პოლიტიკა და მეგობრები

სწორია თუ არა პოლიტიკური სიმპათიების გამო მეგობრებიდან წაშლა?

პოლიტიკაც და მეგობრობაც ჩვენი თვითგადარჩენაა. თუ რომელიმე ამ მიზანს არ ემსახურება, უნდა ჩამოიცილო. კითხვა ისაა, მართლა დაღუპვის საფრთხის ტოლფასი თუ არის ფეისბუქზე გამოთქმული მეგობრის საწინააღმდეგო შეხედულებები? ეს საკითხი შენ უნდა გადაწყვიტო, აი როგორ: როდესაც ადამიანის ყოფნა/არ ყოფნის საკითხი უკავშირდება კონკრეტული პოლიტიკური მიმართულების წარმატებას, მაშინ რთულია მეგობრებში გყავდეს ამასთან დაპირისპირებული ხალხი. როდესაც ადამიანი შენს შვილს სიკვდილისთვის თუ არა უკიდურესად მძიმე ცხოვრებისთვის სწირავს, ძნელია მას შენი პირადი ცხოვრებისეული მოვლენები გაუზიარო და მასთან მიმოწერით დატკბე. ამდენად, ისეთი პოლიტიკური ფიგურებისთვის, რომელთა შემოსავალი, მაგალითად, პირდაპირ კავშირშია წარმატებასთან, მეგობრებიდან ოპონენტების წაშლა მისატევებელია. ან აი, როგორ უსაყვედურებთ თვალებდათხრილი გოგონას მშობელს, თუ ის ოცნების მხარდამჭერს მეგობრებიდან წაგშლით? ძალიან გაგიჭირდებათ. ეს გასაგებია. მაგრამ, სინამდვილეში, საზოგადოების უმრავლესობას სულ სხვა რამ აწუხებს: მეგობრებიდან ისეთი ადამიანების მიერ წაშლა, რომლებსაც უბრალოდ განსხვავებული აზრის მოსმენა აღიზიანებთ! ეს მართლაც საწყენია. აი რატომ: ორივე მეგობარს ცხოვრების გზა აქვთ ერთად გამოვლილი ან მისი მცირე მონაკვეთი მაინც, ახსოვთ უფრო მეტი სიხარული ერთმანეთთან ურთიერთობით, ვიდრე წყენა და მათი ხასიათი ერთამენთს მეტ-ნეკლებად შეეწყო. ეს სიმდიდრეა. ხშირად არ ხდება, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გაუგონ და ხელი გაუწოდონ. ამას დაფასება სჭირდება. საკუთარი თავის წარმატების დაფასება, რომ მიაღწია თანხვედრას სხვა ადამიანთან. ხშირად ეს ორი მეგობარი ერთმანეთს გაჭირვებაში დახმარებია ანუ ერთმანეთის თვითგადარჩენისთვის უღვაწია. ხშირად სიხარული გაუზიარებია, ანუ ცხოვრების საზეიმო წუთებში ხელი შეუწყვია გუნება-განწყობის აღმაფრენისთვის, რაც სხვათა შორის, ბუნებაში და ფსიქოლოგიაში, თვითგადარჩენეზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამდენად, შენ მეგობარს შენთვის კონკრეტული ფასი და ღირებულება აქვს. ის შენი მონაპოვარია. მონაპოვარი, რომლის შენარჩუნებაზე ზრუნვა ამად ღირს. მეორე მხრივ, არის გარკვეული პოლიტიკური საკითხი, რომელიც უკავშირდება შენი ქვეყნის განვითარების მიმართულებას გარკვეულ ისტორიულ ეტაპზე, გარკვეულ პრიორიტეტებს საგარეო და საშიანო კუთხით, დასავლეთი თუ რუსეთი, კონკურეციის ხელშეწყობა თუ შეღავათების დაწესება, ტრადიცია თუ ტრენდი, მოკლედ განვითრების სხვადასხვა ხაზები, რომლებიც დისტანციაზეა შენი პირადი თვითგადარჩენის არეალისგან, შენი ოჯახის კეთილდღეობის და შენი შთამომავლობის უსაფრთხოების ზონიდან, კი, არის მნიშვნელოვანი შენი ცხოვრებისთვის, მაგრამ არა გადამწყვეტი. ანუ უფრო გემოვნების საკითხია ვიდრე გადარჩენის. და არის მეგობარი, ისეთი, როგორიც ზემოთ აღვწერეთ. ახლა რატომ უნდა დაკარგო დიდი ხნის შეძენილი, ხასიათშეწყობილი, ნანატრი მეგობარი იმის გამო, რომ მას სხვა შეხედულება აქვს იგივე საკითხზე? განა ცხოვრებაში არასოდეს გიკამათიათ და ამის შემდეგ, ჩვეულებრივ არ გიხალისიათ ისევ? განა არასოდეს გწყენიათ მისგან და მერე იოლად არ მიგიტევებიათ ან დაგვიწყნიათ? ცხოვრება ხომ გრძელდება და ძნელად ყოვნდება რაღაც ერთ საკითხზე. გადის დრო და ემოციები ცხრება, მტყუან-მართალი ირკვევა და საერთო მნიშვნელობაც უფერულდება. აბა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელმაც ნაციონალების დროს ოცნების მომხრე მეგობარი დაკარგა; განა ახლა ის თითქმის იგივე შეხედულების არ გამოდის, რაც თავის დროზე სააკაშვილის ხისტი პოლიტიკის მომხრეს გააჩნდა? ამით არა პოლიტიკური დისკუსის, არამედ იმის ხაზგასმა მსურს, რომ ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, რჩებიან მხოლოდ ძველი მეგობრები, ნათესავები და ოჯახის წევრები. გაუფრთხილდით მათ, სანამ შესაძლებელია, რადგან სწორედ ისინია თქვენი ბედნიერების წყარო და არა იმდენად, ქვეყნის ამწუთიერი პოლიტიკური კურსი!

27 ივნისი 2019 წელი.