თვითმკვლელობა

posted Feb 16, 2017, 5:22 PM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 16, 2017, 5:25 PM ]
ჩვენს საიტს სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი სტუმრობს, ამიტომ 
გადავწყვიტე სტატიათა მარაგი გამემდიდრებინა და ჩემი შეხედულება გამეცნო თქვენთვის საკუთარი თავის მკვლელობის თემაზე. 

თვითმკველელობას მე განვიხილავ ისეთივე მკვლელობად, როგორც სხვა ადამიანის მკვლელობაა. როდესაც ფსიქოლოგიას გავეცანი და ღრმად გავაანალიზე საკუთარ თავთან დამოკიდებულება, ძალიან, ძალიან დავცილდი მას. მივხვდი, რომ პრინციპში დიდი სხვაობა იყო ჩემსა და ჩემს თავს შორის. რომ დავფიქრდეთ, საერთოდ რატომ ვაიგივებთ საკუთარ თავს ჩვენს თავთან? პირველ რიგში, ჩვენი თავი ჩვენ არ მოგვივლენია ამ ქვეყანაზე, მერე არ გაგვიზრდია, მისი ჩვევები, მიდრეკილებები, სიამოვნებები ჩვენ არ ჩამოგვიყალიბებია, აღზრდა–განათლება ჩვენ ან ჩვენი შეხედულებით არ მიგვიცია, ფაქტიურად გამოდის, რომ როდესაც ჩვენი თავი ჩვენ გადმოგვცეს მისახედად უკვე ჩამოყალიბებული არსება იყო თავის ყველა ნიშან–თვისებით. ფაქტიურად, ეს სადღაც გარდატეხის ასაკში ხდება, როდესაც ნელ––ნელა მშობლების თუ აღმზრდელების გავლენიდან გამოვდივართ და საკუთარ თავზე ზრუნვას თვითონ ვიწყებთ. 

ამდენად, იმ პერიოდში, როდესაც ჩვენი თავი ჩვენვე გვეყუდნის უკვე ჩამოყალიბებულ პიროვნებასთან გვაქვს საქმე. ახლა შევხედოთ მეორე მხარეს და ვთქვათ, ვინ ვართ ჩვენ?! ამ ასაკში, ჩვენ, ანუ ჩვენი აზროვნება, იმას რასაც მეს ვეძახით არის ერთი უსუსური, გამოუცდელი, თავისთავში ზომაზე მეტად დარწმუნებული უვიცი ფაქტიურად. ბავშვს 12–13 წლის ასაკში არ აქვს ის ცხოვრებისეული ალღო, თვალსაწიერი, რომ განსაზღვროს თავისი მოქმედების, გადაწყვეტილებების შედეგები და შესაბამისად, მათზე პასუხი აგოს. ამდენად, ფაქტიურად გამოდის, რომ ამ ასაკში ბავშვს მის თავს ვაჩეჩებთ და ვეუბნებით, რომ ახლა თვითონ უნდა წარმართოს თავისი ცხოვრება. ცხადია, ეს გადაცემის პროცესი მთელი გარდატეხის ასაკის მანძილზე გრძელდება და ზოგჯერ მეტიც, მაგრამ საბოლოოდ, ჩვენი თავის პატრონად ნორმალურ შემთხვევაში, ჩვენ უნდა ვიქცეთ. 

