუ ასეა, ეს არ უნდა იყოს სწორი. ვგონებ, აქ მაინც სხვა ხიბლია, რომელიც საკაცობრიო საიდუმლოს წარმოადგენს, საიდუმლოს, რომელსაც ინსტიქტურად ვუფრთხილდებით და თაობიდან თაობამდე ადამიანი დუმილს ამჯობინებს. აკი ძველებს უთქვამთ, დუმილი ოქროაო. თუმცა, პირადად მე, მაქვს დიდი სურვილი ადამიანმა ისაუბროს, თქვას ამ საიდუმლოზე ცხოვრებაში, ამ ქვეყანაზე, ახლავე. მგონია, ეს დიდ შვებას მოჰგვრის მას.

მაგალითად, რაც მეტად ვუკვირდები საკუთარ თავს, მით მეტი სიურპრიზი მელის. ზღვა ემოციების, უსასრულო შიშები, სულელური სურვილები და კომპლექსები. სამაგიეროდ, საკუთარ თავს ვპოულობ, რაღაცნაირად ამყვება და მომყვება თითქოს. თითოეული წუთი და წამი, რომელსაც მასთან ერთად ტანჯვაში ვატარებ ათასმაგად მიბრუნდება. პრობლემები ქარწყლდება და რაც გადაულახავ წინააღმდეგობად მიმაჩნდა უკვალოდ ქრება. და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია – ეს ყველაფერი მეხმარება სხვა ადამიანების უკეთ გაგებაში, მათი ფარული სურვილების ამოცნობაში, ისეთი ფარული სურვილების, რომლის შესახებაც ან თვითონაც არ იციან ანდა განზრახ მალავენ.

საერთოდ, ყველაფერი ცუდად მიდის, როცა არ არის ერთობა შინაგანი, გაძნელებულია გადაწყვეტილებათა მიღების პროცესი, მძიმედ მიდის სურვილების დადგენა, აზროვნება, ხოლო როცა ერთობაა ყველაფერი იცვლება, აღარ გჭირდება ხელოვნური გზები არც საკუთარ თავთან ურთიერთობისათვის და არც გარესამყაროსთან. სწორედ ეს ერთობაა სიყვარულის ღრმა განცდა! აი, ამის თქმა მსურს; ურთიერთგაგება, სივრცე სიყვარულისა და სიხარულისათვის არის ველი. არსებობს დაპირისპირების ველიც, როგორ არ არსებობს და იქ უფრო მძაფრად აღიქმება თვითონ ველის განცდა, რადგან დაპირისპირებაში მეტია ფარული ვნებები; მაგრამ მათი ფარულობა ეჭვის საფუძველიც არის: რამდენად სწორედ ვაფასებ სიტუაციას, რამდენად გვიჭრის ალღო? ეს ყველაფერი უსიამოვნო და ენერგოტევადია. სიკეთე და სათნოება კი პირიქით, ენერგიით აღმავსებელი (მიუხედავად იმისა, რომ იხარჯები) და გულის გამათბობელი, სიცოცხლის მომმატებელი.

ამდენად, ღრმა სიყვარულის თეორიაში ორი ასპექტი გამოიყოფა: ერთი ის, რომ აუცილებელია განსაკუთრებული მნიშვნელობა მივანიჭოთ, არ მივჩქმალოთ საკუთარი თავისა და სხვების უთქმელი სურვილები, შინაგანი განცდები და მეორე, განუხრელად ვივარჯიშოთ ასეთი ზრახვების გამოცნობის უნარის განვითარებაში. ორივე მომენტი თანაბარად მნიშვნელოვანია, რადგან ტექნოლოგიურ საზოგადოებაში ძალიან ხშირად ინტელექტს ვეყრდნობით – უგულებელვჰყოფთ ადამიანურ სისუსტეებს და მეორე, ამ სურვილების ამოცნობა ცალკე პრობლემაა კიდევ: საკუთარი სურვილების გაგება არცთუ იოლი ძიების შედეგია და საგანგებო ალღოს მოითხოვს.

