წყვდიადი

posted Jan 23, 2016, 7:55 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 9, 2016, 9:00 AM ]
წყლულს მოსწყდი წყენავ ზვიადო, 
წყვეტავ დიადო, წყეულ წყვდიადო.
წყვლად მწნეხე, ხვეწნა–მუდარა... 
წყრომამ მოგფინა წყნარი სუდარა.

ავტორი




უცოდინრობა. რატომ იწვევს შიშს? მათ შორის, მოთხოვნილების დაკმაყოფილების შედეგად მისაღები სიამოვნების უცოდინრობა? ჩვენი ბოლო გზავნილი იმით დავასრულეთ, რომ ბრაზს უცოდინრობა ბადებს. უცოდინრობა შობს შიშს, ხოლო შიში ბრაზს. მოდით ვნახოთ. უცოდინარი ხალხი ზოგადად აგრესიულია. ცოდნა კი სიმშვიდესა და ზრდილობას შობს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკან დგას ძლიერი მოთხოვნილება. რატომ არის უცოდინრობის შემთხვევაში მოთხოვნილება ტირანი, ხოლო ცოდნისას მსახური? საიდან მოდის უცოდინრობის შიში. რატომ თვლის ადამიანი, რომ უცნობი საშიშია? რატომ უშვებს მხოლოდ ნეგატივს და არა პოზიტივს. ბავშვი უნდა იყოს მიუკერძოებელი ამ მხრივ. ერთადერთი რაც მას აწუხებს მოთხოვნილებაა. ვთქვათ, ის უპრობლემოდ კმაყოფილდება. განუვითარდება თუ არა დაშვება ბავშვს, რომ რაც არ იცის მაინცდამაინც საშიშია? ალბათ არა. რადგან ჭეშმარიტად უცნობს იმდენივე შანსი აქვს ცუდი იყოს, რამდენიც კარგი. გამოდის, რომ უცნობის შიში არაგონივრულია. მაშინ რატომაა ასე ძნელი დასაჯერებელი, რომ მოვადუნოთ უცხოსადმი სიფრთხილე? აქ ისევ შიში უნდა იმალებოდეს. ადამიანებმა გამიზეზება იციან. თუ რაიმე წადილი ვერ აიხდინეს, კიდევ მეტი შემართებით იბრძვიან მისთვის. სულ სხვა ვითარებაა ცოდნის შემთხვევაში. თუ მე წარმომიდგენია კონკრეტულად რა სიამოვნება მელის, მისი დაკარგვაც არ მეშინია. მაგალითად, შიმშილი. არის გრძნობა. გამოწვეულია კუჭის გარსის გაღიზიანებით და ორგანიზმის საჭიროებით საკვებში. თუ გარედან არ მივაწვდით საკვებს ორგანიზმს, იწყებს საკუთარი მარაგების ხარჯვას. ჩვენ ვხდებით. განცდის დონეზე იწვევს ძლიერ შევიწროებას განსჯის. მუდმივად უკანმოხედვით ვიყურებით გარესამყაროში იქნება ეს ადამიანის გარეთ თუ შიგნით. ძირითადად ვუტრიალებთ იმ აზრს, რომ რაღაც შეცდომა არ იქნეს დაშვებული. ამ შეცდომის შინაარსი სიამოვნების დაკარგვაა, რაც კვებას მოაქვს. მაშასადამე, აქაც სიამოვნების პრობლემაა. კი მაგრამ რა არის ეს სიამოვნება ასე რომ ვუფრთხილდებით? არაფერი. ჩვეულებრივი სასიამოვნო მომენტია მზის სხივივით. ნათელი და თბილი. გამიზეზებულია მისი ასეთი მოფრთხილება რაღაც კონკრეტული შინაარსის გამო. ვთქვათ ახლა, თქვენ რომ ამ გზავნილის კითხვა შეგაწყვეტინონ, ჩათვლით, რომ რაღაც შანსი გაუშვით ხელიდან და გამოეკიდებით. ამჟამად, ეს იმით იხსნება, რომ უკვე პრობლემა გაქვთ დადებული