ახლა ისიც ვნახოთ, თუ რა გვსრუს ჩვენ? არსებამ, რომელიც ჩვენ ჩაგვაბარეს მისახედად, ჩვენს თავს ვგულისხმობ ძალიან კარგად იცის, რაც სურს; მისი სურვილების არეალი ძირითადად, ცხოვრებისეული სიკეთეებით, თვითგადარჩენით, ერთი სიტყვით, საბაზისო ინსტიქტებითა და მისწრაფებებით შემოიფარგლება. ისინი ყველსათვის მარტივი და გასაგები სიამოვნებებია, რომლებიც რეალურ ადექვატურ ცხოვრებისეულ საჭიროებებს ეფუძნება. ახლა ვნახოთ რა გვსურს ჩვენ თვითონ? რადგან უმრავლეს შემთხვევაში წარმოდგენა არ გვაქვს თუ რა გვსურს, მოდით, თეორიულად მაინც განვიხილოთ რა შეიძლება სურდეს მეს? როდესაც ამ საკითხზე ვფიქრობ, ჩიხში ვექცევი, იმიტომ რომ მეს სურვილები ან ძალიან არაცხოვრებისეულია ან საერთოდ ბუნდოვანი. ერთადერთი რაც მეს შეიძლება სიამოვნებას ჰგვრიდეს, არის ის, რომ მისთვის საპატრონოდ ჩაბარებული თავი კარგად გრძნობდეს და ზედმეტ პრობლემებს არ უქმნიდეს მეს. ალბათ, სულიერი სიმშვიდეც ამას ეწოდება. ამდენად, რასაც ჩემი წარმოსახვა სწვდება, მეს საკმაოდ მოსაწყენი ცხოვრება აქვს აპრიორი. ახლა თვითმკვლელობას რომ დავუბრუნდეთ. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მიერ ჩამოყალიბებული დაშვებები მართალია?

ერთი მხრივ, არის საკმაოდ ინერტული მე, რომელსაც მაინდამაინც არ აღაგზნებს ცხოვრებისეული დრტვინვა და ვნებები, ხოლო მეორე მხრივ არის ჩვენი თავი, რომელიც სწორედ მარტივი ემოციებითა და სიხარულებით 
იკვებება. ეს გრძელდება 100 წელიწადი, ყოველ დღე, დღეში სამჯერ მარტო მის გამოკვებაზე უნდა ვიზრუნოთ, ახლა დავუმატოთ მისი, ანუ ჩვენი თავის ოჯახიც, მეუღლე, შვილები, მშობლები სხვა საზრუნავი პირები, სამსახური, დანარჩენი მოვალეობები, რათა ჩვენმა თავმა საკუთარი თავი კომფორტულად, უზრუნველად და უკეთეს შემთხვევაში, ბედნიერად იგრძნოს. 

რამდენად იმედისმომცემი პერსპექტივაა? თუ ყველაფერ ამას მოუმზადებელი ხვდები, შეიძლება მართლა არ მოგხიბლოს ხანგრძლივი, ამაღელვებელი ცხოვრების პერსპექტივამ. და სწორედ აქ შემოდის იმის გაცნობიერება, რომ თვითმკვლელობა პასუხისმგებლობიდან გაქცევა და სილაჩრეა. ასეა მოწყობილი ცხოვრება, ჩვენ ის არ შეგვიქმნია, რომ ვიმსჯელოთ, რამდენად მისაღებია ჩვენი სულისათვის, ის არის მოცემულობა, რომლის დანიშნულება კიდევ აღმოსაჩენია. მთავარია, რომ ჩვენ აქ და ამჟამად ვარსებობთ, ჩვენს თავთან ერთად, რომლის ერთადერთი პატრონი ჩვენ ვართ და დიდი დაღალატებაა მისი შუა გზაზე მიგდება და საკუთარ დასვენებაზე ზრუნვა. მით უმეტესს, რომ მე სულ არ მაქვს იმის განცდა, რომ სიკვდილით არსებობას შევწყვეთ და სავარაუდოდ, ჩემი ცუდი საქციელი საკუთარი თავის მკვლელობის სახით იმ ქვეყანაზეც ძალიან ცუდად შემაწუხებს. ეს საბაზისო შეხედულებაა, თორემ თუ ჩვენს თავთან ურთიერთობას ავაწყობთ, დავალაგებთ უფლება–მოვალეობებს ჩვენი ცხოვრება მასთან ვალდებულებიდან სიამოვნებად გარდაიქმნება, ვისწავლით რა დროს როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ორივე ჩვენგანი, მეც და ჩემი თავიც კმაყოფილი დავრჩეთ, ეს კი თავისთავად ჰარმონიული და სრულყოფილად, ანუ  ორმხრივად ბედნიერი ცხოვრების საწინდარად იქცევა, რასაც გისურვებთ კიდეც!

აი ასეთია, პატივცემულო მკითხველო ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხისადმი, თქვენი კომენტარები კი შეგიძლიათ გამოხატოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე ვიზიოთერაპევტი სანდრო ამაშუკელი
TOP.GE
Comments