ძალიან ხშირად, როდესაც საკუთარი თავისაგან გაქცევა გვინდა, სწორედ საკუთარ თავთან ურთიერთობის შიშია, სწორედ იმ სიყვარულის დეფიციტია, რაზეც ამ სტატიაში ვსაუბრობთ. არ გვსურს ვიყოთ იმ ზრახვების და პრეტენზიების (დასაბუთებულის თუ უსაფუძვლოს) მოზიარე, რასაც ჩვენი თავი გვახვევს. გამოდის, რომ ჩვენ შიგნით გახლეჩილობაა; ეს იგივეა თანამოსაუბრემ სიტყვა ბანზე აგიგდოთ და თქვენი ინტიმური სისუსტეები უხეშად უგულებელჰყოს, დაგცინოთ კიდეც; განა ეს მოსაწონია? სინამდვილეში ასე ვექცევით საკუთარ თავს. განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ გავმეორდები, ჩემი პაციენტების და ზოგადად, ფსიქიკური აშლილობის დროს. შეიძლება გავთამამდეთ და დავუშვათ, რომ თვით ასეთი აშლილობაც სხვა არაფერია თუ არა შინაომი. ამიტომაც კურნავს ვიზიოთერაპია. ვგულისხმობ, ეს რომ რაიმე სომატურ დარღვევა ან უკურნებელი დაავადება იყოს მაშინ უბრალოდ ამ უნარის განვითარებით ადამიანი არ გამოჯანმრთელდებოდა; არადა ჩვენ ხომ ვაღწევთ ამას.

დიდი ხანია ველის თეორიის სფეროში კვლევები ტარდება და შესანიშნავი შედეგებიც კი აქვს; მაგალითად, იცოდით თუ არა, რომ თანამოსაუბრის აზრების დაახლოებით ერთი მეხუთედის ამოცნობა უპრობლემოდ შეგვიძლია? ხოლო ნაცნობ წყვილებში ეს მაჩვენებელი 35 პროცენტამდე იზრდება; სწორედ ამიტომაა მეგობრების წრეში უფრო მეტი ურთიერთგაგება, უსიტყვო კავშირი, რაც არის კიდევაც მეგობრობის მთელი ხიბლი და სიამოვნება. ასე განსაჯეთ, არავერბალური ურთიერთგაგების ზედა ზღვარიც კია დადგენილი – 60 პროცენტი! გამოდის, მეორე ადამიანის გრძნობების თითქმის ორი მესამედი შეგვიძლია ამოვიცნოთ! ჭეშმარიტად მეექვსე გრძნობაა სიყვარული.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელსაც პირადად დავაკვირდი: ადამიანების უმეტესობა ძირითადად ამ ველის პრობლემებზე ფიქრით არის დაკავებული, თუმცა იგი სრულიად საიდუმლო სფეროდ მიაჩნია და ძალიან მცირე ინფორმაციას ეძებს გარეთ; ცდილობს მხოლოდ აზროვნების ხარჯზე გაუმკლავდეს მას; განათლების დეფიციტი ამ სფეროში ვფიქრობ ყველაზე გამოხატულია, ასე განსაჯეთ, სექსუალურ განათლებაზე მეტადაც კი. საოცარია, მაგრამ თუ სექსის საკითხებზე ადამიანებმა ის მაინც იციან, რომ სადღაც ასეთი დეტალური ინფორმაცია არსებობს და მხოლოდ მისი მოძიება და შესწავლა ეხამუშებათ, ამგვარი უხილავი ველის შემთხვევაში, არც კი იციან, რომ ამ საკითხებს საერთოდ ვინმე სწავლობს და რაც უფრო მთავარია, მათი პირადი პრობლემა სულაც არაა უნიკალური: ყველას მეტ–ნაკლებად ერთიდაიგივე სულიერი განცდები გვაქვს! ეს ცოდნა მეცნიერების დონეზეა აყვანილი და მას სახელიც კი აქვს: ემპათიური სიზუსტე.

