ავტობუსის ბილეთი

posted Jan 10, 2017, 9:37 AM by Alexander Amashukeli   [ updated Feb 17, 2017, 6:28 AM ]
სქულქარდების გავრცელების ფორმა ძალიან ჰგავს მონოპოლიურს, რადგან მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები პირდაპირ ნადირობენ 16–დან 18–წლამდე ახალგაზრდებზე მათი დაჯარიმების მიზნით. თქვენს მონა–მორჩილს მოუწია აღნიშნული საკითხის გამორკვევა და აღმოჩნდა, რომ საფუძველი, რომელსაც სამსახური ახალგაზრდების დასაჯარიმებლად იყენებს ძალიან ფუყეა. კერძოდ, ალბათ იმისათვის, რომ საქართველოს ბანკის მომხმარებელის სტატუსს საზოგადოების უკლებლივ ყველა წარმომადგენელი ახალგაზრდობიდანვე შეეჩვიოს, მოზარდებს აჯარიმებენ მეგობრის სქულქარდის გამოყენებისათვის; ანუ, სქულქარდით უფასო ბილეთი მაინცდამაინც მისმა მესაკუთრემ უნდა აიღოს და სხვისთვის მისი გადაცემა, თუნდაც ამ სხვასაც უფასო ბილეთი ეკუთვნოდეს, ჯარიმდება.

ჯერ ერთი, გაურკვეველია ვინ აკრძალა საქართველოში მეგობრისთვის ბილეთის შეძენა, მაგრამ ესეც რომ იქით იყოს, გთხოვთ, დააკვირდეთ თვითონ დაჯარიმების საფუძველს; აღმოჩნდა, რომ მონიტორინგის სამსახური ეყრდნობა სხვას არაფერს, თუ არა ამ მუხლს მერიის ერთ–ერთ იერარქიულად უმნიშვნელო დადგენილებაში: შეღავათიანი "კატეგორიის მოქალაქის კუთვნილი ბარათის სხვა პირზე ნებისმიერი ფორმით გადაცემა, რასაც მოჰყვა არაუფლებამოსილი პირის მიერ ბარათით სამგზავრო ბილეთის აღება, ექვემდებარება სამართალდამრღვევი პირის კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმებას". მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლები განგებ ჩქმალავენ ამ მუხლში სიტყვა "არაუფლებამოსილის" მნიშვნელობას. კერძოდ, თუ უფასო ბილეთის ქარდით ზრდასრულმა ისარგებლა, ცხადია, ეს კანონის დარღვევა იქნებოდა, მაგრამ რა ფუჭდება, როდესაც ასეთი ქარდით ერთი უფლებამოსილი ახალგაზრდის მაგივრად მეორე სარგებლობს? ამის ახსნას ვერაფერით მივაღწიე მათ იურისტებთან სამართალწარმოებისას. რადგან ასეა, გამოდის, რომ ამაზე პასუხი არც აქვთ და შესაბამისად, ახალგაზრდებსაც პრაქტიკულად უსაფუძვლოდ გვიჯარიმებენ, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, იმისათვის რომ უკლებლივ ყველა მოზარდს ჯიბეში ჰქონდეს საქართველოს ბანკის უფასო რეკლამა სქულქარდის სახით და ცხადია, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიც შეავსონ!
TOP.GE
Comments