სიამოვნებაზე. მაგრამ რა იყო პირველწყარო? რატომ მოხდა ასეთი რეაქცია თავდაპირველადვე? მოდით, დავუკვირდეთ. ბავშვს აქვს კვების მოთხოვნილება. ბავშვი იღებს საკვებს და განიცდის სიამოვნებას. მოხდა შეფერხება. ბავშვი აგრძელებს საკვების მიღებას და მოთხოვნილება კმაყოფილდება. შესაბამისად, მოთხოვნილების პრობლემა აქ არ არის. ერთადერთი შეწყდა სიამოვნება. მას წყენა დაედო თან. გახდა ამბივალენტური. გამოხდა ხანი. ბავშვს ისევ მოშივდა. დაიწყო წოვა ოდნავი სიფრთხილით, რომ კიდე რამემ არ შეუწყვიტოს სიამოვნება. სიამოვნებას უკვე შიშნარევად იღებს. არაფერი მოხდა, შეერგო სიამოვნება. კარგია. გამოხდა ხანი. ბავშვი კიდევ იკვებება. უკვე ცოტა გალაღებულია და ფიქრობს, რომ შეფერხება ერთჯერადი იყო. მოხდა შეფერხება. ბავშვი განაწყენებულია საკუთარ თავზე, რომ ფრთხილად არ იყო. შეეძლო აერიდებინა. მერე და მერე ბავშვი უკვე მცოდნეა, რომ სიამოვნება ტკივილნარევი შეიძლება იყოს. ჯობია საერთოდ მის გარეშე ყოფნა. რა ხდება? ბავშვი ღიზიანდება. რატომ? შესაძლოა, სიამოვნება თვითონაა საკვები, რომელიც უნდა მიიღოს ორგანიზმმა. ის მხოლოდ თანხმლები პროცესი არაა. შეიძლება პირიქით სიამოვნება უფრო მნიშვნელოვანია ფიზიკურადაც კი, ვიდრე საკვები. იწყება სიამოვნების შიმშილი. რა ხდება? ბავშვი იწყებს შეცდომების დაშვებას. სიამოვენების მიღების სურვილი ვერ გაქრება და ის აგრესიის გამოვლენით იწყებს სიამოვნების მიღებას ნორმალური გზით მიღების ასანაზღაურებლად. გამოდის სიამოვნება ისეთივე მოთხოვნილებაა როგორც შიმშილი, ფიქრი ან დეფეკაცია? როგორ შეიძლება ასე იყოს ან თუ ასეა, რატომ არ ვიცოდით? როდესაც სიამოვნების არ გვეშინია, შეგვიძლია იგი არც მივიღოთ. გამოდის, რომ იგი გარდაუვალი არაა. რატომ ხდება ისეთი რამისათვის ყველაზე დიდი მნიშვნელობის მინიჭება, რაც ყველაზე ნაკლებ მნიშვნელოვანია. სიტკბოს გამო? მაგრამ თუ არ არსებობს შიში, ანუ მოგონილია, მაშინ? შესაძლოა სიამოვნების მოთხოვნილებასთან გათანაბრების ხაზი არაა უიმედო ვერსია. კერძოდ, იგივე ითქმის ნებისმიერ მოთხოვნილებაზე. მას შემდეგ რაც დავძლევთ მოთხოვნილების შიშს, მისი დაკმაყოფილება აღარაა აუცილებელი. ასე განსაჯეთ, ადამიანი სიკვდილის უფლებასაც კი აძლევს თავს, რადგან სიცოცხლეს უფლებად თვლის და არა მოვალეობად. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მოთხოვნილება სიამოვნებისაც არსებობს, როგორც ასეთი. რატომ შეიძლება ასეთი მოთხოვნილება არსებობდეს ან რას აკმაყოფილებს იგი? ვთქვათ, აი ახლა, ამ მომენტში გიწყდებათ სიამოვნების განცდა, რომელიც ამ სიტყვების კითხვას ახლავს. ღიზიანდებით. რატომ? მოდის განცდა, რომ აღარ გამოგივათ წაკითხვა. მოდის კვალიდან აცდენის, კალაპოტიდან