ძალადობა ოჯახში

posted Nov 22, 2016, 5:23 AM by Alexander Amashukeli
ერთი შეხედვით, ოჯახი საზოგადოების და ერის შეუვალი ინსტიტუტია და მისი სარგებლობის ეჭვქვეშ დაყენებაც კი დასაძრახია. თუმცა თუ გავიხსენებთ ჩვენს კონკრეტულ ახლობელს, პიროვნებას, რომლისთვისაც ოჯახი მხოლოდ ზიანის მომტანია, მაშინ უფრო მეტად მივიტანთ გულთან ამ პრობლემის მნიშვნელობას და შეიძლება იმაზე ფიქრიც კი დავუშვათ, რომ შესაძლოა ქართული ტრადიცია სულაც არ ამართლებს ნებისმიერი სახის ძალმომრეობას (ფსიქიკურს, ეკონომიურს თუ სხვა) ოჯახში; ის, რომ ოჯახის ძლიერი წევრი თავის გემოზე ჩაგრავს სუსტებს სულაც არ აისახება ერის სიძლიერეზე და შეიძლება უფრო პირიქითაც – ძლიერის სილაჩრაზე მეტყველებს, სილაჩრეზე, რომელიც ნამდვილი მტრის გამოჩენისას მთელი ძალით იჩენს თავს. აკი, არც არაფერი განსაკუთრებული გვაქვს საამაყო უახლოესი ისტორიის მანძილზე ამ მხრივ, ერს მთლიანად, როგორც ასეთს?! თუ კიდევ უკეთესად დავუკვირდებით, ქალი, მაგალითისათვის, მით უმეტესს, დედა, ისტორიულ საქართველოში თაყვანისცემის ობიექტი უფრო იყო, ვიდრე დაჩაგვრის. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ოჯახში ცემა–ტყეპა ჩვენს კოლონიზატორ მეზობელში უფრო გავრცელებული იყო და შესაძლოა ამის გავლენის ქვეშაც მოვექეცით უქნარობის 200 წლის მანძილზე. ასეა თუ ისე, ჩვენ დღენიადაგ ვიღრმავებთ ცოდნას ამ მიმართულებით და აქტიურად ვებრძვით ძალადობის ფაქტებს ოჯახში. ამ ბოლოს დროს, შეიძლება პრეცენდენტული ძალის შემთხვევასთანაც კი გვქონდა საქმე, როდესაც სულიერად ავადმყოფს დავეხმარეთ მოძალადე ოჯახის წევრებთან გამკლავებაში, ცხადია, კანონიერი გზით და ფსიქოლოგიური დახმარების აღმოჩენით. ეს არცთუ გავრცელებული შემთხვევაა საქართველოში, როდესაც სულიერად ავადმყოფს დაუდგება გვერდით ადვოკატი და ფსიქოლოგი და შესაბამის კრიზისულ ცენტრში შეაფარებს. ჩემს მიერ გაწეული ამ დახმარებით წახალისებულმა კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით მივიღე მონაწილეობა ადვოკატთა ასოციაციის ტრენინგში ამ საკითხზე, რის დამადასტურებელ სერთიფიკატსაც ვაქვეყნებ, რათა კიდევ უფრო მეტი თავდაჯერებით და გაბედულად მოგვმართოთ იურიდიული და ფსიქოლოგიური დახმარებისათვის. ვფიქრობ საიმედო ხელში იქნებით და ერთი ნაბიჯით ორ ხარისხიან სერვისს მიიღებთ. ასე რომ არ იყოყმანოთ! 
TOP.GE
Comments