როგორ უგებენ საჯარო რეესტრს

"სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც სადავო ფართი მოქცეულია ორ საკადასტრო კოდში, ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მხოლოდ ერთი საკადასტრო კოდის საფუძვლების შემოწმება, მეორე საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უფლების შემოწმების და მათ შორის უპირატესობის დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღება წინააღმდეგობაში მოდის მოქმედ კანონმდებლობასთან. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოქმედებს საკადასტრო კოდზე არსებული ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფცია და აღნიშნული საფუძვლით ადმინისტრაციული ორგანო ვერ მოახდენს რეგისტრაციის საფუძვლების გამოკვლევა-შეფასებას. სასამართლო აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემთა მიმართ მოქმედებს უტყუარობის პრეზუმფცია, ვიდრე ისინი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალადაკარგულად, ბათილად ან არარად არ იქნება ცნობილი (,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი), თუმცა იმ პირობებში, როდესაც მარეგისტრირებელმა ორგანომ თავად გამოკვეთა ერთ უძრავ ნივთზე ორი საკადასტრო კოდის რეგისტრაცია, შესაბამისად, მას წარმოეშვა ორივე რეგისტრაციის კანონიერების შემოწმების ვალდებულება. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვერ დაეყრდნობა მარეგისტრირებელ ორგანოში დაცულ მონაცემთა უტყუარობის პრინციპს. სადავო საკითხზე კანონშესაბამისი გადაწყვეტილების მიღების უზრუნველყოფა შესაძლებელია მხოლოდ საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად, რაც განსახილველ შემთხვევაში გულისხმობს, როგორც ერთ საკადასტრო კოდზე ასევე მეორე საკადასტრო კოდზე რეგისტრირებული უფლების ირგვლივ არსებული ფაქტობრივ-სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევა-შეფასებას, რაც საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს არ აქვს განხორციელებული.

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა რეგისტრაციის შესახებ (03.02.2016) გადაწყვეტილება, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე და მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დაუშვებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მითითებული საკანონმდებლო აქტის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომელიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ ადმინისტრაციული წარმოების დროს არ დაიცვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა, არ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღო ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების გარეშე. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი.

შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და მოპასუხეს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი." გადაწყვეტილება სრულად იხილეთ აქ.