ამოვარდნის ცნობილი განცდა. თითქოს ვერ მშვიდდები, რადგან აზრი, რომელიც უნდა გაგეთავისებინა, მეორე პლანზე გადავიდა. შემოვიდა უფრო მნიშვნელოვანი თემა, რომელიც რაღაც წარსულ ტკივილს უკავშირდება. როდესაც სიამოვნების მიღება გსურდა და არ დაგაცალეს. ხდება სიამოვნების გრძნობის გადაჭარბებული შეფასება. როგორც კი ბრუნდება სიამოვნების რეალური მასშტაბის გახსენება, ტკივილნარევად, მაგრამ წყნარდები. ეს ჰგავს სხვა მოგვარებულ სიამოვნებებთან დაკავშირებულ ისტორიას და იმედს გაძლევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. მნიშვნელოვანია იმ წყენაზე ჩაჭიდებაც, რაც სხვას მიაყენე საკუთარი სიამოვნების დაცვისას. მოკლედ სახეზეა სტრესის ყველა ნიშანი. თან სულ ტყუილად. იმიტომ მხოლოდ, რომ გარკვეული გადაჭარბება და გამიზეზებაა დაკავშირებული სიამოვნებასთან. ტვინის გარკვეული უბნები სიამოვნებით იკვებება. სიამოვნებას თავისი ფორმა და ფიზიკური სახე აქვს. ესაა ნეირომედიატორების სახელით ცნობილი ნაწილაკები. ისინი ტვინის უჯრედებს იმ ნივთიერებებით ამარაგებენ, რომელსაც ჩვენ სიამოვნებად განვიცდით. მართლაც, რომ დავუკვირდეთ რა მოთხოვნილებას იკმაყოფილებს მსმელი? შიმშილს? წყურვილს? სითბოს თუ უსაფრთხოების მოთხოვნილებას? არაფერს აქედან. ერთადერთი, რასაც იგი კარგი ღვინის სმისგან იღებს სიამოვნების მომაჯადოებელი განცდაა. ანდაც კეკლუცი, როდესაც თავისი სამოსის ჩვენებას ახდენს? კვლავ სიამოვნების გემრიელი განცდა. გამოდის, რომ ადამიანები საკუთარი დროის, თანხის და ჯანმრთელობის უდიდეს ნაწილს სწორედ წმინდად სიამოვნების განცდაზე ხარჯავენ ყოველგვარი მასთან დაკავშირებული მოთხოვნილების გარეშე. ჩვენ ვნახეთ, რომ სიამოვნების მოთხოვნილება კიდევ ცალკე არსებობს. ახლა შევამოწმოთ, რატომაა მის შესახებ აქამდე უცნობი? ანუ მეცნიერებაში ცნობილია სხვადასხვა მოთხოვნილებაზე, სხვადასხვა ჩვევაზე, მაგრამ არაა გამოყოფილი, რომ ყველაფერი ამის უკან ერთი უწყინარი მოთხოვნილება დგას სიამოვნების სახით. როდესაც სიამოვნების შეწყვეტა განიცდება, ყოველთვის შინაარსი გვაუწყებს – არ შეიძლება. თითქოს აკრძალულ ხილს ეტანები. მაგრამ რადგან სიანმდვილეში აკრძალული არაა, ეს უფრო თვითაკრძალვის ხასიათს ატარებს, რათა სიამოვნება არ შეირგო. სიამოვნების შერგებას კი მხოლოდ შიში შეიძლება იწვევდეს. იმ შემთხვევაში თუ არც შიშია და სიამოვნება მიუღებელი, რატომ არის ეს აკრძალვა? უდაოდ გამიზეზების გამო. როდესაც გამიზეზებაზეა საუბარი იქ საუბარია შიშზე. ჩაგვრაზე. ნუთუ ბავშვი სიამოვნებამ აწვალა და ახლა მის წინააღმდეგ იბრძვის? შესაძლოა გადაჭარბებული მნიშვნელობა იმის გამოა, რომ სწორედ ადამიანს ეშინია სიამოვნების. პირდაპირი მნიშვნელობით