როგორც ყველა მეცნიერება, ეს სფეროც მკაცრად დისტიპლინირებულია და მათემატიკური სიცივით განასხვავებს მის შემადგენელ ნაწილებს; მაგ. ემპათიური სიზუსტის საფუძვლები, ანუ საიდან აგროვებს მონაცემებს ჩვენი გონება დასკვნის გასაკეთებლად: 1) ცხადია ესაა თანამოსაუბრის სიტყვები და გადმოცემული აზრები; 2) სახის გამომეტყველება და თუნდაც ოდნავი მიმიკური ცვლილებები; 3) დანარჩენი სხეულის ენა და ჟესტიკულაცია; 4) ხმის ტემბრი, ინტონაცია და დამაჯერებლობა. ეს არ არის ამომწურავი ჩამონათვალი და სხვა ერთი შეხედვით უმნიშვნელო ნიუანსებიც საყურადღებოა, მაგალითად, უხერხული პაუზები, მაგრამ ძირითადი მაინც ვიზუალური მასალაა; როგორც ამბობენ, ადამიანები სხვის ემოციებს სახეცვლილებებში ამოიცნობენ და ცხადია, ამ მხრივ, თვალები სულის სარკეა. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ერთ მთლიან მონაცემში ერთიანდება და ჩვენს გონებას საშუალებას აძლევს თანამოსაუბრის რეალური განცდები ამოიცნოს. ამასთან გახსოვდეთ, რომ თანამოსაუბრის განცდები გადამდებია თქვენზე; ეს არის ფსიქოლოგიაში უკვე კარგად ცნობილი ეფექტის შედეგი: როდესაც სხვის განცდებს უღრმავდები იძენ უნარს განიცადო კიდევაც ისინი და დაკვირვების ობიექტის თვალით შეხედო მოვლენებს; ამდენად, იმასვე განიცდი, რასაც მეორე ადამიანი. აქვე, უარყოფითმა განცდებამ უფრო იცის აყოლა, ვიდრე პოზიტიურმა.

მეცნიერებმა იმის შესახებაც კი იციან, რომ ადამიანი საკუთარი განცდების ან გამოცდილების გამო შეცდომას უშვებს მეორე ადამიანის განცდების აღქმისას; ანუ, თუ ჩვენი მიზანი ემპათიური სიზუსტეა, იგი შეიძლება ადვილად დავაყენოთ საფრთხის ქვეშ საკუთარი გრძნობების გაფილტვრის გარეშე. მაგალითად, თუ ცხოვრებას ვარდისფერი სათვალით ვუყურებთ, შეიძლება ჩვენდამი არაკეთილმოსურნე, მაგრამ ფლიდი ადამიანი მეგობრად მივიჩნიოთ. ამიტომ გამოიყენება ამ სფეროს აღსაწერ ტერმინში სიტყვა "სიზუსტე": არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი მიზანი სხვა ადამიანის გაგებაა და არა მაინცდამაინც მისი საკუთარ შეხედულებებთან დაახლოება. და აი აქ გადამწყვეტ როლს თამაშობს ვიზიოთერაპია, რომელიც საკუთარ თავთან ურთიერთობის ხელოვნებაა, საკუთარი თავის შეცნობაა და სწორედ ჩვენი იმ გრძნობების და გამოცდილებების გაფილტვრის საშუალებას გვაძლევს, რომლმაც სხვის ადექვატურად აღქმაში არ უნდა შეგვიშალოს ხელი. როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნე, ამ დონეზე გამოცდილ ადამიანს უკვე შესწევს უნარი არა მხოლოდ თანამოსაუბრის ის აზრები ამოიცნოს, რომელზეც მას საუბარი ერიდება, არამედ ისინიც, რომელთა შესახებაც ჯერ თვითონაც კი არ იცის და ძიების პროცესშია. აი მაშინ ხართ ყველაზე გამგები და კარგი მეგობარი.

