წარმოსახვა

posted Feb 26, 2016, 8:17 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 26, 2016, 8:20 AM ]
წარმოსახვავ, ძალსა შენსა...

რა არის სიყვარული? წარმოსახვა იმ წუთების, რომლებიც ერთად განვიცადეთ, იმ სიამოვნების რაც გველის, იმ ტკბობის, რაც ყოველ შეხვედრას თან სდევს. რა არის პროფესია? ის გეგმა, რომელსაც ჩვენს გონებაში ვაწყობთ და შემდეგ მისი განხორციელებით ვტკბებით. რა არის სიცოცხლე ბოლოსდაბოლოს? ის განცდაა, რომელიც ჩვენს სულში ჰპოვებს ასახვას და მისი დაუსრულობის სურვილს ბადებს. 

წარმოსახვაში ჩაძირვისას ყველაფერი თავისთვის განკუთვნილ ადგილს ბუნებრივად პოულობს თითქოს, გონება გვინათდება და გულში სითბო გვეღვრება. ვხდებით ბავშვები, ვხდებით ხალისიანები, ვხდებით უკვდავნი! ყოვლისშემძლენი, თბილები, კეთილმოსურნენი, ზუსტად ისეთი ადამიანები, რომლებზეც უფალი ოცნებობს. კი, უფალიც ოცნებობს, რომ ყველა ადამიანი დედამიწის ზურგზე კეთილი და მშვიდი იყოს. უფალი ოცნებობს და იმიტომაც არის ყოვლისშემძლე, რამათუ რასაც ჩავიფიქრებთ, გამოვა კიდეც.

როგორ ურთიერთობს ადამიანი, წარმოსახვის მოტრფიალე, სხვა ადამინებთან? უღიმის, მშვიდია და გამგონი. მას გულთან ახლოს მიაქვს სხვისი ტკივილი, რადგან თვითონ წარმოსახვაა თანაგრძნობა, თვითონ განცდაა წარმოსახვის ბინადარი. და როდის იღუპება ადამიანი? როცა ოცნებას წყვეტს. როცა ეჭვი ეპარება, როცა უნდოა. ცუდიც და კარგიც წარმოსახვის ბინადარია, რადგან წარმოსახვა ცხოვრების ანარეკლია, ცხოვრება კი მრავალფერია. უსიამოვნებაც უნდა იყოს წარმოსახვაში, რათა ცხოვრებაში არ აღმოვჩნდეთ საფრთხეში. როდის უფრო დაგვწყდება გული წარმოსახვაზე: როცა კარგს გვანახებს და სინამდვილეში ცუდი აღმოჩნდება თუ როცა ცუდისათვის მოგვამზადებს? ამიტომაც ცუდი აზრი წარმოდგენის ბრალი კი არა, სინამდვილიდან გამომდინარე აუცილებლობაა. და მთავარი, რაც წარმოდგენაში არ მოგვარდა, არასოდეს მოგვარდება სინამდვილეში! ამიტომ სასიამოვნო წარმოსახვით უნდა დავტკბეთ, ხოლო დამაფიქრებელს – შევეგუოთ და მოვაგვაროთ.

უსიამოვნება უსათუოდ ჩაცხრება და კვლავ სიამტკბილობა დაისადგურებს. ჩვენი წარმოსახვა ჩვენი საუკეთესო მრჩეველი და მესაიდუმლე გახდება. ის დროულად გაგვაფრთხილებს საფრთხის შესახებ, სიხარულის პირველი მაცნე იქნება და დღენიადაგ ჩვენს სიამოვნებაზე იზრუნებს. გაიზიარებს ყველა ამაღელვებელ წამს ჩვენთან ერთად, კიდევ უფრო გაამძაფრებს იმას, რაც ასე გვსურს და მალამოდ მოეცხება ჩვენს აშლილ ვნებებს. დატკბით წარმოსახვით, ისიამოვნეთ და იხარეთ უსასრულო ბედნიერებით!

TOP.GE
Comments