ეშინია. კონკრეტულად სიამოვნების. როგორც თქვენ გეშინიათ რამის ან ვინმესი. ხომ მეტ ყურადრებას უთმობთ მას? ხომ მეტი სიფრთხილით ეკიდებით? შესაძლოა ჩვენს შორისაც ასეთი მტრობაა. და ეს არის გაზვიადების მიზეზი. როდესაც რაღაცის გვეშინია მეტად ვფრთხილობთ კიდევაც. საკითხავი ისაა რატომ ვუშვებთ, რომ რისაც გვეშინია აუცილებლად ცუდ შედეგს გვიქადის? სინამდვილეში ალბათ, არა. უფრო პირიქით ხდება, რისაც გვეშინია ბევრი სიკეთე მოაქვს ჩვენთვის. მაგრამ აქ თავისუფლების, ჩვენს მიერ არაერთხელ განხილული, ადამიანისათვის შეუბღალავი პრინციპი ირღვევა – რაც ჩვენს კონტროლს მიღმაა დისკომფორტს გვიქმნის. სიბნელეში ყოველთვის სიცხადე შეგვაქვს. რატომ გვეშინია სიამოვნების? საერთოდ რატომ გვეშინია, მაშინ ასე ვიკითხოთ. შიშს იწვევს გაუთვალისწინებელი შედეგი. მაგალითად, სიკვდილი ასეთი შედეგია. სიკვდილის საშიშროება მის ბუნდოვანებაშია. ჩვენ არ ვიცით რა გველის. ვთქვათ დადგა დღე და ზუსტად დადგინდა, რომ სიკვდილის შემდეგ ყველანი გრძნობას ვკარგავთ, აღარ ვარსებობთ არანაირი სახით და მიწაში ვიხრწნებით. სასიამოვნოა? ალბათ, არა. მაგრამ საშიშია კი? ალბათ არც ისე, როგორც ახლა. ზუსტად ვიცით, რომ სხვა შედეგი შეუძლებელია. საშიშროება კლებულობს. ასეა სხვა შიშის დროსაც. როდესაც რაიმე გვეზიზღება, გვეშინია, გვრცხვენია ან გვერიდება შედეგი ყოველთვის ბუნდოვანია. არ ვიცით ზუსტად, დეტალურად და კონკრეტულად რა გველის. თუ ჩავთვლით, რომ სიამოვნება საშიში ჯადოქარია, რომელიც უცნობი ხერხით გვსჯის, რამდენად ვიმეგობრებთ მასთან? თან ის ყველა ჩვენი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ახლავს და საერთოდ მისთვის ვარსებობთ. სატანჯველის სურნელი არ გცემთ? მართლაც ასეა. და შესაძლოა, იმიტომაც ვერჩით ცხოვრებას. მას სიამოვნების შიში გვიწამლავს. გინახავთ ალბათ მტირალი ბავშვი? რას შეადარებდით ჩვილის ჩივილს? ბუნებამ ისე შექმნა ადამიანი, რომ მას ძლიერი მოთხოვნილება აწუხებდეს უმწეობისას. დედას ჩვილმა შორს უნდა მიწვდინოს ხმა, რომ სიცოცხლე გაგრძელდეს ქვეყანაზე. დასაშვებია, რომ ბავშვი მოთხოვნილებას ტირანად განიცდის. მას რომ ჩვენი შესაძლებლობების აზროვნება ჰქონდეს მიხვდებოდა, რომ მოთხოვნილება და სიკვდილი უპირობო კავშირში არაა, მაგრამ არ აქვს. ალბათ ის სარჩოს თავის გადამრჩენელად თვლის. მაგრამ რატომ ეშინია ასე მისი? რა პირობას უყუნებს სიამოვნება მას, რომ ასე უფრთხის? საჭიროა დადგინდეს დეტალი, კონკრეტიკა, რა იწვევს ასეთ უსაგნო და უკიდეგანო სიფრთხილეს. რა მოხდება სიამოვნების დაკარგვის, მასზე უარის თქმის შემთხვევაში? იარსებებს რაღაც სიცარიელე, ვაკუუმი განცდაში. მოთხოვნილება ასე თუ ისე დაკმაყოფილდება, ამაზე