ამდენად, როდესაც ღრმა სიყვარულის თეორიაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ სასიამოვნო განცდას "მე ვიცი, რომ შენ იცი, რომ მე ვიცი". ეს გრძნობა იწვევს, რაღაც თანამონაწილეობის, მხარდაჭერის, ადამიანური ერთობისა და თითქოს რაღაც ზოგადსაკაცობრიო შეთქმულების ერთ მხარეს ყოფნის სიღრმისეულ განცდას, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ერთობისა და სიყვარულის განცდას, იმ სიყვარულისა, რომელიც შეიძლება ვნებიან სიყვარულზე უფრო მძაფრი არ არის, მაგრამ ძალიან ღირებული ადამიანური გრძნობაა, იმდენად, რომ არაამქვეყნიურ, ღვთიურ მატერიასთან შეხებას გვახსენებს.

საინტერესო და ცოტა სამხიარულოც კია კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც მკლევარებმა ექსპერიმენტალურად დაადგინეს: სულაც არაფრით სჯობიან ქალები კაცებს სხვისი აზრების ამოცნობასა და გაგებაში! ანუ აღმოჩნდა, რომ ყბადაღებული ქალური ინტუიცია ფიქციაა. კერძოდ, ქალური გულისხმიერების მიზეზი უნარი კი არ აღმოჩნდა, არამედ მოტივაცია. ანუ ჩვეულებრივ პირობებში, ქალი უბრალოდ, უფრო მეტ ძალისხმევას ახმარს სხვების გაგებას და მათი სატკივარის გულთან ახლოს მიტანას. სამაგიეროდ, როცა ექსპერიმენტატორები მამაკაცებს ნაღდი ფულის ბონუსს შეპირდნენ თუ სხვას გაუგებდნენ, მათაც არანაკლებად მოინდომეს და საერთოდ არაფრით ჩამორჩნენ ამ უნარის ფლობის მხრივ ქალებს. სულაც რომ არ ჩაეტარებინათ ექსპერიმენტი, ამის ნათელი ცხოვრებისეული დადასტურებაა თაფლობის თვე და ქორწინების პირველი წელიწადი; როცა ინდომებენ, ძალიან მშვენივრადაც გამოსდით მამაკაცებს ყურადღების გამოჩენა, გულისხმიერება და რომანტიზმი.

ბოლოსკენ, როგორც ყოველთვის, მსურს შეგახსენოთ, რომ არავითარი სიკეთე, არც სიყვარული და არც სხვისი აზრების ამოცნობის უნარი, არავითარ შემთხვევაში არ ამართლებს სხვისი მოქმედების, აზროვნების, თუნდაც შეცდომების დაშვების თავისუფლების შეზღუდვას. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვართ კარგი შეყვარებულები და მეგობრები, თუ ცოდნასა და ძალას პასუხისმგებლობით ვეკიდებით. შეიძლება ბევრ რამეს ვხვდებოდეთ, მაგრამ არ არის აუცილებელი ყველაფერზე გამოკიდება, ცხოვრებას მაინც თავისი წესები აქვს და მას უნდა დავაცადოთ თავისი საქმე თანმიმდევრულად განახორციელოს. მიხვედრილობა, სიყვარული და თანამონაწილეობა კი ჩვენი სიმდიდრეა; ის ყველა შემთხვევაში უდიდესი სიამოვნებით აღავსებს ჩვენს სიცოცხლეს და მეტი ადამიანური განცდით ტკბობის საშუალებას მოგვცემს, რასაც აქვე გისურვებთ კიდეც!   

სანდრო ამაშუკელი
ფსიქოთერაპევტი
2016 წლის დეკემბერი.

გამოყენებული მასალები:

TOP.GE
Comments