უკვე ვისაუბრეთ. სავარაუდოდ გვაღიზიანებს ფასი, რასაც სიამოვნებაში ვიხდით. ცხადია, რომ ფსიქიკაში ფიქსირდება შიში. შიში დაფიქსირებული გარკვეული სიბნელის მომენტში. როცა საკუთარი განცდის გარდა არაფერი არსებობს. ანუ არის ადამიანი და მისი შიში მხოლოდ. რისი შიში უნდა იყოს ეს? ცხადია, რომ რისი შეეშინდა ადამიანს თვითონ არ ახსოვს. აქედან გამომდინარე, უსაგნო ბუნება შიშის. ანუ რა იყო საშიში უცნობია. ეს განაპირობებს, რომ ეს კონკრეტული შიში, ფსიქიკაში ოდესღაც დაფიქსირებული განცდა, მიეწეროს ნებისმიერ აქტივობას ან სურვილს. ამიტომ არის შიშის ეს განცდა უაზროდ მიკერებული ნებისმიერ აქტივობას და არის უწყვეტი, მუდმივი. ვთქვათ ასეა. რა გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს ამას? ვთქვათ, განვრისხდით. ვიღაცას ვაწყენინეთ, რაღაცა გავაფუჭეთ. ვართ პანიკაში. შიში მხედველობის არედან გაგვექცა და ახლა არ ვიცით რას ვაკეთებთ. არ გვყოფნის ძალა და ენერგია, რათა წონასწორობა აღვიდგინოთ. რა ხდება ასეთ სიტუაციაში იმ დროს, როცა არ გვეშინია? არც არაფერი, ამხელა კონტროლს და სიფრთხილეს მაშინ მნიშვნელობა ეკარგება. გამოდის, რომ ასე უნდა მოვიქცეთ ახლაც. წავიდეთ დაპირისპირებაზე და კონფრონტაციაზე. ვინაიდან შიში უეჭველი მოჩვენებითია, ცხადია მისი უგულებელყოფით არაფერი დაშავდება. აქაც შეგვიძლია გამოვიჭიროთ თავი, რომ ტყუილად ვუფრთხით. მაშ დავუბრუნდეთ განცდებს. განცდაში შიში ფიქსირდება მაშინ, როცა იდეალურ მდგომარეობაში ვართ. საკმარისია რაღაც ნაფოტი ჩამოცილდეს იდეალურ განცდას, შიში მცირდება. ამიტომ იფუჭებენ ადამიანები საკუთარ ცხოვრებას, დღესასწაულს და ქებას. ისინი უბრალოდ თანმდევი შიშისაგან იცავენ თავს. გაუგებარია, როგორ მოხვდა შიში იმ იდეალურ მდგომარეობაში ან რას აკეთებს იქ. რატომ ბუდობს? როგორ მოვიცილოთ? უნდა განვავითაროთ ვერსიები. იქ შესაძლოა შემძვრალიყო მარტო ღრმა ბავშვობაში, როცა დამცავი გონება არ გვქონდა. ზის ძალიან პირადში. სადაც საკუთარ თავთან ვურთიერთობთ. იყენებს ნებისმიერ საშუალებას, რომ თავისი არსებობა დამალოს და აქცენტი სხვა პრობლემებზე გადაიტანოს. საიდანაც არ უნდა მოხვედრილიყო იქ, მისი ძალა მის კონსპირაციაშია. აწი თუ გვეხსომება, რომ მთავარი პრობლემა მასთან გავქვს, ცხოვრებაში უფრო ადექვატურები ვიქნებით. მაგრამ ეს არაა შედეგი. ვიზიოთერაპიისას შედეგი ყოველთვის არის უმწიკვლო, უნაკლო და სრულიად მისაღები. შიშის დონე საგრძნობლად კლებულობს დაღლილობის ან სხვა ხელშემშლელი ფაქტორის დროს. შესაბამისად, შესაძლოა ამ პერიოდის აღმოჩენებისათვის გამოყენება. თუმცა შიში დონის ნაკლებობა პირველ რიგში იმას გულისხმობს, რომ ფორმაში არ ვართ, შესაბამისად მუშაობაც ჭირს. შესაძლოა შიში საერთოდ არაა კავშირში სიამოვნებასთან. ასე თვლიან, რადგან მასთან ერთად იზრდება და კლებულობს. მაგრამ ასეა სხვა შემთხვევაშიც. რადგან შიში ემოციაა ის ზოგად ფლუქტაციას განიცდის ორგანიზმის მზაობასთან ერთად: თუ იმატებს ნებისმიერი სხვა ემოცია, შიშიც აქ არის. ის თითქოს მარტოხელა უგზო–უკვლო რაინდია, რომელიც ჩვენს განცდებში უმიზნოდ დაბორიალებს და ყველა გამვლელ–გამომვლელს ეტმასნება. რა ვუყოთ ამ ბიჭს, როგორ გამოვიტყუოთ იგი სხეულიდან და კუთვნილი ადგილი მივუჩინოთ? იმის გახსენება, თუ რა დროს შეძვრა იქ შეუძლებელია. დაშვება, რომ საშიში არ არის, არც დამამშვიდებელია. ვიზიოთერაპიიდან ვიცით, რომ მაქსიმალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია ერთგვარი ბმა სირთულესა და ამოხსნას შორის. გათავისება. სწორედ ეს გვგვრის შვებას. ერთ–ერთ წინა პოსტში შიშის თემაზე ვწერდით. შიშის მიზეზი უსიკვდილოდ მხოლოდ კონკრეტული და თვალსაჩინო უნდა იყოს. შიშს ასეთი რამ ახასიათებს; როცა გეშინია, მისი კვლევა გიჭირს. სწორედ ეს არის ერთ–ერთი მთავარი დაბრკოლება ვიზიოთერაპიისას. მე ვცდილობ, პაციენტებს ავუხსნა, რომ მათი ინტელექტუალური შესაძლებლობების ბრალი არ არის ის, რაც დაემართათ ან რომ გამოსავალს ვერ პოულობენ. ეს ფსიქოლოგიურ გამბედაობას უფრო შეიძლება მიეწეროს, ვიდრე სხვა რამეს. მაგრამ ამ დროსაც, იმდენად ღრმად არის შიში ჩვენში, იმდენად ახლოსაა თვით იმ საშუალებასთან, რითაც ვებრძვით, რომ წამდაუწუმ ჩიხში შევყავართ. ამიტომ გამბედაობასთან ერთად აუცილებელია მონადირის ინსტინქტებიც: მოთმინება, ჩასაფრება და დამიზნება. ეს მძააფრსიუჟეტიანი ტრილერია, რომელიც დროს, ენერგიას და შემართებას მოითხოვს. როგორც ნადირი დაფრთხება ტყეში მონადირის ზედმეტი აქტიურობით, შიშიც გაგვექცევა თუ დავანახებთ, რომ სწორედ ისაა ჩვენი მიზანი, დაიმალება და ახლიდან უნდა ველოდოთ მის გამოჩენას. ამაში იხარჯება დრო ვიზიოთერაპიისას და იმიტომ გრძელდება დიდ ხანს. მაშ როგორ შეიძლება შიშის გაქარწყლება, თუ ისიც კი არ ვიცით, რისი გვეშინია? როცა ვიცით, იმის განეიტრალებაც კი რთულია და მით უმეტესს, რომ არ ვიცით? არადა, თუ მიზეზ–შედეგობრივი კავშირი არ დადგინდა, ჩვენი სული არ დაწყნარდება. გამორიცხვის მეთოდი არ მუშაობს, რადგან შესაძლებლობები ამოუწურავია. როდესაც ასეთი გაჯიუტება ხდება, ხომ არ აქვს ადგილი ერთგვარ სათქმელს, რომელიც ჩვენს სულს სურს რომ გვაუწყოს? ვიღაცაზე შურისძიება ან მსგავსი? ტკივილის შიში. შიში ხომ საბოლოოდ სწორედ ტკივილის მოლოდინია? რამდენად გაშინებთ ტკივილი? ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ტკივილს ოსტატურად იყენებენ მოძალადენი. ტკივილი მათი საყვარელი იარაღია. ამდენად, ტკივილის უგულებელჰყოფა არაგონივრულია. მაგრამ ყოველივე რაც განსაზღვრადია ნაკლებ საშიშია ვიდრე უცნობი. ჩვენ ბევრი ვარიანტი მიმოვიხილეთ, ბევრ ვერსიას გავყევით და ვნახეთ, რომ შიშის რეალური მიზეზი არ არსებობს. მისი ძალა სწორედ არაპროგნოზირებადობაშია. ამიტომ ყოველი მისი აღძვრისას განსხვავებით მოწყვლადობის პერიოდიდან, უნდა მივსდიოთ ცხელ კვალზე და ვნახოთ სად მიგვიყვანს. იქნება კი ის ადგილი ისე საშიში, როგორც გვემუქრებოდა? არცერთი. შესაბამისად, ის ტყუილად არის ატორღიავებული ჩვენს სურვილებს. მისი უგულებელჰყოფა შეიძლება და საჭიროც არის. მაგრამ კომფორტი ეს არ არის. კომფორტისათვის საჭიროა ძირეული ცვლილება. არ მარტო შიშის უსაფუძვლობის დასაბუთება, არამედ ამის შეგრძნებაც. აღარ უნდა გვეშინოდეს. ცოდნა, რომ საშიში არაა აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი. საჭიროა, რომ გონებაში მიმდინარე უკონტროლო პროცესებმა აღარ აღძრან შიშის ჰორმონები ყოველდღიურობაში. უმიზეზოდ. უსაგნოდ. და უმსგავსად. ამისათვის ვიზიოთერაპიული სავარჯიშოების, უპირატესად, ვიზუალიზაციის განმეორებაა საჭირო, რადგან პირდაპირი წვდომა ღრმად ჩამჯდარ ქიმია–ბიოლოგიურ პროცესებზე არ გაგვაჩნია. შესაბამისად ლოგიკური სფეროდან ალოგიკურ, ბავშვურ განზომილებაში უნდა გადავინაცვლოდ. რა შიშები აქვს ბავშვს? უამრავი, მაგრამ ყველა უთავბოლო. სწორედ მათ დაუსრულებლობაშია მათი საშიში ძალა. არცერთი ბავშვური შიში ბოლომდე არ მიდის. რაღაც ეტაპზე ბავშვი ხვდება, რომ ამ შიშს ვერ გაუძლებს და ამჯობინებს ერიდოს. გონება ჯერ უძლურია განსჭვრიტოს შიშის უსაფუძვლობა მისი შედეგების გადამოწმებით. უკან იხევს და ნებდება. ამიტომ ახლა ბრძოლისას გვიწევს ყოველი კონკრეტული შიში ბოლომდე გავთანგოთ, რათა სამუშაო შევასრულოთ და დავამარცხოთ. ამას წესით ვიზუალიზაციის ეტაპი უნდა მოჰყვეს და ამით საქმე დასრულდება. ბავშვის გონებაში ჩარჩენილი შიში ზუსტად იმ სახით გამოვა მისგან, როგორც შევიდა. წარმოსახვით. გაზვიადებით. შემდგომში, ამას საკუთარ თავთან შერიგება და სიამტკბილობა მოჰყვება, რადგან ჩვენ კაცნი ჟამთა ცვლას წინ ვერ აღვუდგებით და ვერც საკუთარ თავს გავექცევით. შერიგება და ჩხუბი ურთიერთობას ვერას დააკლებს, თუ საკითხს გონივრულად და უშიშრად მივუდგებით.

რადგან მოთმინება გეყოთ და ბოლომდე წაიკითხეთ ეს წერილი, გამოგიტყდებით მის მიზანში: მსურს, ნაკლები მიზეზი გქონდეთ საკუთარი ფიქრის უცნაურობა გაგიკვირდეთ. ასე შიშით მიიკვლევს იგი გზას წყვდიადში. არ შედრკეთ და ბოლოს ყველაფერს აუცილებლად ნათელი მოეფინება!

ვიზიოთერაპევტი ალექსანდრე ამაშუკელი
თინეიჯერი დუდა ამაშუკელი
2016 წლის 22–23 იანვარი.
TOP.GE
Comments